არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 28 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

მთელ მსოფლიოში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა წერილების წერის კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა

მთელ მსოფლიოში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა წერილების წერის კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა

2017 წლის 21 მარტს, სამშაბათს, იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ მთელ მსოფლიოში მოწმეებს მოუწოდა, წერილები მიეწერათ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მოწმეებს მათი საქმიანობის აკრძალვით ემუქრებოდნენ ქვეყნის მასშტაბით. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რამდენმა წერილმა მიაღწია ადრესატამდე, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ზოგიერთმა და-ძმამ საპასუხო წერილი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ არ გაითვალისწინა მოწმეების წერილობითი თხოვნა, ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და მათი თაყვანისმცემლობა აკრძალა, წერილების წერის კამპანიამ ცხადყო, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის საოცარი ერთობა არსებობს. ამ კამპანიის წყალობით, რუსეთში მცხოვრებმა მოწმეებმა დაინახეს, რომ მსოფლიო საძმო მათ გვერდით დგას (1 პეტრე 2:17).

ბოლივიაში პატარა გოგონა წერილების წერის კამპანიაში იღებს მონაწილეობას

ბევრ და-ძმას კამპანიაში მონაწილეობის მიღება დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. ზოგი ქვეყნიდან რუსეთში წერილების გაგზავნა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ შეძლებულმა და-ძმებმა გულუხვად გაიღეს სახსრები, რათა ხელმოკლე და-ძმებსაც მიეღოთ მონაწილეობა კამპანიაში. ზოგ შემთხვევაში და-ძმებმა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ მეგობრებს სთხოვეს, მათი სახელით გაეგზავნათ წერილები, რადგან ამ ქვეყნებიდან წერილების გაგზავნა შედარებით იაფი იყო. ზოგან მოწმეების ოჯახები თუ კრების წევრები წერილების დასაწერად ერთად იკრიბებოდნენ, რათა ერთიანად გაეგზავნათ წერილები. ამგვარად, და-ძმებმა თანხებიც დაზოგეს და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და იეჰოვას. ეს კამპანია მართლაც დაუვიწყარი იყო!

ზოგ ქვეყანაში ფოსტის მუშაკებიც კი უჭერდნენ მხარს ძმებს წერილების წერის კამპანიაში. მაგალითად, კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში ფოსტის დირექტორმა აღნიშნა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა ერთობამ. წარმომიდგენია, რა ხდება მსოფლიოს სხვა ქალაქებში. მართლაც შთამბეჭდავია, რომ მთელ მსოფლიოში გაერთიანდით რუსეთში მცხოვრები თანამორწმუნეების მხარდასაჭერად. ეს ძლიერი გზავნილი იქნება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის. იმედი მაქვს, მას სათანადო გამოხმაურება მოჰყვება“. სამხრეთ კორეაში ერთმა საფოსტო განყოფილების უფროსმა მოწმეებს ფასიანი კონვერტები სრულიად უფასოდ შესთავაზა და ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, რათა წერილების გაგზავნა გაადვილებოდათ.

გვინეაში და-ძმები წერილების დასაწერად ერთად შეიკრიბნენ

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი იაროსლავ სივულსკი აღნიშნავს: „როდესაც რუსეთში მცხოვრებმა მოწმეებმა გაიგეს, რომ ხელმძღვანელმა საბჭომ წერილების წერის მსოფლიო კამპანიას გაუწია ორგანიზება, ძალიან გამხნევდნენ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სასამართლოს, მთავარი ის იყო, რომ ისინი მარტონი არ იყვნენ განსაცდელის პირისპირ“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი მარკ სანდერსონი ამბობს: „წერილების წერის კამპანიამ, ისე როგორც არასდროს, ცხადყო, რომ იეჰოვას ხალხს შორის არნახული ერთობა სუფევს. რაც უფრო გვიახლოვდება ქვეყნიერების აღსასრული, ასეთი ერთიანობა მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა თავისი ნებისამებრ წარმართავს მოვლენებს რუსეთში, ჩვენ კი ყველაფერს ვიღონებთ, რათა მხარში ამოვუდგეთ და-ძმებს; კვლავაც გავაგრძელებთ გულმხურვალე ლოცვას ჩვენს რუს და-ძმებზე იმაში დარწმუნებულები, რომ იეჰოვა მზრუნველობას არ მოაკლებს მათ“ (ფსალმუნი 65:2).

 

ავსტრია

ბოლივია

ბოსნია-ჰერცოგოვინა

განა

გერმანია

გვატემალა

დანია

ეკვადორი

ესპანეთი

ზამბია

იაპონია

ინდონეზია

ნეპალი

რუანდა

რუმინეთი

სლოვაკეთი

ტანზანია

შვეიცარია

შრი-ლანკა