არჩეულ მასალაზე გადასვლა

ხანგრძლივ აღდგენით სამუშაოებში 42 000-მა მაუწყებელმა მიიღო მონაწილეობა ცენტრალურ ამერიკაში

2019 წლის 12 აპრილი
მექსიკა

იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ცენტრალურ ამერიკაში

იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ცენტრალურ ამერიკაში

2017 წელს გვატემალასა და მექსიკაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 2018 წლის დეკემბერში ჩვენმა და-ძმებმა დაასრულეს მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ამ რეგიონში.

თავდაპირველად ცენტრალური ამერიკის ფილიალმა ორგანიზება გაუწია რამდენიმე შეხვედრას, რათა გაემხნევებინათ სტიქიით დაზარალებული და-ძმები. შეხვედრები ჩატარდა შემდეგ შტატებში: ჩიაპასში, მორელოსში, ოახაკაში, პუებლაში და ქალაქ მეხიკოში. ფილიალის ხელმძღვანელობით 39 დახმარების კომიტეტი იყო ჩართული აღდგენით სამუშაოებში.

ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრი ხესე პერესი ხვდება სტიქიით დაზარალებულ მაუწყებლებს მორელოსის შტატში

ორი ძმა მუშაობს საკონგრესო დარბაზის სახურავის კარკასზე

მექსიკაში 42 000 მაუწყებელი იყო 10 შტატიდან ჩართული ამ მნიშვნელოვან საქმეში. მოხალისეებმა ხელახლა ააშენეს 619 სახლი, 5 სამეფო დარბაზი და 2 საკონგრესო დარბაზი. გარდა ამისა, მათ შეაკეთეს 502 სახლი და 53 სამეფო დარბაზი. გვატემალაში მოხალისეებმა 10 სახლი ააშენეს.

მათ შორის, ვისაც ჩვენმა და-ძმებმა დახმარება გაუწიეს, იყვნენ ჰერნანდესებისა და სანტიაგოების ოჯახები.

ჰერნანდესების ოჯახი აღდგენილი სახლის წინ

ჰერნანდესების ოჯახი ცხოვრობს მეხიკოდან 40 კილომეტრში, ქალაქ ჩალკოში. 2017 წლის 19 სექტემბერს მიწისძვრამ მათი სახლი მიწასთან გაასწორა. და ანა მარია ჰერნანდესი იხსენებს: „ამ რთული პერიოდის განმავლობაში არაფერი მოგვკლებია; ძმები ყველანაირად ზრუნავდნენ ჩვენზე. ახლაც თვალწინ მიდგას ის სურათი, თუ როგორ ფუსფუსებდა 50 მოხალისე ჩვენს ეზოში და როგორ გვიშენებდა სახლს. მეზობლები დღემდე გაოგნებულები არიან“. გარდა ამისა, ჰერნანდესების ოჯახს ესტუმრა ცენტრალური ამერიკის ფილიალის წარმომადგენელი და ბიბლიური აზრებით ანუგეშა ისინი.

სანტიაგოების ოჯახი ახალი სახლის წინ

სანტიაგოების ოჯახი, რომელიც ქალაქ ხუჩიტანში (ოახაკას შტატი) ცხოვრობს, 2017 წლის 7 სექტემბერს მომხდარმა მიწისძვრამ, ღია ცის ქვეშ დატოვა. თუმცა ექვსთვიანი მუშაობის შედეგად და-ძმებმა მათ ახალი სახლი აუშენეს. ოჯახის უფროსი, ძმა ვიქტორ სანტიაგო იხსენებს: „ისე სწრაფად აღმოგვიჩინა ჩვენი ღვთის, იეჰოვას, ორგანიზაციამ დახმარება, რომ გაოცებული ვიყავი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღმერთი ყველაფერს აკონტროლებს“.

ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ხესე პერესმა აღნიშნა: „ამ ორი მიწისძვრის გამანადგურებელმა შედეგებმა საკმაოდ დიდი მასშტაბები მოიცვა. თუმცა, შექმნილმა ვითარებამ კარგი შესაძლებლობა მისცა უამრავ მაუწყებელს, მონაწილეობა მიეღო ხანგრძლივ აღდგენით სამუშაოებში და დაზარალებული და-ძმები თავიანთ გულწრფელ სიყვარულში დაერწმუნებინათ. აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს „სამადლო საქმე“ (2 კორინთელები 8:1—4).