2022 წლის 8 ივლისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ერთ კვირაში ბიბლიის 13 ახალი თარგმანი გამოიცა
2022 წლის 25, 26 ივნისს ჩვენი მთარგმნელობითი საქმიანობის ისტორიაში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: გამოიცა ბიბლიის თარგმანები 13 ენაზე. აქამდე ერთი შაბათ-კვირის მანძილზე გამოცემული ბიბლიების უმაღლესი რიცხვი იყო 6. ქვემოთ მოცემულია დეტალური ცნობები ამ ისტორიული მოვლენის შესახებ.
ცელტალური ენა
ძმა არმანდო ოჩოამ, ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ცელტალურ ენაზე როგორც ციფრული, ისე ბეჭდური ფორმატით. პროგრამას პირდაპირი ტრანსლაციით 1 400 ადამიანი უსმენდა.
ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „პროექტის განმავლობაში აშკარად ვგრძნობდით იეჰოვას მხარდაჭერას. გაოცებული ვარ მიღწეული შედეგით. ვიცი, ეს მხოლოდ იეჰოვას სულის დახმარებით იყო შესაძლებელი“.
ვაიუუნაიკი ენა
ძმა კარლოს მორენომ, კოლუმბიის ფილიალის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ („მათედან“ „საქმეების“ ჩათვლით) ვაიუუნაიკი ენაზე. წინასწარ ჩაწერილი პროგრამა პირდაპირი ტრანსლაციით გადაეცემოდა დაახლოებით 2 000-კაციან აუდიტორიას კოლუმბიასა და ვენესუელაში. ბიბლია ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმატით. იგეგმება ბიბლიის ბეჭდური ფორმატით გამოცემაც.
ბაულე ენა
ძმა ქრისტოფერ კულოტმა, კოტ-დ’ივუარის ფილიალის კომიტეტის წევრმა, წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ბაულე ენაზე. პროგრამას JW Stream-ის მეშვეობით 12 000 ადამიანზე მეტი ისმენდა. ხელმისაწვდომია ბიბლიის ელექტრონული ვერსია. ბეჭდური ვერსია 2022 წლის ოქტომბრიდან გამოიცემა. კოტ-დ’ივუარის ფილიალის ტერიტორიაზე პირველად გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ადგილობრივ ენაზე.
ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს, რა მატებდა მათ ძალას ამ პროექტზე მუშაობისას: „როცა სირთულეებს ვაწყდებოდით, იმაზე ვფიქრობდით, როგორ გაახარებდა და-ძმებს და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ბიბლიის მშობლიურ ენაზე გამოცემა. ამის წარმოდგენა და იეჰოვას მხარდაჭერა გვაძლევდა ძალას, საქმე ბოლომდე მიგვეყვანა“.
უელსური ენა
ძმა პიტერ ბელმა, ბრიტანეთის ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უელსურ ენაზე. პროგრამა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა უელსში მდებარე ჩვენი ერთ-ერთი დარბაზიდან და მას 2 057 ადამიანი ისმენდა უელსის და არგენტინის დარბაზებიდან. ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა განცხადების გაკეთებისთანავე გახდა შესაძლებელი, ბეჭდური ვერსია კი 2022 წლის დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
„არასოდეს დამავიწყდება, როდესაც პირველად ვთარგმნეთ იეჰოვას სახელი. საოცარი შეგრძნება იყო, როცა ღვთის სახელის აღდგენაში ვიღებდით მონაწილეობას“, — იხსენებს ერთ-ერთი მთარგმნელი.
