2022 წლის 3 მაისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
„მზერა კვლავ იეჰოვასთან ურთიერთობას მიაპყარით“
უკრაინელი და პოლონელი და-ძმების გასამხნევებლად გამართული სპეციალური შეხვედრა
2022 წლის 26 აპრილს ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა მარკ სანდერსონი, პოლონეთში ჩავიდა, რათა გაემხნევებინა ომის შედეგად დაზარალებული და-ძმები.
ამ სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს ჩატარდა, უკრაინისა და პოლონეთის ყველა კრება იყო მიწვეული. შეხვედრას ვარშავის საკონგრესო დარბაზში უკრაინიდან დევნილი და-ძმები და ის მოხალისეები ესწრებოდნენ, რომლებიც დაზარალებულთა დახმარების საქმეში არიან ჩართულნი. გარდა ამისა, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შეხვედრას 250 000-ზე მეტი ადამიანი უსმენდა პოლონეთიდან და უკრაინიდან.
ძმა მარკ სანდერსონმა ასეთი სიტყვებით მიმართა აუდიტორიას: „მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები და-ძმები თქვენზე ფიქრობენ და თქვენთვის ლოცულობენ. მსოფლიო მთავარ სამმართველოში ყოველდღე ლოცულობენ რუს და უკრაინელ და-ძმებზე; ხელმძღვანელი საბჭოს შეხვედრებზეც ასე ვიქცევით. სირთულეები იეჰოვას მოწონების დაკარგვას სულაც არ ნიშნავს. ის ყველას გხედავთ, ყველანი უყვარხართ და განსაკუთრებულად ზრუნავს გასაჭირში მყოფ თავის მსახურებზე“.
ძმა მარკმა დასძინა: „მზერა კვლავ იეჰოვასთან ურთიერთობას მიაპყარით. ჩვენი მიზანი უბრალოდ სიცოცხლის შენარჩუნება კი არაა, არამედ ის, რომ ამ სირთულეების გადატანის შემდეგ უფრო ძლიერი რწმენა და ღმერთთან უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდეს. აი ამას გვასწავლის იეჰოვა!“.
სერჰი, რომელიც უხუცესად მსახურობს ოდესაში, აღნიშნავს: „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დარდმა მომიცვა და გაურკვევლობის გრძნობა მოსვენებას მიკარგავდა. მაგრამ ამ სპეციალურმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იეჰოვა თითოეულ ჩვენგანზე ინდივიდუალურად ზრუნავს“.
კიევიდან იძულებით გადაადგილებული ერთი და, ტატიანა, ამბობს: „დღეს მთელი სიცხადით შევიგრძენი, რამდენად ახლოა იეჰოვა პირადად ჩემთან. ის თბილად მიკრავს გულში და თავისი სიყვარულით მავსებს. სადაც არ უნდა ვიყოთ, იეჰოვა ჩვენ გვერდითაა“.
ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი და-ძმები და გვჯერა, რომ ამ სპეციალურმა პროგრამამ უკეთ დაანახვა მათ, რამდენად ურყევია იეჰოვას სიყვარული თავისი ხალხის მიმართ (ფსალმუნი 136:1).