2020 წლის 18 აგვისტო
მოზამბიკი
გამოიცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ჩანგანა და მაკუა ენებზე
2020 წლის 15 და 16 აგვისტოს გამოცხადდა, რომ მოზამბიკში მცხოვრები მაუწყებლები ჩანგანა და მაკუა ენებზე მიიღებდნენ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ (ელექტრონული ვერსია). ჩანგანა ენაზე 8 000-ზე მეტი მაუწყებელი საუბრობს, ხოლო მაკუა ენაზე — 1 700-ზე მეტი.
ბიბლიის გამოცემა მაუწყებლებს მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, დეივიდ ამორიმმა, წინასწარ მომზადებული ჩანაწერის დახმარებით აუწყა. მოგვიანებით ძმებმა ნებართვა მიიღეს, რომ ეს ჩანაწერი ადგილობრივი ტელევიზიით და 30-ზე მეტი რადიოსადგურის მეშვეობითაც გადაეცათ.
ჩანგანა ენაზე საუბრობს სამხრეთი მოზამბიკის ორ რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 1,9 მილიონი ადამიანი. ჩანგანა ენა ენათესავება ტსონგა ენას, რომელზეც მეზობლად მდებარე სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში საუბრობენ.
მაკუაენოვანი ხალხი ჩრდილოეთი მოზამბიკის რეგიონებში სახლობს. მაკუა ენაზე დაახლოებით 5,8 მილიონი ადამიანი საუბრობს. ეს ენა მოზამბიკში არსებულ ენათა შორის ყველაზე გავრცელებულია.
წლების განმავლობაში ზემოთ მოხსენიებულ ენებზე მოსაუბრე მაუწყებლებისთვის მშობლიურ ენაზე ბიბლიის შეძენა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ მათ ენაზე არსებული ბიბლია საკმაოდ ძვირი ღირდა; ამასთანავე, ვინც ბიბლიებს ყიდდნენ, არ სურდათ, რომ ბიბლია იეჰოვას მოწმეებისთვის მიეყიდათ. აი რას იხსენებს ერთი მთარგმნელი: „ზოგ კრებას მხოლოდ ერთი ბიბლია ჰქონდა, რომელიც დარბაზში ინახებოდა. ამ ბიბლიით მომხსენებლები და დავალებით გამომსვლელები სარგებლობდნენ“.
მთელი გულით ვიზიარებთ ჩანგანა და მაკუაენოვანი და-ძმების სიხარულს, რომლებმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ საკუთარ ენაზე მიიღეს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ბიბლია დიდ დახმარებას გაუწევს ბევრ ადამიანს ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში (1 ტიმოთე 2:3, 4).