მანიავა და ტევე ენები
ძმა მარსელო სანტოსმა, მოზამბიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა, წინასწარ ჩაწერილი პროგრამების მეშვეობით გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ მანიავა და ტევე ენებზე. პროგრამები გადაიცემოდა JW Stream-ით. გარდა ამისა, ტრანსლაცია ხდებოდა ტელე და რადიოარხების მეშვეობით. „მათეს სახარება“ ხელმისაწვდომია ციფრული და აუდიოფორმატით. ბეჭდური გამოცემები ხელმისაწვდომი გახდება 2022 წლის სექტემბრიდან.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიბლიის წიგნი ითარგმნა მანიავა ენაზე, ტევე ენაზე კი მხოლოდ რამდენიმე მათგანი იყო მანამდე ნათარგმნი. ახალი თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს მკითხველებსა და მსმენელებს.
კეჩუა (ანკაში), კეჩუა (აიაკუჩო) და კეჩუა (კუსკო) ენები
ძმა მარსელო მოიანომ, პერუს ფილიალის კომიტეტის წევრმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ელექტრონული ფორმატით კეჩუა-ანკაშ, კეჩუა-აიაკუჩო და კეჩუა-კუსკო ენებზე. კუჩუა ენებიდან ეს სამი ყველაზე მეტად გავრცელებულია პერუს ტერიტორიაზე. წინასწარ ჩაწერილი პროგრამა გადაეცემოდა დაახლოებით 7 000-კაციან აუდიტორიას. ბეჭდური გამოცემები 2022 წლის ოქტომბრიდან გახდება ხელმისაწვდომი.
მართალია, ყველა კეჩუა ენას ერთი ფუძე აქვს, მაგრამ ისინი მაინც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ ბიბლიური ცნობის კარგად გასაგებად, თითოეულ კეჩუა ენაზე ცალკეული თარგმანია საჭირო.
ნდებელე, სესოტო (ლესოტო) და სესოტო (სამხრეთ აფრიკული) ენები
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, კენეთ კუკმა, გამოაცხადა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის გამოცემის შესახებ ნდებელე და სესოტო (სამხრეთ აფრიკული), აგრეთვე, სესოტო (ლესოტო) ენებზე. დაახლოებით 28 000-მა ადამიანმა მოისმინა ეს შეხვედრა, რომელიც პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის შემდეგ შესაძლებელი გახდა ახალი ბიბლიის ელექტრონული ფორმატით ჩამოტვირთვა. ბეჭდური ვერსია 2022 წლის დეკემბრისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ითარგმნა ნდებელე და სესოტო (სამხრეთ აფრიკული) ენებზე
ნდებელეენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფის წევრმა აღნიშნა: „ეს თარგმანი დიდი საჩუქარი იქნება ნდებელეენოვანი ხალხისთვის, რადგან მასში აღდგენილია ღვთის სახელი, იეჰოვა. ისინი პირველად ამოიკითხავენ ღვთის სახელს საკუთარ ბიბლიაში“.
ნდებელე (ზიმბაბვე) ენა
ზიმბაბვეს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა შინგირაი მაპფუმომ, გამოაცხადა, რომ ნდებელე (ზიმბაბვე) ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ელექტრონული ფორმატით. ბეჭდური ვერსია 2022 წლის ივლისისთვის გახდება ხელმისაწვდომი. წინასწარ ჩაწერილი პროგრამა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ზიმბაბვეს ყველა კრებაში და ის 8 700-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა.
ნდებელე (ზიმბაბვე) ენაზე ბიბლიის სხვა თარგმანიც არის ხელმისაწვდომი. თუმცა ამ ახალ თარგმანში ბიბლიური ჭეშმარიტება უფრო ნათელი და გასაგებია. მაგალითად, ერთ-ერთ თარგმანში იოანეს 17:3-ში იესოს ნაცვლად წერია „ჭეშმარიტი ღმერთი“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი კარგად არის დანახვებული იეჰოვასა და იესო ქრისტეს შორის სხვაობა. ერთ-ერთმა მთარგმნელმა თქვა: „ამ თარგმანში ხალხის ყოველდღიური ენაა გამოყენებული“.
ვხარობთ, რომ ღვთის სიტყვა მსოფლიოში ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და ყველა მსურველს შეუძლია მშობლიურ ენაზე „უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).