2023 წლის 17 იანვარი
მექსიკა
გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მექსიკურ ჟესტურ ენაზე
2023 წლის 1 იანვარს ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა არმანდო ოჩოამ, საკონგრესო დარბაზში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ მექსიკურ ჟესტურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ეს გამოცემა მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი jw.org-სა და აპლიკაციაში „jw ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.
ცენტრალური ამერიკის ფილიალის ტერიტორიაზე პანდემიის შემდგომ ეს იყო პირველი შეხვედრა, სადაც და-ძმები ერთად შეიკრიბნენ. საკონგრესო დარბაზში პროგრამას 2 317 ადამიანი დაესწრო, ხოლო სტრიმინგის მეშვეობით მთელი მექსიკიდან ათასობით და-ძმა იყო ჩართული.
ამ შეხვედრაზე აგრეთვე ესწრებოდნენ ამერიკულ-მექსიკური ჟესტური ენების ექსპერტი, სერხიო პენა, და იუკატანის შტატის ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის დირექტორი, მარია ტერეზა ვასკესი.
სერხიო პენა აღნიშნავს: „მექსიკელი იეჰოვას მოწმეები მართლაც შექებას იმსახურებენ, მათ ხომ მთლიანი ბიბლია თარგმნეს ყრუ-მუნჯებისთვის. თავისუფლად შემიძლია ვუწოდო ამ თარგმანს ხელოვნების ნიმუში“.
მექსიკურ ჟესტურ ენაზე ბიბლიის თარგმნა 2008 წელს დაიწყო. თავიდან „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ თარგმნა მოხდა და მას შემდეგ ბიბლიის წიგნები ეტაპობრივად გამოიცემოდა. ახლა კი პირველად მექსიკურ ჟესტურ ენაზე მთლიანი ბიბლიაა ხელმისაწვდომი.
პანდემიის განმავლობაშიც გახდა ბიბლიის რამდენიმე წიგნი ხელმისაწვდომი, რამაც ჩვენს და-ძმებს ძალიან დიდი დახმარება გაუწია. ერთი ძმა ამბობს: „მადლიერი ვარ, ბიბლიის წიგნები პანდემიის პერიოდშიც რომ გამოიცემოდა. აშკარაა, იეჰოვას სურს, ძლიერი რწმენა გვქონდეს“.
ერთი და ამბობს: „სანამ ჟესტურ ენაზე ბიბლია ითარგმნებოდა, ძმებს უწევდათ ჩემთვის ბიბლიური მუხლების გადათარგმნა. თუმცა მათთვის რთული იყო, ზუსტად გადმოეცათ სათქმელი. მეც ძალიან მიჭირდა ბიბლიური მუხლების დამახსოვრება. ახლა კი სხვაზე აღარ ვარ დამოკიდებული და თავად შემიძლია ბიბლიის გაგება“.
გვჯერა, ბიბლიის ეს ახალი გამოცემა ყრუ-მუნჯ და სმენადაქვეითებულ და-ძმებს დიდ დახმარებას გაუწევს. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ მხარი დაუჭიროს მათ მომავლის შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებაში (იერემია 29:11).