არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 17 ნოემბერი
მოზამბიკი

გამოიცა „მათეს სახარება“ გიტონგა და რონგა ენებზე

გამოიცა „მათეს სახარება“ გიტონგა და რონგა ენებზე

2020 წლის 14 და 15 ნოემბერს გამოცხადდა, რომ გამოიცა ბიბლიის წიგნ „მათეს სახარების“ ელექტრონული ვერსია გიტონგა და რონგა ენებზე, რომლებზეც საუბრობენ სამხრეთ მოზამბიკში. გიტონგა ენაზე მოსაუბრე 524 მაუწყებლისა და რონგა ენაზე მოსაუბრე 1 911 მაუწყებლისთვის ბიბლიის ამ წიგნის გამოცემა დროული საჩუქარია იეჰოვა ღმერთისგან.

მაუწყებლებმა პირდაპირი ტრანსლაციით უყურეს წინასწარ ჩაწერილ პროგრამას, სადაც მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ამარუ ტაშარემ ამ გამოცემის შესახებ გამოაცხადა. გარდა ამისა, ძმებს ნება დართეს, რომ ეს პროგრამა გადაცემულიყო სახელმწიფო ტელევიზიითა და რამდენიმე ადგილობრივი რადიომაუწყებლობის მეშვეობით. „მათეს სახარება“ აგრეთვე გამოიცემა 64-გვერდიანი ბუკლეტის სახით, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას ხელი არ მიუწვდება ელექტრონულ ვერსიაზე.

ძმა ამარუ ტაშარე ამბობს: „ბიბლია და რელიგიური შინაარსის ლიტერატურა ამ ენებზე ძალიან მწირი რაოდენობით არის გამოცემული. გვიხარია, რომ გამოიცა „მათეს სახარება“, რადგან ბიბლიის ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, როგორიცაა მაგალითად, იესოს გენეალოგია და დაბადება, მთაზე ქადაგება და ბოლო დღეებთან დაკავშირებული დრამატული წინასწარმეტყველებები“.

ერთ-ერთმა მთარგმნელმა ამ ზუსტი და ადვილად გასაგები თარგმანის შესახებ აღნიშნა: «ბიბლიის წიგნ „მათეში“ უხვადაა თავმოყრილი ბიბლიური სწავლებები. წარმომიდგენია, რამდენ მკითხველს მოადგება თვალზე მადლიერების ცრემლები, როდესაც მთაზე ქადაგებას მშობლიურ ენაზე წაიკითხავენ».

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დაახლოებით 224 000 ადამიანი საუბრობს გიტონგა ენაზე, რონგა ენაზე კი — 423 000. ვიმედოვნებთ, რომ ბიბლიის ეს თარგმანები მრავალ ადამიანს აპოვნინებს გზას, „რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი“ (მათე 7:14).