არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 9 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეები ებოლას ვირუსის თავიდან ასარიდებლად საჭირო ზომებს იღებენ

იეჰოვას მოწმეები ებოლას ვირუსის თავიდან ასარიდებლად საჭირო ზომებს იღებენ

ნიუ-იორკი — მას შემდეგ, რაც დასავლეთ აფრიკაში სასიკვდილო ვირუსმა, ებოლამ იფეთქა, იეჰოვას მოწმეები არ წყვეტენ თავიანთი თანამორწმუნეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ როგორ აირიდონ ეს ვირუსი თავიდან.

მას შემდეგ, რაც იქ არსებულმა იეჰოვას მოწმეების ფილიალმა შეიტყო, რომ გვინეაში ებოლას ვირუსმა იფეთქა, რომელიც მალევე მოედო მეზობელ ქვეყნებს, ლიბერიასა და სიერა-ლეონეს, დაუყოვნებლივ დაგზავნა გამაფრთხილებელი წერილები ამ სამ ქვეყანაში არსებულ ყველა კრებაში. ამ წერილებში მოცემული იყო როგორც ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების მითითებები, ისე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას იწვევდა ეს ვირუსი, როგორ გადადიოდა და რა ზომების მიღება იყო აუცილებელი მისი გავრცელების თავიდან ასარიდებლად. „იმ ადგილებში მცხოვრები ხალხი, სადაც სხვადასხვა დაავადებაზე მწირ ინფორმაციას ფლობენ და სადაც ებოლაზე ბევრი ცრუ ხმაა გავრცელებული, თავდაპირველად ძალიან დაბნეული იყო და არ იცოდა, რა გაეკეთებინა, — აღნიშნავს იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი სიერა-ლეონეში, კოლინ ატიკა. — მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს კრებებში და-ძმებმა თავიანთ სამეფო დარბაზებში მოისმინეს, თუ რა მითითებებს უნდა მიჰყოლოდნენ, სწრაფად მოახდინეს რეაგირება“.

დოლოში (ქალაქ მონროვიას აღმოსავლეთით მდებარე დასახლება, ლიბერია) გამოცხადებული კარანტინის დროს მოწმეების ერთი ოჯახი მიჰყვება დადგენილ მითითებებს. კარანტინი 2014 წლის 8 სექტემბერს მოიხსნა.

ივლისის თვიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელი მსახურები სპეციალური ორდღიანი ვიზიტით ინახულებენ ყველა კრებას სიერა-ლეონესა და გვინეაში. ამ მონახულების დროს წარმოითქმება მოხსენება „მორჩილება სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ“. ამ მოხსენების მიზანია, და-ძმებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ არ დაინფიცირდნენ ამ ვირუსით. ამავდროულად, ეს მოხსენება და-ძმებს მეტ სტიმულს აძლევს, მიჰყვნენ ახალ-ახალ მითითებებს. ეს სპეციალური მონახულება 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთან, მოწმეებმა გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში თაყვანისცემის ადგილების (სამეფო დარბაზები) წინ, შესასვლელში დადგეს ქლორიანი წყლით სავსე ვედროები. ამ ქვეყნებში მცხოვრებმა ბევრმა მოწმემ იგივე გააკეთა და ხელის დასაბანი ვედრო საკუთარ სახლშიც დადგა.

2014 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ დასავლეთ აფრიკაში მას შემდეგ, რაც ებოლას ვირუსმა იფეთქა, ამ ვირუსით დაინფიცირების 7 178 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 3 300-ზე მეტი ფატალური შედეგით დასრულდა. ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამავე წლის 2 ოქტომბრის მონაცემებით, გვინეასა და სიერა-ლეონეში, სადაც მოწმეების რიცხვი 2 800-ს შეადგენს, ამ ვირუსის შედეგად დაღუპულია ერთი იეჰოვას მოწმე ქალბატონი, რომელიც ექთანი იყო. იგი 2014 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა. ლიბერიაში მცხოვრები 6 365 მოწმეს შორის კი ამ ვირუსით დაინფიცირების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული, აქედან 6 ჯანდაცვის თანამშრომელი იყო. მართალია, ვირუსი ცოტა ხნის წინ ნიგერიაშიც გავრცელდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ ქვეყანაში არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაინფიცირებულა. გარდა ამისა, ჩვენს ხელთ არსებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყანაში არც ერთ იეჰოვას მოწმე მისიონერს არ შეჰყრია ეს ვირუსი; იმ დროს, როცა ამ ვირუსმა იფეთქა, ამ მისიონერთაგან ზოგი შვებულებაში ან კონგრესზე დასასწრებად ევროპასა და შეერთებულ შტატებში იყო გამგზავრებული. ზოგი მათგანი ცოტა ხნის წინ კვლავ შეუდგა მისიონერულ მსახურებას დასავლეთ აფრიკაში; ისინი იცავენ სიფრთხილის ზომებს და მიჰყვებიან ადგილობრივი ფილიალიდან მოწოდებულ მითითებებს. სხვები ვერ ახერხებენ დასავლეთ აფრიკაში დაბრუნებას — ზოგი იმის გამო, რომ ფრენებია შეფერხებული, ზოგი კი — სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო.

სამეფო დარბაზის წინ განთავსებული ხელის დასაბანი ვედრო (სიერა-ლეონე).

მოწმეებმა ჩამოაყალიბეს დახმარების კომიტეტები, სადაც და-ძმები ნებაყოფლობით მსახურობენ. ისინი ცდილობენ, დახმარება აღმოუჩინონ დასავლეთ აფრიკის იმ ქვეყნებში მცხოვრებ თანამორწმუნეებს, სადაც განსაკუთრებით მძვინვარებს ებოლას ვირუსი. ტომას ნიაინი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ლიბერიაში, აღნიშნავს: „სისუფთავის დაცვასთან და კარანტინთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები ნამდვილად დიდ დახმარებას გვიწევს. ამასთან, ჩვენი რელიგიური მოსაზრებების გამო ვერიდებით დაკრძალვის ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ბიბლია გმობს; ეს მართლაც დამცავი აღმოჩნდა ჩვენი თანამორწმუნეებისთვის, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში“.

სიერა ლეონეში ერთ-ერთ რადიოგადაცემაში განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარებიან იეჰოვას მოწმეები თავიანთ თანამორწმუნეებს და აგრეთვე მათ, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე, არ დაინფიცირდნენ ებოლას ვირუსით. უფლებამოსილმა პირებმა ამავე გადაცემაში თხოვნით მიმართეს მოწმეების დახმარების კომიტეტებს, რომ მათ სამთავრობო ორგანიზაციებთანაც ითანამშრომლონ.

„გულგრილს არ გვტოვებს იმის დანახვა, რომ დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები ჩვენი და-ძმები მიუხედავად იმისა, რომ სიფრთხილეს ავლენენ, მაინც არ წყვეტენ სულიერ საქმიანობაში მონაწილეობას და თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმის მხარდასაჭერად, — აღნიშნავს რიჩარდ ბრაუნი, იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს (ნიუ-იორკი) წარმომადგენელი. — ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ და ვლოცულობთ მათზე, ვინც ებოლას ვირუსის შემოტევას ებრძვის, იქნებიან ესენი ჩვენი სულიერი და-ძმები თუ სხვები“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გვინეა: ტიერი პორტიე, ტელ. +224 631 40 96 50

ლიბერია: ტომას ნიაინი, ტელ. +231 886 513 414

ნიგერია: პოლ ენდრიუ, ტელ. +234 7080 662 020

სიერა-ლეონე: კოლინ ატიკა, ტელ. +232 77 850 790