2020 წლის 15 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
პანდემიის პერიოდში მოზარდები მსახურების ახალ მეთოდებს მიმართავენ
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმე მოზარდები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ სულიერ საქმეებში აქტიურობა შეინარჩუნონ. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ისინი ქადაგებისა და და-ძმების გამხნევების სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ.
ახალ ზელანდიაში იეჰოვას მოწმეთა ზოგმა ოჯახმა ფანჯრის რაფებზე სათამაშოები დაალაგა და მინებზე სურათები მიაკრა, რათა მეზობლის ბავშვებს მათ სახლთან გავლისას დაენახათ. ზოგ კრებაში მოზარდები მსახურების სხვა შესაძლებლობას იყენებენ. მათ ფურცლებზე მათე და თათია დახატეს და დააწერეს: „გვიყურეთ ვებგვერდზე jw.org“.
შვეიცარიაში მცხოვრებმა ცხრა წლის ემილიამ, რომელსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს, წერილები მისწერა მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფებს, სადაც ახლა მნახველების მიღება აკრძალულია. წერილებს მან ნოესა და კიდობნის ნახატები დაურთო და ახსნა, რომ ერთ დროს ნოეს ოჯახიც იზოლაციაში იმყოფებოდა, რის წყალობითაც მათ სიცოცხლე შეინარჩუნეს. ემილიამ ურჩია იქ მცხოვრებთ, რომ მიებაძათ ნოესთვის და გარეთ არ გამოსულიყვნენ. როცა პანდემია დასრულდება, ემილია მათ მონახულებას აპირებს.
ემილიას ზოგმა საპასუხო წერილები მისწერა, რის შემდეგაც მან ხელახლა გაუგზავნა მათ წერილები. ადგილობრივმა ჟურნალისტმა ემილიას შესახებ შეიტყო და ეს ამბავი გაზეთში გამოაქვეყნა.
ონტარიოში (კანადა) მცხოვრები ორი ახალგაზრდა და, პეიტონ და ელა კემპფები, პანდემიის მიუხედავად, კრებასთან კავშირს არ წყვეტენ. მათი მამა, ჯერედი აღნიშნავს: „ოჯახური თაყვანისცემის დროს გოგონები დაგვეხმარნენ, შეგვედგინა იმ ადამიანთა სია, რომელთაც ამ პერიოდში დავუკავშირდებოდით“. ხოლო დედამ, ჯესიკამ თქვა: „გვინდა, ჩვენს შვილებს ვასწავლოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, დავარწმუნოთ ჩვენი და-ძმები, ნათესავები თუ მეგობრები, რომ გვახსოვს ისინი“.
კოლორადოში (აშშ) მცხოვრებმა ცხრა წლის სტელამ და დედამისმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ყურადღება კრების ხანდაზმული და-ძმების მიმართ გამოევლინათ. მათ შეადგინეს სია და თითოეულ მათგანს ტელეფონით დაუკავშირდნენ.
არიზონაში (აშშ) მცხოვრები ძმები, 12 და 15 წლის იონათან და შონ მაკკემპსონები, მშობლებთან ერთად ჩინურ კრებაში მსახურობენ. ისინი ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყებამდე, წერილებს წერენ ჩინურ ენაზე და ამგვარად მსახურობენ. ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ ეუფლებიან ამ უცხო ენას, წერილების წერა მათგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მოზარდები კვლავაც გულმოდგინედ გადასცემენ ბიბლიურ ცნობას ჩინურ ენაზე მოსაუბრე ხალხს.
ერთი და, 2-დან 15 წლამდე ასაკის ექვს შვილთან და პიონერ დასთან ერთად რეგულარულად სტუმრობდა დასავლეთ მიჩიგანის მოხუცებულთა სახლს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, იქ მნახველების მიღება აიკრძალა. ამიტომ ბავშვების მშობლებმა გადაწყვიტეს, თავშესაფარში მყოფთათვის ვიდეოჩანაწერები გაეგზავნათ. ვიდეოებში ბავშვები სამეფოს სიმღერებს მღერიან ან ბიბლიურ მონაკვეთებს კითხულობენ მათთვის. თავშესაფარში მომუშავე თერაპევტმა ბავშვების მამას უამბო, როგორ დაამშვიდა ერთმა ვიდეომ თავშესაფარში მცხოვრები ერთი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით განიცდიდა კორონავირუსით გარდაცვლილთა ამბავს.
დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა აფასებს ამ მოზარდების ძალისხმევას, რომლებიც მოყვასის მიმართ სიყვარულს ავლენენ და ყველა შესაძლებლობას იყენებენ ღვთის განსადიდებლად (ფსალმუნი 148:12, 13).