არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუკა: აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაში შემავალი ოთხი ქვეყანა: კენია, სამხრეთი სუდანი, სუდანი და ტანზანია. მარცხნიდან მარჯვნივ: იეჰოვას მოწმეთა ძველი და ახალი დარბაზები ბუგარიკაში (ტანზანია).

12 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

იეჰოვას მოწმეთა დარბაზების მშენებლობის სპეციალური პროგრამა აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე

25 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა 1 000-მდე დარბაზი აშენდა

იეჰოვას მოწმეთა დარბაზების მშენებლობის სპეციალური პროგრამა აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე

უკვე 25 წელია, რაც იეჰოვას მოწმეთა დარბაზების მშენებლობის სპეციალური პროგრამა ხორციელდება აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე, რომელშიც ამჟამად ოთხი ქვეყანა შედის: კენია, სამხრეთი სუდანი, სუდანი და ტანზანია.

1999 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ დაამტკიცა პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის  a, რომელიც 88 განვითარებად ქვეყანაში უფრო მეტი დარბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროგრამის ფარგლებში ზოგიერთმა ფილიალმა ნებაყოფლობითი შესაწირავებიდან გარკვეული თანხები შეზღუდული რესურსების მქონე ტერიტორიებისთვის გაიღო (2 კორინთელები 8:13–15). გარდა ამისა, დარბაზების მშენებლობის საქმეში გამოცდილმა მოწმეებმა სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ თანაქრისტიანებს ტრენინგები ჩაუტარეს, რის შემდეგაც მაუწყებლებს თავად შეეძლოთ თავიანთ ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის გაგრძელება. სწორედ ამ პროგრამის შედეგია ის, რომ აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე დარბაზების მშენებლობა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

1999 წელს აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე დაახლოებით 23 000 მაუწყებელი და 51 დარბაზი იყო. იმ პერიოდში კრების შეხვედრები ძირითადად მოწმეთა სახლებში ან ღია ცის ქვეშ მოწყობილ სივრცეებში ტარდებოდა. ზემოაღნიშნული პროგრამის შემუშავებამდე დარბაზების ასაშენებლად მოწმეები ნებისმიერ მასალას იყენებდნენ, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ; ეს შეიძლება ყოფილიყო ხის ბოძები, ტალახი, გოფრირებული მეტალი და ნაცარში შერეული გადამწვარი ნაკელიც კი. ერთი იეჰოვას მოწმე, ნენსი რუითი, რომელიც კრების შეხვედრებს ემბუში (კენია) ესწრებოდა, იხსენებს: „ჩვენი დარბაზი თუნუქის ფირფიტებისგან იყო აგებული. ცხელ ამინდში ის გავარვარებულ ღუმელს ჰგავდა. წვიმის დროს კი ისეთი ხმაური იყო, მომხსენებლის ხმაც არ გვესმოდა. ძალიან გვიხარია, რომ თუნუქის ფირფიტების ნაცვლად დარბაზს ახლა ქვის კედლები აქვს. დღეს უკეთეს პირობებში ვისმენთ კრების პროგრამას. ჩვენი დარბაზი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც დამოწმების კარგი შესაძლებლობაა“.

მარცხნივ: იეჰოვას მოწმეთა ძველი დარბაზი კაიოლეში (ნაირობი, კენია) შუაში: იეჰოვას მოწმეთა დარბაზი კაიოლეში, რომელიც 1999 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების პროგრამის ფარგლებში აშენდა. მარჯვნივ: იეჰოვას მოწმეთა გარემონტებული დარბაზი კაიოლეში

ამ სპეციალური პროგრამის ფარგლებში იეჰოვას მოწმეებმა აღმოსავლეთ აფრიკაში პირველი დარბაზი ნაირობიში (კენია) ააშენეს. გასაოცარია, რომ პროგრამის შემუშავებიდან 25 წლის განმავლობაში ფილიალის ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეთა დარბაზების რიცხვი 51-დან 1 000-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალის ტერიტორიაზე დარბაზების მშენებლობის საჭიროება კვლავ არსებობს, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას. ტიმოთი სტივენსი, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკაში ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ზედამხედველის დამხმარეა, აღნიშნავს: „2024 წლის მონაცემებით საჭიროა 126 ახალი დარბაზის აშენება, ხოლო 200-ზე მეტ დარბაზში – სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სავარაუდოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება“.

მარცხნიდან მარჯვნივ: იეჰოვას მოწმეთა ძველი და ახალი დარბაზი ლოგოლოში (სამხრეთი სუდანი)

ძალიან ვაფასებთ იმ თანაქრისტიანების დაუღალავ შრომასა და შემართებას, რომლებიც ჩართული არიან იეჰოვას მოწმეთა დარბაზების მშენებლობის საქმეში როგორც აღმოსავლეთ აფრიკაში, ისე მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც დაგვიფასებს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ წმინდა თაყვანისმცემლობას, რომელსაც მისთვის ქება და დიდება მოაქვს (ესაია 2:3).

a პროგრამა, რომელიც შემუშავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის, 2014 წელს ჩანაცვლდა ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო ღონისძიებით.