არჩეულ მასალაზე გადასვლა

ეს სახლი ჰუიჩოლელმა თავდამსხმელებმა გაძარცვეს — ჩამოხსნეს კარები, ფანჯრები და სახლს სახურავი ახადეს. მეორე სურათი: ჰუიჩოლელ მოწმეთა კრების წევრები, რომლებიც სახლებიდან გააძევეს

2018 წლის 6 თებერვალი
მექსიკა

მექსიკის შტატ ხალისკოში იეჰოვას მოწმეები თავიანთი სახლებიდან გააძევეს

მექსიკის შტატ ხალისკოში იეჰოვას მოწმეები თავიანთი სახლებიდან გააძევეს

მეხიკო — 2017 წლის 4 დეკემბერს ხალისკოს შტატის მთიან რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ ტუქსპან დე ბოლანოსში გახელებული ბრბო თავს დაესხა 12 იეჰოვას მოწმეს, რომლებიც ჰუიჩოლთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, და სახლებიდან გააძევა. ბრბო მსგავსადვე მოექცა კიდევ 36 ადამიანს, რომლებიც მოწმეებთან ურთიერთობდნენ. თავდამსხმელები იმან განარისხა, რომ მოწმეებმა მონაწილეობა არ მიიღეს ჰუიჩოლი ხალხის რელიგიურ რიტუალებში. დაზარალებულმა და-ძმებმა დახმარებისთვის უფლებამოსილ პირებს მიმართეს.

ნივთები, რომლებიც მოწმეებს ჩამოართვეს ან გადაუყარეს

მექსიკის ხელისუფლება პატივს სცემს ჰუიჩოლთა თემის კულტურასა და ტრადიციებს, ამიტომ თვითმმართველობის საკითხებში მათ გარკვეულ თავისუფლებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკვეთას ასრულებდნენ. მათ მოწმეების სახლები გაძარცვეს — ჩამოხსნეს კარები, ფანჯრები და სახლებს სახურავები ახადეს; მოწმეების ქონების ნაწილი კი გადაყარეს. თავდამსხმელებმა ძმები ტყეში წაიყვანეს და დაემუქრნენ, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში მოკლავდნენ.

ჰუიჩოლელი მოწმეები სამეფო დარბაზის შესასვლელში

მეხიკოში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი დაზარალებულ მოწმეებთან ჩავიდა, რათა ისინი სულიერად გაემხნევებინა და მათ დაბინავებაზე ეზრუნა. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეების იურისტები შეხვდნენ ხალისკოს ხელისუფლების წარმომადგენელს, ადამიანის უფლებათა დამცველს, საოლქო პროკურორსა და უსამართლობის მსხვერპლთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს. ამჟამად მომხდარს ეს უფლებამოსილი პირები იძიებენ.

მეხიკოში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი გამალიელ კამარილო აღნიშნავს: „შეძრწუნებული ვართ, რომ ჩვენს თანამორწმუნეებს, რომლებიც ყველასთან მშვიდობიანად არიან და პატივს სცემენ ადგილობრივ ტრადიციებს, მხოლოდ იმიტომ დაესხნენ თავს, რომ მათ სინდისმა არ მისცა უფლება, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ რელიგიურ რიტუალებში. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სათანადო ზომებს მიიღებენ რელიგიური ნიშნით დევნის შესაჩერებლად“.

გულმხურვალედ ვლოცულობთ ჩვენი თანამორწმუნეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სახლები და ქონება და გვჯერა, რომ იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით სათანადო დახმარებას აღმოუჩენს მათ (ესაია 32:2).

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

მეხიკო: გამალიელ კამარილო, ტელ. +52-555-133-3048