2022 წლის 27 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რამაპოს პროექტი
მოვიპოვეთ შესასვლელი გზის რეკონსტრუქციის ნებართვა; ველოდებით სამშენებლო ნებართვას
2022 წლის 8 მარტს რამაპოს პროექტის სამშენებლო კომიტეტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი ნებართვა ტაქსიდოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისგან. აღნიშნული ნებართვა შესაძლებლობას იძლევა, რომ გადაკეთდეს და გაფართოვდეს რამაპოს კომპლექსამდე მისასვლელი გზა. გარდა ამისა, ძმები კვლავ ელოდებიან საბოლოო ნებართვას მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით რამაპოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისგან. a
სამშენებლო კომიტეტის კოორდინატორი, ძმა რობერტ მაკრედმონდი, აღნიშნავს: „პროექტზე მუშაობის დასაწყისშივე მივხვდით, რომ კომპლექსამდე მისასვლელი გზა გადაკეთებას საჭიროებდა, რათა გადაადგილება უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. ეს ნებართვა საშუალებას მოგვცემს, დავიქირაოთ კონტრაქტორები და შევუდგეთ გზის გადაკეთებას. სამუშაოები, რომელსაც კონტრაქტორები შეასრულებენ, ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნულის პარალელურად, მოხალისე და-ძმები მუშაობენ შესასვლელ გზაზე არსებული ისტორიული ქვის ხიდის აღდგენაზე“.
ძმა გარი სტრადოვსკი, რომელიც აგრეთვე სამშენებლო კომიტეტში მსახურობს, ამბობს: „ძალიან გაგვახარა ამ ნებართვის მოპოვებამ. ვიმედოვნებთ, რომ მშენებლობის ნებართვასაც მალე მივიღებთ. როგორც კი ეს მოხდება, კონტრაქტორები შეუდგებიან სამშენებლო მოედნის დასუფთავებას და მოსამზადებელ სამუშაოებს. სავარაუდოდ, ეს მიმდინარე წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, 2023 წლის შუა პერიოდიდან მოხალისეებსაც შეეძლებათ, შემოგვიერთდნენ“.
გვახარებს ამ ახალი ამბის გაგება და ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ თავისი სულით გვიხელმძღვანელოს (ზაქარია 4:6).
a რამაპოს მიწის ნაკვეთი ორი ოლქის, ორინჯისა და როკლენდის, ტერიტორიაზე მდებარეობს. ამიტომ სამშენებლო კომიტეტმა ნებართვები უნდა მიიღოს როგორც ტაქსიდოს, ისე რამაპოს ურბანული დაგეგმარების სამსახურებისგან.