2019 წლის 31 ოქტომბერი
მექსიკა
„ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოვიდა ცოცილ ენაზე
2019 წლის 25 ოქტომბერს მექსიკაში, ჩიაპასის შტატში, ტუსტლა გუტიერესის პოლიფორუმში გამართულ რეგიონულ კონგრესზე ძმა არმანდო ოჩოამ, რომელიც ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტში მსახურობს, გამოაცხადა, რომ ცოცილ ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. შეხვედრას ტრანსლაციით უსმენდა საკონფერენციო ცენტრში მყოფი აუდიტორიაც. მთლიანობაში პროგრამა მოისმინა 3 747-მა ადამიანმა.
ცოცილ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2014 წლის 26 სექტემბერს გამოიცა. მას შემდეგ მიმდინარეობს ამ თარგმანის გავრცელება ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ჩიაპასის შტატის მთიან რეგიონში. მექსიკაში მცხოვრებ 16 000 000 აბორიგენთა შორის ნახევარი მილიონი ცოცილ ენაზე საუბრობს; მათგან 2 814 იეჰოვას მოწმეა.
მთარგმენელები ბევრ სირთულეს შეხვდნენ. ამ ენაზე საკმაოდ მწირი ლიტერატურა არსებობს და ლექსიკონებიც ცოტაა. სირთულეს ისიც ქმნიდა, რომ ცოცილ ენაში შვიდი დიალექტია. ამიტომ მთარგმნელებს დიდი სიფრთხილით უნდა შეერჩიათ თითოეული სიტყვა, რათა თარგმანი ამ ენაზე მოლაპარაკე ყველა ადამიანისთვის ადვილი გასაგები ყოფილიყო.
ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ამ თარგმანში ღვთის სახელია მოხსენიებული, რაც მკითხველს ეხმარება პირადი ურთიერთობა განივითაროს ღმერთთან. ცოცილ ენაზე კიდევ ორი თარგმანი არსებობს, თუმცა მათში ღვთის სახელი მხოლოდ „გამოსვლის“ ერთ-ერთი მუხლის სქოლიოშია ნახსენები. ეს არის პირველი ცოცილენოვანი ბიბლიის თარგმანი, რომელშიც ღვთის სახელი ყველა სათანადო ადგილასაა აღდგენილი“. გარდა ამისა, ამ ენაზე მოლაპარაკე მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ „სხვა თარგმანები საკმაოდ ძვირია და ბევრი ვერ ყიდულობს მათ. ეს ბიბლიები კი ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა მსურველმა“.
ბიბლიის ეს ახალი გამოცემა უდავოდ წაადგება ცოცილ ენაზე მოლაპარაკე სულიერს მოწყურებულ ხალხს (მათე 5:3).