არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 27 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

მარტინ ბური განაჩენის გამოტანიდან 90 წლის შემდეგ ცნეს უდანაშაულოდ

მარტინ ბური განაჩენის გამოტანიდან 90 წლის შემდეგ ცნეს უდანაშაულოდ

2015 წლის 18 სექტემბერს სლოვაკეთში არსებულმა ერთ-ერთმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 90 წლის წინ გასამართლებული იეჰოვას მოწმე მარტინ ბური, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ იყო მიჩნეული იმის გამო, რომ უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. მისი საქმე პირველი იყო იმ ძველ საქმეებს შორის, რომლებიც ეხებოდა რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით დაპატიმრებულთა უდანაშაულოდ ცნობას.

მტკიცე პოზიციის გამო დაპატიმრებული

მარტინ ბური დაპატიმრების დროს

1920 წელს, 17 წლის მარტინ ბური ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრებს (ამ სახელით იცნობდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) შეურთდა და აქტიურად შეუდგა მათ საქმიანობაში მონაწილოებას. 1924 წელს იგი ჯარში გაიწვიეს. თავისი რელიგიური მრწამსის გამო მან უარი თქვა ნებისმიერი სახის სამხედრო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და სამხედრო ფიცის დადებაზე. ამის გამო ოფიცრებმა ეჭვქვეშ დააყენეს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა და გამოსაკვლევად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს. ძმა ბური სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. ექიმებმა სამედიცინო დასკვნაში დაწერეს: მისი „რელიგიური შეხედულებები ჰალუცინაციის ნაყოფი არ არის“.

ვინაიდან მარტინი გონებრივად სრულიად ჯანმრთელი იყო, 1925 წლის 2 აპრილს სასამართლომ მის მიერ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნია. ეს ახალგაზრდა დაქორწინებული მამაკაცი თავაწეული იდგა სასამართლოს წინაშე და ისმენდა მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს; მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უმკაცრეს პირობებში, სამარტოო საკანში, სადაც თითქმის არაფერს აჭმევდნენ. თუმცა მარტინს ბოლომდე არ მოუწია სასჯელის მოხდა. 1926 წლის 13 აგვისტოს იგი კარგი ყოფაქცევის გამო საცდელი ვადით გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქმნის გამართლების საფუძველს

ძმა ბური 1985 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა. მისმა ოჯახის წევრებმა პირველად 2004 წელს მიმართეს სასამართლოს მარტინ ბურისთვის ბრალის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. შვიდი წლის შემდეგ მათ მოითხოვეს, რომ ბრატისლავა I-ის საოლქო სასამართლოს კვლავ გადაეხედა აღნიშნული საქმისთვის მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის საქმეზე — „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ — მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მიუხედავად იმისა, რომ მყარი სამართლებრივი საფუძველი არსებობდა მარტინისთვის ბრალის მოსახსნელად, სამწუხაროდ, ოჯახის მოთხოვნა აღნიშნულ საკითხზე მაინც უშედეგო აღმოჩნდა, ვინაიდან შიდა სასამართლო ინსტანციები თავს არიდებდნენ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლომ დამოკიდებულება მხოლოდ მომდევნო მსგავსი საქმის განხილვისას შეცვალა.

უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი: ვაიდას საქმე

მარტინ ბურის მსგავსად, იმრიხ ვაიდაც ერთ-ერთი იყო იმ იეჰოვას მოწმეთა შორის, რომლებმაც უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე. ის პირველად 1959 წელს, ხოლო შემდეგ 1961 წელს დააპატიმრეს კომუნისტური რეჟიმის დროს. 2014 წლის 13 მარტს სლოვაკეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო რეაბილიტაციის შესახებ ჩეხოსლოვაკიის №119/1990 კანონის საფუძველზე, მისთვის ბრალდება უნდა მოეხსნათ. აღნიშნული კანონი სპეციალურად მათთვის შეიმუშავეს, ვისთვისაც კომუნისტური რეჟიმის დროს უსამართლო განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. იმრიხ ვაიდას საქმის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს სლოვაკეთმა ბაიათიანის საქმის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მხედველობაში მიიღოს ის გარემოება, რომ ამნისტია ანუ შეწყალება აუცილებელი სამართლებრივი ღონისძიებაა მათთან მიმართებით, ვინც სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით სისხლის სამართლის დამნაშავედ იყო მიჩნეული.

ვაიდას საქმეზე მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ შექმნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი, რამაც შესაძლებელი გახადა, ბრატისლავა I-ის საოლქო სასამართლოში წარედგინათ განაცხადი მარტინ ბურისთვის ყოველგვარი ბრალეულობის მოხსნის მოთხოვნით. 2015 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე გააუქმა წინა გადაწყვეტილება. ამგვარად, გასამართლებიდან 90 და გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, მარტინ ბური უდანაშაულოდ ცნეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბაიათიანის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ვაიდას საქმის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შექმნა საფუძველი იმისა, რომ დასრულებულიყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული უსამართლობა. ამჟამინდელი მონაცემებით სლოვაკეთის სასამართლოებმა ბრალეულობა მთლიანად მოუხსნეს 1948 წლიდან 1989 წლამდე დაპატიმრებულ მოწმეთა უმრავლესობას, კერძოდ, 51 იეჰოვას მოწმეს.