2021 წლის 1 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ამოქმედდა ახალი ვებგვერდი JW Stream-Studio
მაუწყებლებს უკვე შეუძლიათ ადგილობრივ სარაიონო კონგრესებს პირდაპირ ეთერში უყურონ
ბოლო პერიოდში იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს ახალი ვებგვერდი JW Stream-Studio, რათა და-ძმებს შეძლებოდათ სარაიონო კონგრესების პირდაპირი ტრანსლაციით ყურება ონლაინ რეჟიმში. ასეთი სახით 2021 წლის 6 და 7 მარტს 340 სარაიონო კონგრესი ჩატარდა მთელ მსოფლიოში. ამ კონგრესებს 500 000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა.
პანდემიის დაწყებიდან მალევე ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტმა მსოფლიო მთავარი სამმართველოს სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას სთხოვა, შეექმნა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სარაიონო ზედამხედველების ხელმძღვანელობით ჩატარდებოდა სარაიონო კონგრესები პირდაპირი ტრანსლაციით. მიზანი ის იყო, რომ ამ ვებგვერდის მეშვეობით ათასობით ადამიანს შეძლებოდა პროგრამის ყურება პირდაპირ ეთერში.
სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებამ და-ძმების პატარა ჯგუფი გამოყო აღნიშნულ პროექტზე სამუშაოდ. მუშაობის პროცესში მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ რამდენიმე არც ისე ადვილი მოთხოვნა.
მაგალითად, ახალი ვებგვერდი ადვილი გამოსაყენებელი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, მათ შორის იმ და-ძმებისთვის, რომლებსაც უჭირთ ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობა. გარდა ამისა, ნელი ინტერნეტის დროსაც კი მას გამართულად უნდა ემუშავა. ამასთანავე, სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მთავარი სამმართველოს კომპიუტერულ განყოფილებასთან ერთად მუშაობდა იმაზე, რომ სერვერები საკმარისი რაოდენობით ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რათა პრობლემები არ შექმნილიყო, როცა ათასობით ადამიანი ერთდროულად შევიდოდა ამ ვებგვერდზე.
„ისეთი საშუალების შექმნა, რომელიც ერთდროულად ასობით კონგრესის ჩატარებას გახდიდა შესაძლებელს, რთულიც იყო და ამავდროულად სასიხარულოც“, — აღნიშნავს ალექს ჰერნანდესი, სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელი. ის დასძენს: „პროგრამისტების პატარა ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ბევრი მათგანი პირველად იღებდა მონაწილეობას ისეთი ვებგვერდის შექმნაში, რომელიც პროგრამის პირდაპირ ეთერში გადაცემას გახდიდა შესაძლებელს“.
2020 წლის მაისში სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებამ დაასრულა მუშაობა ახალი ვებგვერდის, JW Stream-Studio-ს, პირველად დიზაინზე. ხუთი თვის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, სამაუწყებლო ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებამ დაიწყო ამ ვებგვერდის ტესტირება ექვს ქვეყანაში სარაიონო ზედამხედველების დახმარებით. ასეთი შემოწმებების შედეგად ძმებმა დაინახეს, რა პრობლემები შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით და წინასწარ, ვებგვერდის ამოქმედებამდე, გადაჭრეს ეს პრობლემები. 17-კაციანი ჯგუფი მზად იყო ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად, როცა ახალი ვებგვერდის მეშვეობით პირველად მოხდებოდა კონგრესების პირდაპირი ტრანსლაციით გადაცემა მსოფლიო მასშტაბით.
ალექსი აღნიშნავს: „ყოველი პრობლემის დროს ვჩერდებოდით და ვლოცულობდით. როცა გამოსავალს ვიპოვიდით, ვრწმუნდებოდით, რომ იეჰოვა გვიჭერდა მხარს“.
უამრავმა და-ძმამ უკვე გამოხატა მადლიერება ამ ახალი ვებგვერდისთვის.
კოლუმბიაში მცხოვრები ერთი ძმა, ხირო ესპინოსა შემდეგ სიტყვებს ამბობს: „ვიგრძენით, რომ JW Stream-Studio-ს მეშვეობით მოსმენილმა კონგრესმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ქრისტიანული ერთობა და და-ძმები კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. გარდა ამისა, ვიცოდით, რომ პროგრამა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, რაც გვეხმარებოდა იმაში, რომ ყურადღება არაფერს გაეფანტა და გულისყურით მოგვესმინა წარმოდგენილი მოხსენებები. არ გვინდოდა, რაიმე გამოგვრჩენოდა. ეს იეჰოვასგან დიდი კურთხევა იყო!“.
შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, მაგალი რეიმუნდო აღნიშნავს: „ვიცი, რომ წინასწარ ჩაწერილი კონგრესის დროსაც იგივე ინფორმაციას მივიღებდით, თუმცა ძალიან ვისიამოვნე, როცა პირდაპირ ეთერში ვხედავდი გამომსვლელების ნაცნობ სახეებს“.
JW Stream-Studio-ს მეშვეობით უკვე 800-ზე მეტი სარაიონო კონგრესი ჩატარდა. მთელი გულით ვემადლიერებით იეჰოვას ამ ახალი საშუალებისთვის, რომლითაც გვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი სიმტკიცე და ერთობა (ფსალმუნი 133:1).