2019 წლის 1 ნოემბერი
მექსიკა
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მაია ენაზე
2019 წლის 25 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღე იყო მაია ენაზე მოსაუბრე 6 500 და-ძმისთვის. ამ დღეს მაია ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამ თარგმანის გამოცემა გამოაცხადა ცენტრალური ამერიკის კომიტეტის წევრმა ძმა ესტებან ბანმა მექსიკაში, ქალაქ მერიდაში (იუკატანის შტატი) გამართულ რეგიონულ კონგრესზე. ეს კონგრესი ჩატარდა მერიდას საკონგრესო დარბაზში და ტრანსლაციით გადაიცემოდა იმავე ქალაქში, „პოლიფორუმ სამნას“ დარბაზში. ბიბლიის ეს ახალი გამოცემა დიდ დახმარებას გაუწევს მექსიკასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მაია ენაზე მოსაუბრე 762 000-მდე ადამიანს.
აქამდე მაია ენაზე მოსაუბრეთათვის მხოლოდ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ იყო ხელმისაწვდომი. ეს თარგმანი 2012 წლის 14 დეკემბერს გამოიცა და თითქმის 29 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა.
ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ზოგადად, მაია ენაზე მოსაუბრე ხალხი დიდად აფასებს ბიბლიას და მას ავტორიტეტად მიიჩნევს. მაგრამ ბევრისთვის მაღალმხატვრულ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გაგება რთულია. ამიტომ ჩვენ მთელი აქცენტი იმაზე გადავიტანეთ, რომ რაც შეიძლება მარტივი და გასაგები, ყოველდღიური სასაუბრო ენა გამოგვეყენებინა“.
განსაკუთრებულ სირთულეს ის ქმნიდა, რომ მაია ენაზე სხვადასხვა კუთხესა და რეგიონში ხალხი განსხვავებულად ლაპარაკობს. ამის გათვალისწინებით, ახალ თარგმანს გარეკანზე აწერია Biblia ich maya, რაც ნიშნავს „ბიბლია მაია ენაზე“. გარდა ამისა, ამ თარგმანში შესულია 6 000-ზე მეტი სქოლიო, რომელთა შორისაც ზოგიერთში ძირითადი ტექსტის ალტერნატიული ვერსიებია შეტანილი, რათა ნებისმიერ მხარეში მცხოვრებმა მაია ენაზე მოლაპარაკე ადამიანმა ზუსტად გაიგოს ბიბლიური მონაკვეთები.ეჭვგარეშეა, ეს ახალი გამოცემა არის დროული სულიერი საზრდო, რაც უდავოდ წაადგება მაია ენაზე მოლაპარაკე და-ძმებს, როგორც ბიბლიის პირადი შესწავლის, ისე ქადაგების დროს (მათე 24:45).