2019 წლის 4 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეთა ქადაგების საქმე ახალ მწვერვალს აღწევს — ვებგვერდი JW.ORG უკვე 1 000 ენაზეა ხელმისაწვდომი
ხელმძღვანელი საბჭო სიხარულით გაცნობებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს ჭეშმარიტება ყველა ერიდან. JW.ORG-ზე სტატიები, ვიდეოები და აუდიო მასალა უკვე 1 000 ენაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის 100 ჟესტურ ენაზე.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა გერიტ ლოშმა, თქვა: „ჩვენს მთარგმნელობით საქმიანობას დიდი ხნის ისტორია აქვს. 1 800-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული დღემდე საოცრად ფართოვდება ეს საქმე“. ჯეფრი ჯექსონი, რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელი საბჭოს წევრია, აღნიშნავს: „2013 წლისთვის ჩვენი ლიტერატურა 508 ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ამას 100 წელზე მეტი დასჭირდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც შვიდ წელიწადში ეს რიცხვი გაორმაგდა და 508-დან 1 000-მდე გაიზარდა“.
ამ ვებგვერდზე 1 000 ენაზეა ხელმისაწვდომი უამრავი ჩამოსატვირთი მასალა. 821 ენაზე კი საწყისი გვერდი და სხვა გვერდებია ნათარგმნი. ეს არის ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი ვებგვერდი მსოფლიოში. განთავსებული მასალების უმეტესობას თარგმნიან კარგად მომზადებული მოხალისეები, რომლებიც 350 მთარგმნელობით ოფისში მსახურობენ სხვადასხვა ქვეყანაში.
ძმა ისაკ მარეი, რომელიც ხელმძღვანელობს მთარგმნელობით საქმიანობას უორიკში (ნიუ-იორკი), მსოფლიო მთავარ სამმართველოში, ამბობს: „ამდენ ენაზე თარგმნა და გამოცემა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ როცა რომელიმე ნაკლებად გავრცელებულ ენაზე გვინდოდა გვეთარგმნა რაიმე პუბლიკაცია, საქმეს ის გვირთულებდა, რომ ამ ენის დამწერლობაში ზოგიერთი ასო არ არსებობდა. ამიტომ წლების განმავლობაში ხდებოდა უამრავი ასო-ნიშნისა და შრიფტის შემუშავება, რის წყალობითაც შევძელით ასობით ენაზე პუბლიკაციების ტექსტების აკრება და მათი დაბეჭდვა. მსგავსადვე, უამრავი სირთულის გადალახვა მოგვიწია იმისათვის, რომ პუბლიკაციები ამდენ ენაზე განგვეთავსებინა ჩვენს ვებგვერდზე. რეალურად, ამ 1 000 ენიდან ბევრია ისეთი ენა, რომლებზეც არ არსებობს სხვა სახის ბეჭდვითი გამოცემები“.
ძმა კლაივ მარტინი, რომელიც ხელმძღვანელობს MEPS-ის პროგრამირების განყოფილებას, აღნიშნავს: „ერთი დიდი თავსატეხი ის იყო, რომ უნდა მოგვეფიქრებინა, როგორ განგვეთავსებინა ამდენი განსხვავებული ენა და შრიფტი ერთ ვებგვერდზე. მაგალითად, 21 ენაზე, რომლებზეც ჩვენ განვათავსეთ ლიტერატურა, ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იწერება. 100 ჟესტური ენისთვის კი, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, შევქმენით სრულიად ახალი, განსხვავებული დიზაინი, რათა ადვილად შეძლონ ამ გვერდით სარგებლობა“.
კომერციული ვებგვერდები, როგორც წესი, იმ ენებზე აკეთებენ არჩევანს, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია. ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, მოგებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მიზანია, ბიბლიური ცნობა მივაწვდინოთ ყველას, ვისაც გულით სურს მისი მოსმენა და ეს გავაკეთოთ მარტივი და მიმზიდველი გზით.
ქებას და დიდებას ვუძღვნით იეჰოვას, რომ გვეხმარება, მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი ყველა ერიდან. ერთ რამეში ვართ დარწუნებულნი: სანამ იეჰოვა არ იტყვის, რომ საქმე დასრულდა, მანამ ყოველთვის მოგვცემს საჭირო ძალას, რათა სამეფოს ცნობა მივიტანოთ ყველა გულმართალ ადამიანამდე (მათე 28:19, 20).