2014 წლის 13 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის გადამუშავებული თარგმანი დიდი შრიფტითაც გამოსცეს
ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ბიბლიაზე; ამიტომ მათ ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დიდი შრიფტითაც გამოსცეს ინგლისურ ენაზე. დაგეგმილია, რომ ამ თარგმანის ტირაჟმა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში იბეჭდება, პირველ ეტაპზე 424 000 შეადგინოს.
ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ჩვეულებრივი ფორმატით (ინგლისურ ენაზე) გამოცემა 2013 წლის 5 ოქტომბერს ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომლის პროგრამაც ორი დღის მანძილზე 31 ქვეყანაში მოისმინეს. 1984 წელს გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლისურ ენაზე) კიდევ ერთხელ გადაამუშავეს და 2013 წელს დახვეწილი და ადვილად გასაგები თარგმანი გამოსცეს. 2013 წლის 7 ოქტომბერს ბიბლიის ამ გადამუშავებული თარგმანის გადმოწერა შესაძლებელი გახდა მულტიპლატფორმული პროგრამის, JW ბიბლიოთეკის სახით. ეს პროგრამა დღემდე დაახლოებით 1,4 მილიონჯერ ჩამოტვირთეს. ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr418.com სხვადასხვა ელექტრონული ფორმატით.
ბიბლიის გადამუშავებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, იქნება ეს დიდი თუ პატარა ფორმატით, 60 000-მდე მარგინალური მუხლია შესული, რომლებიც დაეხმარება მკითხველს, უკეთ გაიგოს ესა თუ ის ბიბლიური მონაკვეთი და სხვადასხვა მუხლის კონტექსტი. აგრეთვე მასში შესულია ფერადი დიაგრამები, ბიბლიური ქვეყნების რუკები და ცხრილები, რომლებიც მკითხველის თვალწინ გააცოცხლებს ბიბლიურ ისტორიებს. დანართებში საუბარია ბიბლიის თარგმნის პრინციპებზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ დაიწერა ბიბლია და როგორ მოაღწია ჩვენამდე.
ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 1984 წლის გამოცემაში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000 ადგილას იყო გამოყენებული. 2013 წლის გადამუშავებულ თარგმანში კი ახლახან აღმოჩენილი უძველესი ბიბლიური ხელნაწერების შესწავლის საფუძველზე, ისეთების, როგორიცაა მკვდარი ზღვის ხელნაწერები და სხვა უძველესი მანუსკრიპტები, ღვთის სახელი კიდევ ექვს ბიბლიურ მუხლში დაემატა: მსაჯულები 19:18; 1 სამუელი 2:25; 6:3; 10:26; 23:14, 16. დანართებში აგრეთვე განხილულია ის, თუ როგორ გამოიყენებოდა ღვთის სახელი ძველ ებრაულ და ბერძნულ ტექსტებში, აგრეთვე მოყვანილია ბიბლიის ის თანამედროვე თარგმანები (სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე), რომელშიც მოხსენიებულია ღვთის სახელი.
იეჰოვას მოწმეები წლებია, რაც თარგმნიან, ბეჭდავენ და გამოსცემენ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, თარგმანს, რომელსაც საოცარი სიზუსტის გამო დიდად აფასებენ სწავლულები. ეს თარგმანი სრული სახით პირველად 1961 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა. 1963 წელს, როგორც გაზეთი „ნიუ–იორკ ტაიმზი“ იტყობინებოდა, იანკის სტადიონზე გამართულ იეჰოვას მოწმეების კონგრესზე გამოცხადდა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კიდევ ექვს ენაზე გამოცემა იგეგმებოდა. მას შემდეგ მოწმეებმა ეს თარგმანი 120-ზე მეტ ენაზე გამოსცეს. ბოლო წლებში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტმა გადაწყვიტა, გადაემუშავებინა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (ინგლისურ ენაზე), რათა მას ფეხი აეწყო ენაში მომხდარი ცვლილებებისთვის. მათ სურდათ, უფრო ნათლად გადმოეცათ და განემარტათ ესა თუ ის ბიბლიური სიტყვა და ფრაზა. გარდა ამისა, მათი მიზანი იყო, ტექსტი ადვილად წასაკითხი და გასაგები გამხდარიყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის გადამუშავებულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (2013 წლის გამოცემა) ეს ყველაფერი შესანიშნავადაა ასახული.
ჯ. ბრაუნი, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი აღნიშნავს: «სიტყვებით ვერ გადმოვცემთ, როგორი გრძნობები დაგვეუფლა დაახლოებით 50 წლის წინ, როდესაც პირველად მივიღეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“; მაგრამ კიდევ უფრო რთულია, ჩვენს ემოციებზე ვისაუბროთ ახლა, როცა ხელში ამ თარგმანის 2013 წლის გამოცემა გვიჭირავს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ბიბლიის თარგმანი ყველასთვის ადვილად გასაგები, თანამედროვე ენით შესრულებული, ზუსტი და, რაც მთავარია, ისეთი იყოს, რომ განადიდებდეს მის ავტორს, იეჰოვა ღმერთს!»
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000