არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 19 თებერვალი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

მსოფლიოში პირველად ხელმისაწვდომია სრული ბიბლია ჟესტურ ენაზე

მსოფლიოში პირველად ხელმისაწვდომია სრული ბიბლია ჟესტურ ენაზე

2020 წლის 15 თებერვალს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბოლო წიგნი ამერიკულ ჟესტურ ენაზე. მთელ მსოფლიოში ეს გახლავთ ბიბლიის პირველი სრული ვერსია ჟესტურ ენაზე. ეს ისტორიული მნიშვნელობის განცხადება ფლორიდის შტატში, ფორტ-ლოდერდეილში მდებარე ამერიკული ჟესტური მთარგმნელობითი ოფისის მიძღვნის პროგრამის კულმინაცია იყო. პროგრამა ჩატარდა იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში, უესტ პალმ ბიჩში (ფლორიდა).

მიძღვნის პროგრამას ესწრებოდა 2 500 ადამიანი, ხოლო 15 635 — პირდაპირი ტრანსლაციით ისმენდა პროგრამას ბელიზში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, კანადაში, ტრინიდადსა და ტობაგოში, შეერთებულ შტატებში და ჰაიტიზე მდებარე სამეფო დარბაზებიდან. მთლიანობაში პროგრამა მოისმინა 18 000-ზე მეტმა ადამიანმა.

ძმა ჯეფრი ჯექსონი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, პროგრამის დროს ინტერვიუს იღებს

მიძღვნის მოხსენების შემდეგ ძმა ჯეფრი ჯექსონმა გამოაცხადა ამერიკულ ჟესტურ ენაზე ბიბლიის ბოლო წიგნის გამოცემის შესახებ. „გვსურს, რაღაც გითხრათ, რაღაც განსაკუთრებული“, — თქვა მან მოხსენების ბოლოს. «წიგნ „იობის“ გამოცემით დასრულდა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსიის გამოცემა ... როგორც ვიცით, იეჰოვას მოწმეები არიან პირველები, რომლებმაც ამერიკულ ჟესტურ ენაზე სრული ბიბლია გამოსცეს და, როგორ ჩანს, მთელ მსოფლიოში აქამდე არასოდეს გამოცემულა რომელიმე ჟესტურ ენაზე სრული ბიბლია».

წიგნ „იობის“ გამოცემით დასრულდა 15-წლიანი მთარგმნელობითი საქმიანობა. ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ამერიკულ ჟესტურ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობა მთარგმნელობითმა ჯგუფმა 2004 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ გამოიცა „მათეს სახარება“, ხოლო „ბერძნული წერილების“ დანარჩენი წიგნები ეტაპობრივად გამოიცემოდა 2010 წლამდე; „ებრაული წერილები“ კი ბოლო ათწლეულში გამოიცა.

ამერიკულ ჟესტურ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ეტაპობრივად გამოცემამ უდიდესი გავლენა მოახდინა სმენადაქვეითებულ ადამიანებზე. «როდესაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ვიდეოჩანაწერს პირველად ვუყურე, ცრემლები ვერ შევიკავე, — თქვა ერთმა მაუწყებელმა, ისიას იტონმა. — როცა ბიბლიას ინგლისურ ენაზე ვკითხულობდი, გულს არ ეხებოდა, მაგრამ როგორც კი ჟესტურ ენაზე შესრულებული ბიბლიის ვიდეოჩანაწერის ყურება დავიწყე, ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა».

ამ თარგმანის გამოცემამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბევრი მაუწყებლის მსახურება ჟესტურენოვან კრებებში. „ახლა ბიბლიურ ჭეშმარიტებას სრულად ჩავწვდი და შესაბამისად, მსახურებაშიც უფრო თამამი და გაბედული ვარ“, — აღნიშნა ძმა დეივიდ გონსალესმა, რომელიც ამერიკულ ჟესტურ მთარგმნელობით ოფისში მსახურობს. „სანამ ეს თარგმანი გვექნებოდა, მსახურებაში თავდაჯერებულობა მაკლდა და იმის იმედი მქონდა, რომ მობინადრე რთულ შეკითხვას არ დამისვამდა. მაგრამ ახლა, როცა სრული ბიბლია გვაქვს, უფრო თავდაჯერებული გავხდი და მზად ვარ რთულ კითხვებსაც ვუპასუხო“.

„ამერიკულ ჟესტურ ენაზე ბიბლიის თარგმნის პროექტი სხვა ჟესტური ენების ნიმუშად იქცა“,— აღნიშნა ნიკოლას ახლადისმა, რომელიც მსახურობს მსოფლიო მთავარ სამმართველოში, უორიკში (ნიუ-იორკი) არსებულ მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში. „ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი დღეს უკვე 17 ჟესტურ ენაზეა ხელმისაწვდომი და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, — დასძინა მან.

უდავოა, ამერიკულ ჟესტურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უფრო მეტ ადამიანს დააახლოებს იეჰოვა ღმერთთან, რადგან ღვთის სიტყვის ვიდეოჩანაწერის მშობლიურ ენაზე ყურება მათ გულებს უსათუოდ შეეხება (საქმეები 2:6).