7 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
განახლებული ექსკურსიები ბეთელებში
2023 წლის 1 ივნისს მთელ მსოფლიოში კვლავ გაიღო ბეთელის კარი დამთვალიერებლებისთვის. კორონავირუსის გამო სამ წელზე მეტხანს ექსკურსიები არ ტარდებოდა. ასე რომ, ეს დღე განსაკუთრებული იყო, როგორც ბეთელის ოჯახის წევრებისთვის, ისე ათასობით დამთვალიერებლისთვის.
ბეთელის ოჯახის წევრები ვიზიტორებს თბილად დახვდნენ, ხელში ბანერები ეჭირათ და სიმღერებს მღეროდნენ. ელის ბოტი, რომელმაც პანდემიის დროს დაიწყო მთავარ სამმართველოში მსახურება, ამბობს: „გასაოცარი დასანახი იყო, როგორ ელოდებოდნენ ბეთელელები ბანერებით ხელში სტუმრებს. სიხარულისგან ვტიროდი. ბეთელი განსაკუთრებული ადგილია“. ერთი ბეთელის შტატგარეშე თანამშრომელი ალექს ალექსანდერი სიხარულით ეგებებოდა მისულ სტუმრებს. ის აღნიშნავს: „ცხადად ვხედავდით, რამდენად უყვართ და-ძმებს იეჰოვა და მისი სახლი“.
მი-იონ ჯო ძალიან გახარებული იყო, რომ, როგორც იქნა, მიიყვანა თავისი რვა წლის ვაჟი, იუნი, სამხრეთ კორეის ბეთელში. იუნის სიხარულისგან ღამეც კი არ ეძინა. მი-იონი ამბობს: „დილით იმ სიმღერას მოვუსმინეთ, მათე და თათია ბეთელში რომ მიდიან. გზაშიც კი ამ სიმღერას ვუსმენდით“. იუნს ისე მოეწონა ბეთელი, რომ თქვა: „ბეთელში ცხოველებიც რომ იყოს, სამოთხე იქნება“.
ერთ კანადელ ახალგაზრდა ბიჭს, ნოა ჯონსენს, რომელსაც კუნთების ატროფია აქვს, ძალიან უნდოდა ნიუ-იორკში ჩასვლა და ბეთელის დათვალიერება. მისი ჯანმრთელობის გამო თვითმფრინავით მგზავრობა ვერ მოხერხდა, ამიტომ მშობლებმა ის მანქანით ჩაიყვანეს შეერთებულ შტატებში. მათ დაახლოებით 4 100 კილომეტრის გავლა მოუწიათ, რომ უოლკილის ბეთელს სწვეოდნენ. ნოა აღნიშნავს: „ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ვხვდები, როგორ ვუყვარვარ იეჰოვას და თანაქრისტიანებს“.
სამოცდათექვსმეტი წლის ფიოდორ ჟიტნიკოვისა და მისი ცოლისთვის, იულიტასთვის, განსაკუთრებული იყო ყაზახეთის ფილიალის მუზეუმის დათვალიერება. ერთ-ერთ გამოფენაზე წარმოდგენილია, თუ როგორ ინარჩუნებდნენ ათწლეულების მანძილზე ჩვენი და-ძმები ერთგულებას. ფიოდორიც მათ შორის იყო, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გამოფენას მისთვის. ის უზომოდ მადლიერია, რომ მუზეუმში ეს ისტორიაც არის წარმოდგენილი. ფიოდორი ამბობს: „თუ ეს არქივი და-ძმებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, წარმომიდგენია, იეჰოვა როგორ აფასებს თითოეული ჩვენგანის მსახურებას“.
გვახარებს, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა, ვეწვიოთ ფილიალებს მთელ მსოფლიოში. გულთბილად ველით იმ ათასობით ვიზიტორსაც, რომელიც უახლოეს მომავალში გვეწვევიან (ფსალმუნი 122:1).
ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ფოტოები.
არგენტინა
ბელგია
ბრაზილია
დომინიკელთა რესპუბლიკა
ეკვადორი
საფრანგეთი
ყაზახეთი
ახალი კალედონია
ნიგერია
სამხრეთი კორეა
უოლკილი, ნიუ-იორკი, აშშ
უორიკი, ნიუ-იორკი, აშშ