არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: მაუწყებლები გერმანიაში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკაში

2022 წლის 14 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეებმა განაახლეს კარდაკარ მსახურება

იეჰოვას მოწმეებმა განაახლეს კარდაკარ მსახურება

ამა წლის 1 სექტემბერს იეჰოვას მოწმეებისთვის ნანატრი დღე დადგა. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით განვაახლეთ საქმიანობა, რომლითაც ყველა ქვეყანაში გვიცნობენ. გარდა იმისა, რომ კარდაკარ მსახურება განახლდა, ამ თვეში სპეციალური კამპანიაცაა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც მობინადრეებს ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ. უამრავი და-ძმისთვის კარდაკარ ქადაგება მსახურების საყვარელი ფორმაა და მათ ერთი სული ჰქონდათ, კვლავაც ასეთი სახით გაეზიარებინათ ხალხისთვის სასიხარულო ცნობა. თუმცა ზოგი და-ძმა ბიბლიური ცნობის გასაზიარებლად ახლა პირველად მიაკითხავს კარდაკარ ხალხს. მოდი გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწოდებულ ცნობებს და გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს კარდაკარ მსახურება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

გერმანია

2 სექტემბერს ორი ჩვენი თანაქრისტიანი პეტერსჰაგენიდან (ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია), ნიკოლი და ტინა, მსახურების დროს ერთ კორპუსში შევიდნენ, თუმცა სახლში არავინ დახვდათ. უკვე წამოსვლას აპირებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალის ძახილის ხმა გაიგეს. ქალმა დებს უთხრა, რომ როდესაც დაუკაკუნეს, ვერ შეძლო კარის გაღება, თუმცა ძალიან სურდა მათთან ბიბლიაზე საუბარი. მან დები სახლში შეიპატიჟა. დებმა დაინახეს, რომ მას მაგიდაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ედო, რომელსაც ხშირი ხმარების კვალი ემჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ბიბლია ამ ქალისთვის სამი წლის წინ იტალიაში მიუციათ, თუმცა პანდემიის დროს ის გერმანიაში გადმოსულა საცხოვრებლად და მოწმეებსაც ვეღარ ეკონტაქტებოდა. მათ საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს და დებმა ეს ქალი კრების შეხვედრაზეც დაპატიჟეს. ორი დღის შემდეგ ის თავის ორ შვილთან ერთად კრებას დაესწრო. ორგანიზება გაეწია იმასაც, რომ ამ ქალბატონს შესწავლა ჩაუტარდეს.

გვატემალა

მამენოვან ტერიტორიაზე მომსახურე ორი სპეციალური პიონერი, მანუელ და კაროლ გასტელუმები, კარდაკარ მსახურების დროს ერთმა ქალბატონმა შეიპატიჟა სახლში. ქალს არასდროს სმენოდა ღვთის სახელი, ამიტომ მანუელმა და კაროლმა მასთან ერთად განიხილეს მეოთხე გაკვეთილი „ვინ არის ღმერთი?“ წიგნიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. როდესაც ესაიას 42:8 ამოუკითხეს, ქალბატონი გააოგნა საკუთარ ბიბლიაში ღვთის სახელის, იეჰოვას, წაკითხვამ.

ქალბატონმა ცრემლები ვერ შეიკავა, ატირდა და თქვა: „მხოლოდ ბიბლიის ქონა საკმარისი არაა, უნდა გავიგო, რა არის მასში ჩაწერილი და შესაბამისადაც მოვიქცე“. განხილვის დასრულების შემდეგ ქალმა მადლობა გადაუხადა მანუელსა და კაროლს და აღნიშნა, რომ მიღებულ ინფორმაციას მეუღლესაც გაუზიარებდა. მანუელი და კაროლი მას მორიგ შეხვედრაზეც შეუთანხმდნენ.

იაპონია

ერთი ცოლ-ქმარი იოკოჰამაში დამაფონებით მსახურობდა. მათ ერთმა ქალბატონმა უპასუხა. ცოლ-ქმარი გაეცნო მას და უთხრა, რომ მოწმეები იყვნენ. ქალბატონმა მათ სთხოვა, კართან მოეცადათ. რამდენიმე წუთში კარი გაუღო და უთხრა: „ველოდებოდი, როდის მოვიდოდნენ ჩემთან მოწმეები“.

ქალბატონმა მათ უთხრა, რომ იოკოჰამაში გადასვლამდე ნაგასაკიში ცხოვრობდა, სადაც შესწავლას გადიოდა მოწმეებთან. თუმცა პანდემიის დროს იოკოჰამაში გადასულა საცხოვრებლად და შესწავლას ზუმით აგრძელებდა. იმ კვირაში შესწავლის დროს მასწავლებელს მისთვის უთქვამს, რომ სექტემბერში კამპანია იგეგმებოდა და იეჰოვას მოწმეები მასაც აუცილებლად მიაკითხავდნენ. ამის შემდეგ კი ურჩია, რომ მოწმეებისთვის ეთხოვა, პირისპირ ჩაეტარებინათ მასთან შესწავლა. ქალბატონი ძალიან გახარებული იყო, რომ მოწმეებმა ასე მალე მიაკითხეს. მან კრებაზე დასწრების სურვილიც გამოთქვა და შესწავლაზეც შეუთანხმდა მათ.

