არჩეულ მასალაზე გადასვლა

ადგილობრივი და-ძმები ადვოკატებთან ერთად პირველი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლოს შენობის წინ მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში

2018 წლის 24 აგვისტო
მონღოლეთი

რელიგიური თავისუფლების მოპოვება მონღოლეთში: იეჰოვას მოწმეებმა რეგისტრაცია განაახლეს

რელიგიური თავისუფლების მოპოვება მონღოლეთში: იეჰოვას მოწმეებმა რეგისტრაცია განაახლეს

იეჰოვას მოწმეებმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში 2018 წლის 14 ივნისს ქალაქის მუნიციპალური საბჭოსგან მიიღეს ოფიციალური მოწმობა იმის დასტურად, რომ შეეძლოთ რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის განახლება.

იეჰოვას მოწმეების კანონიერი საქმიანობის განახლების დამადასტურებელი მოწმობა ულან-ბატორში

მონღოლეთში რელიგიურ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, ყოველწლიურად განაახლონ რეგისტრაცია და ჩვენი ძმები ამ პროცედურას წარმატებით ართმევდნენ თავს 1999 წლიდან მოყოლებული. თუმცა 2015 წელს ულან-ბატორის მუნიციპალურმა საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩვენი ძმების მოთხოვნა რელიგიური გაერთიანების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ. 2017 წლის იანვარში კი ქალაქის საბჭომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირს ოფიციალურად გაუუქმდა რელიგიური საქმიანობის განხორციელების ნებართვა. საბჭოს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს იმ მტკიცებულებების გასაჯაროებაზე, რომელთა საფუძველზეც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ძმებმა ქალაქის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ადმინისტრაციულ სასამართლოში გამართული პროცესების დროს ქალაქის მუნიციპალური საბჭოს ადვოკატმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი რუსეთის ფედერაციაში იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ. საპასუხოდ ჩვენმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არაერთი ქვეყნის კრიტიკის საგანს წარმოადგენდა და უკანონოდ იქნა მიჩნეული საერთაშორისო სასამართლოების მიერ. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე დამსწრეთ შეახსენეს, რომ ულან-ბატორის მუნიციპალურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მანამ მიიღო, სანამ რუსეთის უზენაესი სასამართლო გამოიტანდა განაჩენს. ამიტომ ეს მტკიცებულება ვერ ჩაითვლებოდა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად.

ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა ქალაქის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ საბჭო მოქმედებდა უსაფუძვლო ფაქტებზე დაყრდნობით და ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა მოწმეთა ზიანის მომტანი საქმიანობის დასადასტურებლად. სასამართლომ აგრეთვე განაცხადა, რომ ქალაქის მუნიციპალურმა საბჭომ დაარღვია ძმების ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების უფლება.

ჯეისონ უაიზმა, იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთმა ადვოკატმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „მართალია, იურიდიულ რეგისტრაციაზე არ არის დამოკიდებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მაგრამ რეალობა ისაა, რომ რეგისტრაციის გარეშე ხშირად სირთულეს წარმოადგენს რელიგიური საქმიანობის განხორციელება. სხვა დადებით მხარეებთან ერთად, იურიდიული რეგისტრაცია საშუალებას გვაძლევს, თავისუფლად შევიტანოთ ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა ქვეყანაში, ვფლობდეთ თაყვანისმცემლობის ადგილებს და ვიქირაოთ შენობები კონგრესების ჩასატარებლად. მოხარულები ვართ, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბათილად ცნო ულან-ბატორის მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილება და აღიარა, რომ საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უარყოფით გავლენას მოახდენდა რელიგიისა და შეკრების თავისუფლების უფლებაზე მონღოლეთში“.