4 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
მოზამბიკი
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ გიტონგა ენაზე
2023 წლის 30 აპრილს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა უეინ რიჯვეიმ, გამოაცხადა, რომ გიტონგა ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“. ეს სპეციალური შეხვედრა, რომელსაც 920 ადამიანი დაესწრო, გაიმართა ინიამბანეს პროვინციაში, ქალაქ მაშიშეში (მოზამბიკი). ამ გამოცემის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.
გიტონგა ენა ინიამბანეს პროვინციაში წარმოიშვა, სადაც ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ეს ენა დაახლოებით 327 000 ადამიანისთვის მშობლიურია და მასზე, ძირითადად, ომონის, ჟანგამუს, მაშიშეს და მორუმბინეს რაიონებში საუბრობენ.
გიტონგა ენაზე შესრულებული ბიბლიის სხვა თარგმანები რთული გასაგები იყო. ამ ახალმა გამოცემამ და-ძმები ძალიან გაახარა, რადგან მასში ნათლად არის გადმოცემული ბიბლიური ჭეშმარიტება. ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „მამა შვილებს ყოველთვის მარტივი ენით ესაუბრება. ახლა ჩვენთვისაც მარტივი გასაგებია ჩვენი მოსიყვარულე მამის სიტყვები“.
ძმა უეინმა ბიბლიის გამოცემისას ასეთი რამ თქვა: „თუ ღმერთთან მეგობრობა გვსურს, მხოლოდ ჩვენ კი არ უნდა ვესაუბროთ ლოცვებში, არამედ მასაც უნდა მივცეთ საუბრის საშუალება თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით. მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალევე დაიწყოთ ამ ახალი თარგმანის კითხვა და ყოველდღე იკითხოთ ის“.
ჩვენც ვიზიარებთ გიტონგა ენაზე მოსაუბრე ხალხის სიხარულს და ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც მხარი დაუჭიროს მათ სამქადაგებლო საქმეში (რომაელები 12:15).