არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 23 ივლისი
მექსიკა

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტოხოლაბალ ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტოხოლაბალ ენაზე

2021 წლის 18 ივლისს ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა არტურო მანსანარესმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტოხოლაბალ ენაზე.

ტოხოლაბალ ენაზე 66 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. მათი უმეტესობა ჩიაპასის შტატში ცხოვრობს, რომელიც გვატემალას საზღვართან, მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ბიბლიის ელექტრონული ვერსიის გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელიც დაახლოებით 2 800 დამსწრემ მოისმინა.

„რატომ გვჭირდება ტოხოლაბალ ენაზე ნათარგმნი ბიბლია?“, — იკითხა მომხსენებელმა. — „იმიტომ რომ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ბიბლია, რომელიც საკადრის პატივს მიაგებს მის ავტორს, იეჰოვას“, — აღნიშნა მან.

ერთი და, რომელიც ამ ბიბლიის თარგმანში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „ჩემს გულს ძალიან შეეხო იოანეს 5:28 და 29. წარმოვიდგინე, რომ დედაჩემს სიცოცხლე დაუბრუნდა. ეს მუხლები ბევრჯერ მქონდა წაკითხული ესპანურ ბიბლიაში, მაგრამ ახლა, როცა მშობლიურ ენაზე ვკითხულობ, მის მნიშვნელობას ბევრად უკეთ ვწვდები. დიდი მადლობა ამ ბიბლიისთვის!“.

ახალი მთარგმნელობითი ოფისი ლას-მარგარიტაში, ჩიაპასის შტატში მდებარეობს.

პროექტზე მუშაობის პერიოდში მთარგმნელობითი ჯგუფი გადავიდა ახალ მთარგმნელობითი ოფისში, რომელიც მდებარეობს ლას-მარგარიტაში, ჩიაპასის შტატში. მანამდე ტოხოლაბალენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი ცენტრალური ამერიკის ფილიალში მუშაობდა ქალაქ მეხიკოსთან ახლოს. ახალი ოფისი ფილიალიდან 990 კილომეტრის მოშორებით აშენდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტოხოლაბალ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს. მთარგმნელობით ოფისში 9 მთარგმნელი მსახურობს სრული დროით, 5 ძმა კი — სხვა განყოფილებებში. მართალია, ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს ერთმანეთის ესმით, მაგრამ სხვადასხვა მხარეში ზოგიერთ ფრაზას ან გამონათქვამს ცოტა განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნისას მთარგმნელები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ თარგმანი ზუსტი და, ამავე დროს, უმრავლესობისთვის ადვილად გასაგები ყოფილიყო.

მაგალითად, ტოხოლაბალ ენაზე შესრულებულ ბიბლიებში „ღვთის სამეფო“ ნათარგმნია როგორც „ადგილი, სადაც ღმერთი ბრძანებლობს“ ან როგორც „ღვთის ქალაქი“. მაგრამ მკითხველი ვერ იგებს ამ ფრაზის ზუსტ მნიშვნელობას. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი ეს ფრაზა გადმოტანილია როგორც „ღვთის ხელისუფლება“, რაც უფრო ადვილი გასაგებია.

„უდავოა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობდა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ნათელი, ზუსტი და ადვილად წასაკითხი ბიბლიის თარგმანში“, — აღნიშნა ერთმა დამ, რომელიც ბიბლიის გამოცემის პროგრამას ესწრებოდა. „დარწმუნებული ვარ, ეს ახალი თარგმანი ბევრი ადამიანის გულს შეეხება, რომლებიც ჯერ არ იცნობენ ღმერთს“ (საქმეები 17:27).