22 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
მოზამბიკი
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩანგანა ენაზე
2023 წლის 18 ივნისს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჩარლზ ფონსეკამ, ქალაქ მაპუტუში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ ჩანგანა ენაზე (მოზამბიკი) გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ბიბლიის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები 16 245 დამსწრისთვის მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.
ჩანგანა ენაზე (მოზამბიკი) თითქმის 4,2 მილიონი ადამიანი საუბრობს მოზამბიკის უკიდურეს სამხრეთში მდებარე მაპუტუსა და გაზის პროვინციაში. ამ ენაში არაერთი დიალექტია, ამიტომ მთარგმნელები ისეთი სიტყვების გამოყენებას შეეცადნენ, რომლებიც ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩანგანაენოვანი ადამიანისთვის გასაგები იქნებოდა.
ამ თარგმანის გამოცემამდე და-ძმები ჩანგანას მონათესავე ენაზე, ტსონგაზე, ნათარგმნ ბიბლიას იყენებდნენ, რის გამოც ზოგი ვერ იგებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ერთმა მთარგმნელმა აღნიშნა: „ამ თარგმანის დახმარებით სასიხარულო ცნობა უფრო ადვილად მიაღწევს ჩანგანაენოვანი ხალხის გულამდე“.
კიდევ ერთმა მთარგმნელმა თქვა: «ბიბლიის ზოგ თარგმანში გამოყენებულია სიტყვა „სული“, რომელიც არასწორად აღიქმება ჩანგანაენოვან ხალხში და იმ აზრს ტოვებს, რომ სული სხეულის გარეშეც აგრძელებს სიცოცხლეს. თუმცა ამ ახალ თარგმანში ნათლად არის გადმოცემული, რომ სიკვდილის შემდეგ სული წყვეტს არსებობას».
გვახარებს, რომ იეჰოვამ თავისი სიტყვის მეშვეობით მეტი ნათელი მოჰფინა ჭეშმარიტებას ჩანგანაენოვანი ხალხისთვის (ფსალმუნი 43:3).