იაპონიაში მაუწყებლები კარდაკარ მსახურობენ.

მექსიკა

ერთმა წყვილმა უბანზე ერთ ქალბატონს შესწავლა შესთავაზა. აღმოჩნდა, რომ წლების წინ ეს ქალი ბიბლიას სწავლობდა და კრების შეხვედრაზეც იყო ნამყოფი. თუმცა მოგვიანებით ყველანაირი კონტაქტი გაუწყდა მოწმეებთან და ერიდებოდა მათი მოძებნა, რადგან ბიბლიური პრინციპებით არ ცხოვრობდა. ამის მოყოლის შემდეგ ქალს ცრემლები წასკდა. წყვილმა მას ფსალმუნის 10:17 წაუკითხა და უთხრა, რომ იეჰოვას ის არ დავიწყებია. მათ აგრეთვე შეაქეს ის, რომ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრების სურვილი ჰქონდა. ქალბატონმა თანხმობა განაცხადა შესწავლაზე და თქვა, რომ მის 16 წლის ბიჭსაც სურდა ბიბლიის შესწავლა.

მოწმეებმა ქალს მეორე დღესვე მიაკითხეს. ისიც ელოდებოდა მათ თავის ვაჟთან ერთად. მათ ერთად განიხილეს პირველი გაკვეთილი ბროშურიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ და კრებაზე დაპატიჟეს ისინი. ქალბატონი და მისი შვილი აგრძელებენ შესწავლას და კრების შეხვედრებსაც ესწრებიან.

პუერტო-რიკო

პუერტო-რიკოში ერთი წყვილი ქალს სთავაზობს ბროშურას „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

ერთმა ჩვენმა ძმამ, რამონმა, იეჰოვას გულმხურვალედ სთხოვა, რომ კარდაკარ მსახურების პირველ დღეს მომსმენი ყური ეპოვა. პირველ კარზე დაკაკუნების შემდეგ კარი ერთმა ქალბატონმა შეაღო და გამოიხედა. რამონი გაეცნო და მოკლედ აუხსნა თავისი ვიზიტის მიზეზი. თუმცა შეთავაზების გაკეთება არ დასცალდა. უცბად ქალბატონმა მას უთხრა: „ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ხანია, გელით. ვლოცულობდი, რომ მოსულიყავით“.

ქალმა მათ აუხსნა, რომ წლების წინ მოწმეებმა უქადაგეს და კრებასაც დაესწრო. თუმცა მოგვიანებით სხვაგან მოუწია გადასვლა და მოწმეების საკონტაქტო ინფორმაციაც დაკარგა. რამონმა მას უთხრა, რომ პანდემიის გამო კარდაკარ მსახურება შეჩერებული იყო. ამის შემდეგ ფსალმუნის 37:29 ამოუკითხა და შესწავლა შესთავაზა. ქალი სიხარულით დათანხმდა შესწავლაზე და რამონმაც ორგანიზება გაუწია, რომ მას ერთმა დამ მიაკითხოს.

რამონი აღნიშნავს: „აშკარაა, იეჰოვა და ანგელოზები გვიწევენ ხელმძღვანელობას, რომ მათთან მივიდეთ, ვისაც ჭეშმარიტების მოსმენა სურს“.

შეერთებული შტატები

ერთი ჩვენი და კენტუკიდან, კეტლინ ტომფსონი, კარდაკარ მსახურობდა, როცა შენიშნა, რომ ერთ საფოსტო ყუთზე ბიბლიური მუხლი და ასეთი სიტყვები ეწერა: „იესოს უყვარხარ“. კეტლინმა კარზე დააკაკუნა და კარი ერთმა ქალმა გაუღო. კეტლინი გაეცნო მას და აუხსნა, რომ პანდემიის გამო მოწმეებს შეჩერებული ჰქონდათ კარდაკარ მსახურება, თუმცა მთელი ეს პერიოდი წერილებით და სატელეფონო ზარებით ცდილობდნენ ადამიანების გამხნევებასა და ნუგეშისცემას. ამის შემდეგ მან ქალბატონს მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰკითხა. ქალმა უთხრა, რომ პანდემიის დროს მამა დაეღუპა. მან თქვა: „თქვენგან წერილი მეც მივიღე. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს, ღმერთმა საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია მომაწოდა“. კეტლინმა მიუსამძიმრა და მასთან ბროშურიდან მეორე გაკვეთილი განიხილა. მათ ერთად ამოიკითხეს გაკვეთილში მითითებული ბიბლიური მუხლი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ქალს ტირილი აუვარდა და თქვა, რომ ზუსტად იმ დღეს მამამისის წლისთავი იყო. კეტლინმა მას თავისი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვა და შემდეგ შეხვედრაზე შეუთანხმდა. მოგვიანებით ქალმა მას ასეთი სიტყვები მისწერა: „დიდი მადლობა! დღეს ნუგეში ძალიან მჭირდებოდა”.

აშკარაა, იეჰოვა აკურთხებს კარდაკარ მსახურებასა და სპეციალურ კამპანიას. ამიტომ ჩვენც მოუთმენლად ველით შედეგებს (იოანე 4:35).

 

ბაჰამის კუნძულები

კამერუნი

პანამა

ფილიპინები

სამხრეთი კორეა

შეერთებული შტატები