2021 წლის 9 აგვისტო
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძმა როსტომ ასლანიანის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას
რელიგიური თავისუფლების მოპოვება დნესტრისპირეთში
2021 წლის 13 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმა როსტომ ასლანიანის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამ საქმესთან დაკავშირებული იყო ორი ქვეყანა: მოლდოვა და რუსეთი. ძმა როსტომი სამართალდამცავებმა დნესტრისპირეთში (დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა) სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს. ამ გამარჯვებამ დნესტრისპირეთში რელიგიის თავისუფლების ერთგვარი პრეცედენტი შექმნა.
საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვას ნაწილია, მაგრამ ამ მხარეში რუსეთს სამშვიდობო ძალები ჰყავს შეყვანილი. ორივე ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის წევრია, ამიტომ ვალდებულები არიან, პატივი სცენ სინდისის თავისუფლებას.
2010 წელს ძმა როსტომი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რაზეც მან მრწამსის გამო უარი განაცხადა და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მოითხოვა. 2011 წლის 29 მარტს მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ის დამნაშავედ ცნეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან სასჯელი სრულად მოიხადა. საბოლოოდ, მისი საქმე განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაეგზავნა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებები და განაცხადა, რომ ძმა როსტომი უკანონოდ იყო დაკავებული რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ რუსეთი უზრუნველყოფდა დნესტრისპირეთში სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტროლს. შესაბამისად, ამ საქმეზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დაეკისრა და არა მოლდოვას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა დაარღვიეს ძმა როსტომის რელიგიური თავისუფლება, როცა მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამიტომ რუსეთის მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს ძმა როსტომს.
გვახარებს, რომ ამ გადაწყვეტილების წყალობით ძმები დნესტრისპირეთში თავიანთი უფლებების დაცვას შეძლებენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და განსაცდელების დროს ყოველთვის გვიცავს (ფსალმუნი 18:25).