არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ამარო ტაშარე აცხადებს ნდაუ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გამოცემის შესახებ.

2021 წლის 2 მარტი
მოზამბიკი

უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოზამბიკში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა მთარგმნელობით ისტორიაში

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უკვე 200 ენაზეა ხელმისაწვდომი

უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოზამბიკში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეთა მთარგმნელობით ისტორიაში

2021 წლის 28 თებერვალს გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნდაუ ენაზე. ამ გამოცემის შემდეგ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სრულად თუ ნაწილობრივ უკვე 200 ენაზეა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, სულ რაღაც ერთი დღის წინ, 27 თებერვალს, „ბიბლია — მათეს სახარება“ გამოიცა შუაბუ ენაზე.

ამ ორი ახალი თარგმანის გამოცემის შესახებ გამოაცხადა მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ამარო ტაშარემ, წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით, რომელიც კრებებში ტრანსლაციით გადაიცემოდა. გარდა ამისა, პროგრამა გადაიცემოდა სახელმწიფო ტელემაუწყებლობისა და რამდენიმე ადგილობრივი რადიომაუწყებლობის მეშვეობით. „ბიბლია — მათეს სახარება“ შუაბუ ენაზე აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება 64-გვერდიანი ბროშურის სახითაც, სპეციალურად მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ელექტრონული ფორმატის პუბლიკაციებზე.

შუაბუ ენაზე დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ზამბეზიის პროვინციაში. მთლიანობაში 492 მაუწყებელი მსახურობს შუაბუენოვან ველზე.

ძმა ნიკოლას ახლადისმა, რომელიც მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში მსახურობს მსოფლიო მთავარ სამმართველოში, აღნიშნა: „შუაბუ ენაზე მათეს სახარების გამოცემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია. წინამორბედი თარგმანი ძალიან რთული გასაგები იყო“.

ნდაუ ენაზე დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი საუბრობს მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილში. მათ შორისაა 1 500 მაუწყებელი.

პროექტზე მუშაობის დროს სამი გამანადგურებელი მოვლენა მოხდა ქვეყანაში. 2019 წელს ციკლონმა „იდაიმ“ დიდი ზიანი მიაყენა მოზამბიკს. მომდევნო წელს კი, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მოზამბიკშიც იფეთქა კოვიდ-19 პანდემიამ. 2021 წლის დასაწყისში კი ციკლონმა „ელოისმა“ მიაყენა უდიდესი ზიანი ქვეყანას. ამ სირთულეების მიუხედავად ხუთი წევრისგან შემდგარმა მთარგმნელობითმა ჯგუფმა ორწელიწად-ნახევარში დაასრულა თარგმანზე მუშაობა.

ნდაუ მთარგმნელობითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ამბობს: „როცა შედეგს ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი სირთულის ფონზე საქმე ბოლომდე მივიდა. ჩემთვის ეს სასწაულია. ამის მიღწევა ჩვენი ძალებით უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“.

ძმა ახლადისი დასძენს: «ბოლო დროის განმავლობაში ჩვენი ნდაუენოვანი ძმები, მათ შორის მთარგმნელები, უამრავ სირთულეს შეხვდნენ, რამაც ცოტა გააჭიანურა ბიბლიის თარგმნის პროცესი. მაგრამ შედეგი მიღწეულ იქნა! ეს ადვილად გასაგები „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმანი“, რომელიც უდიდესი საჩუქარია ჩვენი და-ძმებისთვის, ძალიან გაამხნევებს და დიდ ნუგეშს მოჰგვრის ნდაუენოვან საზოგადოებას».

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, აღნიშნა: «ბიბლიის თარგმანის ყველა პროექტის განხორციელებას სჭირდება თავგანწირვა და ამ პროცესს ყოველთვის თან ახლავს გარკვეული სირთულეები. ბიბლიის ნდაუ ენაზე თარგმნის პროცესში მთარგმნელები არაერთ სირთულეს შეხვდნენ, რასაც დაემატა სტიქიური უბედურებები. ამიტომ, სასიხარულოა, რომ სწორედ ნდაუ იყო მე-200 ენა, რომელზეც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოიცა. გვჯერა, რომ ეს თარგმანი ბევრ კურთხევას მოუტანს მრავალრიცხოვან ნდაუენოვან საზოგადოებას მოზამბიკში».

ვხარობთ ჩვენს საყვარელ და-ძმებთან ერთად ახალი ბიბლიების გამოცემის გამო. ცხადია, ვერც მიმდინარე პანდემია და ვერც სხვა რამ ვერ შეუშლის იეჰოვას ხელს თავისი ნების შესრულებაში (ესაია 43:13).