არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 2 ნოემბერი
მიკრონეზია

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს გამანადგურებელმა ტაიფუნმა „იუტუმ“ გადაუარა

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს გამანადგურებელმა ტაიფუნმა „იუტუმ“ გადაუარა

2018 წლის 24 ოქტომბერს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს ძლიერმა, მეხუთე კატეგორიის სუპერ ტაიფუნმა „იუტუმ“ გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ყველაზე დიდი კუნძულები, საიპანი და ტინიანი, სადაც ქარიშხლის სიჩქარე საათში 280 კილომეტრს აღწევდა. დაინგრა სახლები და ათასობით მაცხოვრებელს შეუწყდა ელექტროენერგია.

მიკრონეზიის ფილიალი, რომელიც ზედამხედველობს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს, იტყობინება, რომ არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა და არც დაშავებულა. თუმცა, მთლიანად დაინგრა მოწმეების 15 სახლი, 40 — კი დაზიანდა. გარდა ამისა, მცირე ზიანი მიადგა საიპანში არსებულ მისიონერთა სახლს და სამეფო დარბაზებს როგორც საიპანში, ასევე ტინიანში.

სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ადგილობრივი მაუწყებლები ზრუნავენ იმ და-ძმებზე, რომელთაც მოუწიათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება. უახლოეს მომავალში ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი მოინახულებს სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს და სულიერ დახმარებას გაუწევს.

ვლოცულობთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ამ და-ძმებზე. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“. გვჯერა, რომ ის „მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 145:18, 19).