2021 წლის 19 აგვისტო
მექსიკა
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მიშტეკურ ენაზე (გერერო)
2021 წლის 8 აგვისტოს ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ხოსე ნიეტომ გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მიშტეკურ ენაზე (გერერო). ამ ბიბლიის ელექტრონული ვერსიის გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელიც ტრანსლაციით გადაიცემოდა. პროგრამა 785-მა ადამიანმა მოისმინა. ფილიალის გეგმით, ეს ახალი ბიბლია 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში დაიბეჭდება და 2021 წლის დეკემბერში ან 2022 წლის იანვარში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ კრებებს მიეწოდოს.
ძმა ხოსემ თავის მოხსენებაში წაიკითხა 1 კორინთელების 14:9 და შემდეგ აღნიშნა: „ღვთის სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ ადამიანის ცხოვრება რომ შეცვალოს, მან ის მისთვის გასაგებ ენაზე უნდა წაიკითხოს, ჩვეულებრივ სასაუბრო ენაზე“.
მიშტეკური (გერერო) ტონალური ხასიათის ენაა, შესაბამისად, ტონის ცვალებადობა სიტყვის მნიშვნელობასაც ცვლის. ამ ენაზე გერეროს შტატში (მექსიკა) დაახლოებით 150 000 ადამიანი საუბრობს. გარდა ამისა, მიშტეკურ ენაზე მოსაუბრე ხალხი მექსიკისა და შეერთებული შტატების სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობს.
ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის კიდევ ერთმა წევრმა, ძმა ლასარო გონსალესმა, აღნიშნა: «მიშტეკურ ენაზე მოსაუბრე ხალხს ისეთ ტერიტორიაზე უწევს ცხოვრება, სადაც ხშირია ძალადობა და მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია. კოვიდ-19 პანდემიის გამო მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. ამ ყველაფერმა ბევრს აფიქრებინა, რომ ღმერთმა მიატოვა. თუმცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მათ ენაზე გამოცემა იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ იეჰოვას არ დავიწყებია ეს ხალხი».
ამ ახალი თარგმანის გამოცემამდე მიშტეკურ ენაზე (გერერო) ქრისტიანულ-ბერძნული წერილების მხოლოდ ორი თარგმანი არსებობდა. თითოეული თარგმანი ერთ კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები მთარგმნელების მიერ იყო შესრულებული. შესაბამისად, გამოყენებულია ისეთი სიტყვები, რომლებიც მხოლოდ მათ მხარეშია გავრცელებული. ამის გამო, სხვა ტერიტორიაზე მცხოვრებ მიშტეკურენოვან ხალხს უჭირს აზრის გაგება.
ერთ-ერთი მაგალითი, რომ ახალი თარგმანი ნამდვილად მარტივი გასაგებია, არის მათეს 5:9, სადაც ნათქვამია: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“. მიშტეკურ ენაზე არ არსებობს „მშვიდობის“ ზუსტი ეკვივალენტი. ამიტომ აზრი გასაგები რომ ყოფილიყო, ეს მუხლი ასე ითარგმნა: „ბედნიერნი არიან, ვინც ცდილობენ, თავიდან აიცილონ უსიამოვნებები“. ეს თარგმანი კარგად გადმოსცემს „მშვიდობისმყოფელის“ მნიშვნელობას.
ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: «1 პეტრეს 1:25 ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუხლია. აქ ნათქვამია, რომ „იეჰოვას სიტყვა მარადიულად რჩება“. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ვიცხოვრებდი ბიბლიის გარეშე. ვემადლიერები იეჰოვას, რომ დღემდე შემოგვინახა თავისი სიტყვა. ახლა ის მშობლიურ, მიშტეკურ ენაზეც კი გვაქვს».
კიდევ ერთი მთარგმნელი ასეთ რამეს ამბობს: «ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვიჭერდა მხარს. ვხედავ, რომ იეჰოვასთვის ენობრივი ბარიერი არ არსებობს. მან კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მის „სიტყვას ვერავინ შებორკავს“» (2 ტიმოთე 2:9).