2022 წლის 12 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიდევ სამ ენაზე გამოიცა ბრაილის შრიფტით
გასული თვეების განმავლობაში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიდევ სამ ენაზე გამოიცა ბრაილის შრიფტით. ეს ენებია: გერმანული, კორეული და უკრაინული. ელექტრონული ფორმატი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org. კორეულად და უკრაინულად ბიბლიის ელექტრონული ფაილების წაკითხვა შესაძლებელია ბრაილის წამკითხველი პორტატიული მოწყობილობის მეშვეობით, გერმანულ ენაზე კი — ეკრანის წამკითხველით.
მართალია, უსინათლოები ხშირად იყენებენ აუდიოპუბლიკაციებსა და ელექტრონულ წამკითხველებს, მაგრამ ბევრისთვის ბეჭდური ვერსიების გამოყენება უფრო კომფორტულია. გერმანულ ენაზე ბრაილის შრიფტით გამოცემული ბიბლიის პირველი ტომები უკვე ხელმისაწვდომია ბეჭდური ვერსიით და ისინი უკვე გაეგზავნათ მაუწყებლებს. კორეულ ენაზე ბეჭდურ ვერსიებს მაუწყებლები მომდევნო თვეებში მიიღებენ. რაც შეეხება უკრაინას, საომარი მოქმედებების გამო ბეჭდური ბიბლიების დარიგება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ბრაილის შრიფტით ბიბლიის მოსამზადებლად ტექსტი ბრაილის შრიფტზე გადაყავთ. რაც შეეხება რუკებსა და დიაგრამებს, ისინი ისეთი ფორმატით მზადდება, რომელიც უსინათლოებისთვის უფრო ადვილად აღსაქმელს ხდის მასალას.
გერმანიაში მცხოვრები ერთი უსინათლო და აღნიშნავს: „როცა ვკითხულობ, მასალა კარგად მამახსოვრდება. კითხვას მოსმენას ვერც კი შევადარებ. ვგრძნობ, რომ იეჰოვასადმი ჩემი მადლიერება და ნდობა კიდევ უფრო გაღრმავდა“.
ბრაილის შრიფტით ბიბლიები უოლკილში (ნიუ-იორკი) იბეჭდება სპეციალური საბეჭდ მანქანაზე. შემოწმების შემდეგ ის ტომებად იკინძება და ფილიალებს ეგზავნება. ბრაილის შრიფტზე გამოცემული მთლიანი ბიბლია შეიძლება 30 ტომზე მეტსაც კი შეადგენდეს და ერთმანეთზე დალაგებული სიმაღლეში ორ მეტრს აღწევდეს.
ერთი ჩვენი თანაქრისტიანი, რომელსაც კორეული ბიბლიის ბრაილის შრიფტზე გადაყვანა ევალებოდა, აღნიშნავს: „როდესაც ვფიქრობთ, როგორ დააახლოებს ეს ბიბლია ჩვენს უსინათლო და-ძმებს იეჰოვასთან და როგორ ანუგეშებს მათ, იეჰოვას მიმართ მადლიერება ერთიორად გვიღრმავდება“.
დარწმუნებული ვართ, რომ ბრაილის შრიფტით გამოცემული ეს ახალი ბიბლიები დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს უსინათლო და-ძმებს, რადგან იეჰოვა სიკეთეს არ აკლებს მათ (ფსალმუნი 107:9).