2021 წლის 2 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
დახაუს საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილთა საზოგადოება მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეთა დევნა
საზოგადოება, რომელიც დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის, „ლაგერგემინშაფტის“ ყოფილი პატიმრების მიერაა დაარსებული, მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეთა დევნა. საზოგადოების წევრებმა ღია წერილი გაუგზავნეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 2021 წლის 16 მაისს. მათ დაგმეს ჩვენი და-ძმების სისტემატური შევიწროება რუსეთის უფლებამოსილი პირების მიერ.
„ერთი დღეც არ გადის, რომ არ შევიტყოთ იეჰოვას მოწმეთა შევიწროების ფაქტის შესახებ“, — ნათქვამია წერილში. „რუსეთის საიდუმლო სამსახურის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის მიერ ხდება ამ რელიგიური ჯგუფის წევრთა სახლების ჩხრეკა და საკუთრების ხელყოფა. ადგილი აქვს ძალადობასა და შეურაცხყოფას მოწმეთა მისამართით. ქალებსა და მამაკაცებს ხანგრძლივ პატიმრობას უსჯიან. მათი თხოვნები პატიმრობის პირობების გაუმჯობესებისა და შეწყალების თაობაზე რეგულარულად რჩება უგულებელყოფილი“.
წერილის დასკვნით ნაწილში ეწერა: „მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ რუსეთის ფედერაციის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. გთხოვთ, დაასრულოთ ეს უსამართლობა!“.
2021 წლის მაისის მონაცემებით 61 იეჰოვას მოწმეა რწმენის გამო დაპატიმრებული რუსეთში. ამ რიცხვში შედიან ხანდაზმულებიც, მაგალითად, 70 წლის და ვალენტინა ბარანოვსკაია, რომელსაც ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მან 2020 წლის ივლისში ინსულტი გადაიტანა. 2021 წლის 24 მაისს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვალენტინასა და მისი ვაჟის, რომან ბარანოვსკის საჩივარი. რომანს ექვსი წელი აქვს მისჯილი.
ჩვენ დიდად ვაფასებთ სამართლიანად მოაზროვნე ადამიანთა მხარდაჭერას, რომლებიც ითხოვენ, რომ შეწყდეს რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმების უსამართლო შევიწროება. გვჯერა, რომ საბოლოოდ იეჰოვა დაიხსნის თავის ხალხს! (დანიელი 12:1).