2020 წლის 30 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
მსოფლიო საძმო გვერდში უდგას იმ და-ძმებს, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს ოჯახის წევრები
მსოფლიოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ დაინფიცირება; თუმცა გვესმის, რომ ამ ვირუსის მომაკვდინებელი შედეგებისგან ბოლომდე მაინც არავინაა დაცული (ეკლესიასტე 9:11). სამწუხაროდ, დღემდე მსოფლიო მასშტაბით 872 და-ძმაა დაღუპული COVID-19-ის ვირუსით. ჩვენი თანაქრისტიანები ანუგეშებენ და მხარში უდგანან დაღუპულთა ოჯახის წევრებს (1 კორინთელები 12:26). მთელ მსოფლიოში მცხოვრები და-ძმები, უპირველეს ყოვლისა, იეჰოვაზე ამყარებენ იმედს, რადგან ის, ფილიპელების 4:7-ში ჩაწერილი დაპირებისამებრ, ყოველთვის გვაძლევს მშვიდობას.
ერთ-ერთი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა და-ძმების მხრიდან ნუგეშისცემა, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბოლცანოში მცხოვრები სპეციალური პიონერი, ჰანჩენ უნუცერია. სამწუხაროდ, მისი ქმარი, მანფრედ უნუცერი, 2020 წლის 28 მარტს დაიღუპა კორონავირუსით. ძმა მანფრედი თითქმის 58 წლის განმავლობაში სპეციალური სრული დროით მსახური იყო, მეუღლესთან ერთად კი 54 წელი ემსახურებოდა იეჰოვას. მათ 25 წელი მიმოსვლით მსახურებაში გაატარეს. ძმა მანფრედის დაკრძალვის მოხსენება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით თითქმის 1 000-მა და-ძმამ მოისმინა სხვადასხვა ქვეყნიდან.
და ჰანჩენი თავის ემოციებს ასე გამოხატავს: „ძალიან ვემადლიერები და-ძმებს. ისინი გვერდიდან არ მშორდებოდნენ. მათ ერთი საათიც კი არ დავუტოვებივარ მარტო. უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ისინი ზრუნავდნენ ჩემს ემოციურ, სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. ყველა და-ძმა ძალიან მიყვარს“.
მწუხარების ჟამს და-ძმებმა მარია და დარვინ მონკადების წყვილიც ანუგეშეს. ისინი ეკვადორის მთიან რეგიონში, კეჩუაენოვან ტერიტორიაზე მსახურობენ. სამწუხაროდ, ვირუსის გამო, მარიას ჯერ ერთი მშობელი დაეღუპა, ექვსი დღის შემდეგ კი — მეორე. და ფაბიოლა სანტანა ჯორდანი, რომელიც 56 წლის იყო, პიონერად მსახურობდა, ხოლო ძმა რიკარდო ჯორდანი მომსახურე იყო პრადერასის კრებაში, ქალაქ გუაიაკილში; ის 60 წლის იყო. მარიას ორი ძმაც დაინფიცირდა კორონავირუსით, მაგრამ, საბედნიეროდ, ორივე გამოჯანმრთელდა.
ტრაგედიით დამწუხრებული მარია აპირებდა გუაიაკილში ჩასვლას, რისთვისაც მას ოთხსაათიანი მგზავრობა მოუწევდა. მას სურდა, ენუგეშებინა ოჯახის წევრები და დაკრძალვის ორგანიზებაში დახმარებოდა მათ. წყვილმა ბევრი ილოცა ამ საკითხზე. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ არ წასულიყვნენ გუაიაკილში, რადგან ეს არც ისე უსაფრთხო იქნებოდა. ისინი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ვიდეოზარის მეშვეობით უკავშირდებოდნენ. და მარია ამბობს: „იქ ჩასვლით საფრთხეს შევუქმნიდით როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას“.
ბუნებრივია, რომ მარია მომხდარის გამო უდიდეს მწუხარებასა და ტკივილს განიცდიდა, მაგრამ მას და მის მეუღლეს არ შეუწყვეტიათ სულიერ საქმეებში მონაწილეობა. ისინი გამუდმებით ლოცულობდნენ და ხელმძღვანელობას სთხოვდნენ იეჰოვას; გახსენების საღამოზე ეპატიჟებოდნენ ბიბლიის შემსწავლელებს და კითხულობდნენ გახსენების საღამოს პერიოდში წასაკითხ ბიბლიურ მუხლებს. ისინი წერილებით ქადაგებდნენ და კრების შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესწრებოდნენ. მარიას ცხრა ნათესავმა, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, მოისმინა გახსენების საღამოს მოხსენება ესპანურ ენაზე.
„ჩვენმა ბიბლიის შემსწავლელებმა ყველაფერი იღონეს საიმისოდ, რომ გახსენების საღამოს მოხსენებისთვის ეყურებინათ კრებასთან ერთად, რაც მათთვის ადვილი ნამდვილად არ იყო. მათმა მონდომებამ ძალიან გაგვამხნევა“, — გვიყვება მარია, — „სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთეს ჩემმა ოჯახის წევრებმაც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაგვერთნენ და უყურეს პროგრამას“.
მარია განაგრძობს: „ამ შემთხვევამ დაგვანახვა, რომ, ურთულეს მდგომარეობაშიც კი, სულიერ საქმეებში აქტიურობა საუკეთესო საშუალებაა ტკივილის დასაამებლად. იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენი შეუპოვრობა და აუცილებლად გვაკურთხებს“.
მთელი მსოფლიო საძმო განიცდის, რომ პანდემიამ საყვარელი და-ძმების სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვენ კვლავ ვილოცებთ, რომ იეჰოვამ გააძლიეროს დაღუპულთა ოჯახის წევრები. მთელი გულით ველით იმ დროს, როცა იეჰოვა მოსპობს ტკივილის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს, მათ შორის, ეპიდემიებს და მკვდრეთით აღადგენს თავის ერთგულ მსახურებს (1 კორინთელები 15:21, 22).