2014 წლის 20 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გაი პირსი გარდაიცვალა
ნიუ-იორკი — ამა წლის 18 მარტს, სამშაბათს, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გაი პირსი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობდა.
ძმა პირსი მსახურობდა სხვადასხვა კომიტეტში, რომლებიც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას კურირებენ. მას ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა; ის ამ შესაძლებლობას ყოველთვის თანამორწმუნეების გასამხნევებლად იყენებდა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ძმა პირსი ყოველთვის მზად იყო, მოესმინა მათთვის, ვისაც დახმარება ან რჩევა სჭირდებოდა; მას საოცრად თბილი ღიმილი და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რაც სხვებს მასთან ურთიერთობას უადვილებდა. როგორც მისი ახლობლები და მეგობრები აღნიშნავენ, ნებისმიერი ეროვნებისა თუ კულტურის ადამიანი მასთან თავისუფლად გრძნობდა თავს. ერთხელ ბიბლიური სკოლის გამოსაშვებ პროგრამაზე ძმა პირსმა სრული დროით მსახურ და-ძმებს ისეთი რამისკენ მოუწოდა, რაშიც თავად იყო სამაგალითო: „მტკიცედ დაიცავით ბიბლიური პრინციპები, მაგრამ, ამავდროულად, მოქნილებიც იყავით. სადაც არ უნდა იმსახუროთ, ნუ დაუწყებთ ზემოდან ყურებას ადამიანებს მათი განსხვავებული კულტურის გამო“.
გაი პირსი დაიბადა 1934 წლის 6 ნოემბერს ქალაქ ობურნში (კალიფორნია). ის 1955 წლის 14 აგვისტოს 20 წლის ასაკში მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. 1977 წლის 30 მაისს ძმა გაი დაქორწინდა თანამორწმუნეზე, პენელოპა (პენი) ვონგზე; მათ ექვსი შვილი აღზარდეს. მოგვიანებით ძმა გაი პირსი და მისი მეუღლე სრული დროით მსახურებას შეუდგნენ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ძმა პირსი იეჰოვას მოწმეთა მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა; ის ინახულებდა იეჰოვას მოწმეთა კრებებს მთელ შეერთებულ შტატებში და ამხნევებდა სხვა სრული დროით მსახურებსა თუ ადგილობრივი კრებების წევრებს. 1997 წელს ძმა პირსი და მისი მეუღლე მიიწვიეს შეერთებული შტატების იეჰოვას მოწმეთა ფილიალში. 1999 წლის 2 ოქტომბერს განცხადება გაკეთდა, რომ ძმა პირსი დაინიშნა ხელმძღვანელი საბჭოს წევრად.
2013 წლის 5 ოქტომბერს ძმა გაი პირსი უძღვებოდა პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების 129-ე ყოველწლიურ შეხვედრას. მთლიანობაში ამ შეხვედრის პროგრამა 5 და 6 ოქტომბერს 31 ქვეყანაში 1 413 676 ადამიანმა მოისმინა. როგორც იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღინიშნა, ეს იყო იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართომასშტაბიანი შეხვედრა.
ძმა გაი ძალიან დააკლდება მისი ოჯახის წევრებს — მეუღლეს პენის, ექვს შვილს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს. მას ყოველთვის სიყვარულით გაიხსენებენ მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც თავად ძმა გაი ერთ დიდ ოჯახად მიიჩნევდა.
იეჰოვას კანონებისა და პრინციპების ამ ერთგული დამცველის, ძმა გაი პირსის ურყევ რწმენაზე საუბრისას ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა აღნიშნეს: „ამ გაბედული და ერთგული ძმის მაგალითი ყოველთვის შეგვმატებს ძალებს“.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000