2021 წლის 8 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
მშობლები JW სიახლეებში განთავსებული სტატიების მეშვეობით ასწავლიან შვილებს, გაბედულად გაუმკლავდნენ განსაცდელებს
ბევრი იეჰოვას მოწმე მშობელი JW სიახლეებში განთავსებულ სტატიებს იყენებს, რათა შვილებს რწმენის გაძლიერებაში დაეხმაროს.
ერთი იაპონელი დედა ფუმიკო ტაკეჰარა თავის 12 წლის ვაჟთან, ნაოკისთან, ერთად კითხულობს და განიხილავს JW სიახლეებში განთავსებულ სტატიებს. ისინი სტატიებში მოხსენიებული და-ძმების სურათებს ბეჭდავენ და კედელზე აკრავენ. ფუმიკო გვიყვება: „ჩვენ მათ სათითაოდ ვიხსენიებთ ლოცვებში. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის ხალხს ციხეში ყოფნის დროსაც კი ეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში. ეს სიხარული მათ სახეებზეა აღბეჭდილი. მათი მაგალითი ჩემს შვილს ეხმარება, იეჰოვას ერთგული დარჩეს სკოლაში განსაცდელების დროს“.
კოტ-დ’ივუარში მცხოვრები ორი შვილის მამა კილანკო ზანუ ამბობს: „ყოველდღე ვათვალიერებ JW სიახლეებში განთავსებულ სტატიებს“. კილანკო ამ სიახლეებს ხშირად ოჯახური თაყვანისცემის დროს განიხილავს. მან დაინახა, რომ მისმა ოჯახის წევრებმა, მათ შორის 7 წლის მატიასმა, ბევრი რამ ისწავლეს იმ ძმებისგან, რომლებიც დევნის მიუხედავად მედგრად იტანენ განსაცდელებს.
მატიასს სკოლაში ქადაგების ეშინოდა. კილანკო იხსენებს: «ოჯახური თაყვანისცემის დასრულებისას გულანთებულმა მატიასმა წამოიძახა: „მე აღარ მეშინია ქადაგების!“».
ინდონეზიაში მცხოვრებმა ჰოლმეს სიმატუპანგმა თავის შვილებთან ერთად წაიკითხა ორი სტატია ინდონეზიელი იეჰოვას მოწმეების შესახებ, რომლებიც სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ დროშას სალამი არ მისცეს.
ძმა ჰოლმესი ამბობს: „ჩვენს ორ შვილსაც მსგავსი პრობლემა აქვს სკოლაში. ისინი გამუდმებით ზეწოლის ქვეშ არიან მასწავლებლების თუ კლასელების მხრიდან, რომ სალამი მისცენ დროშას, იმღერონ ჰიმნი და შეუერთდნენ მათ რელიგიურ ღონისძიებებს. ამის გამო, რაღაც პერიოდი, ბავშვებს სკოლაში წასვლის შიშიც კი ჰქონდათ.
ოჯახური თაყვანისცემის დროს ამ ორი სტატიის განხილვის შემდეგ მათ უკვე თამამად შეუძლიათ აუხსნან სხვებს, თუ რატომ ამბობენ უარს დროშისთვის სალმის მიცემაზე. ბავშვები ახლა ისე ძალიან აღარ განიცდიან, თუ ამის გამო სკოლიდან გაირიცხებიან“.
ბრაზილიაში მცხოვრები ერთი და ლედი ნერი პასოსი ამბობს: „ჩვენი შვილი პედრო ექვსი წლის იქნებოდა, როცა სკოლაში დაბადების დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა“. პედროს რომ დახმარებოდა, ლედი ნერი დაფიქრდა JW სიახლეებში მოცემულ შემთხვევებზე, საიდანაც ჩანდა, თუ როგორ ემზადებოდნენ და-ძმები განსაცდელებისთვის. ის გვიყვება: „ოჯახურ თაყვანისცემაზე გავითამაშეთ რეალური სიტუაცია, რაც მოამზადებდა პედროს იმ მომენტისთვის, როცა მსგავსი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებოდა“. ამ ინსცენირებებმა ასწავლა პედროს, როგორ დაეცვა თავისი რწმენა გაბედულად.
JW სიახლეებში მოცემული სტატიები შეგვახსენებს, თუ როგორ აძლიერებს იეჰოვა თავის ერთგულ ხალხს და როგორ ზრუნავს მათზე. არაერთი მტკიცებულება გვაქვს, გვჯეროდეს, რომ განსაცდელების დროს იეჰოვა სიხარულითა და თავის წმინდა სულით აგვავსებს (საქმეები 13:50—52).