2020 წლის 26 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
პანდემიის პირობებში მსოფლიო საძმო ქადაგების ინოვაციურ მეთოდებს მიმართავს
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ მილიონობით იეჰოვას მოწმის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. ისინი ითვალისწინებენ სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემულ მითითებებს და ამასთანავე, თეოკრატიულ განრიგსაც მიჰყვებიან. ვირუსის აქტიური გავრცელების ზონებში მცხოვრები და-ძმები კრეატიულ მეთოდებს მიმართავენ სამქადაგებლო მსახურების გასაგრძელებლად.
იტალიის ქალაქ პიზაში მცხოვრები ერთი ძმა აღნიშნავს: „სრულიად უჩვეულო მსახურებაში ვართ ჩართულნი! ახლა ყველა სახლშია; ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ ტელეფონების კონტაქტებში მოვძებნეთ ნაცნობები და ახლობლები და მათ ვიდეოკონფერენციით დავუკავშირდით. შედეგად, ბევრ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ და ვაკეთებთ განმეორებით მონახულებებს მათთან, ვისთანაც ადრე გვქონდა ნასაუბრები და მათთანაც, ვინც ახლა გამოავლინა ინტერესი. ასე რომ, საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ მსახურებას და შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს“.
სამხრეთ კორეაში, შექმნილი კრიზისის გამო, მაუწყებლები ახლა უფრო ხშირად იყენებენ ჩვენი ვებგვერდისა და JW ბიბლიოთეკის აპლიკაციის ფუნქციებს. მაგალითად, ერთმა ძმამ მოულოდნელად მიიღო ტექსტური შეტყობინება ყოფილი ბიბლიის შემსწავლელისგან, რომელმაც სამი წლის წინ შეწყვიტა შესწავლა. მან აღნიშნა, რომ შექმნილმა ვითარებამ სულ სხვანაირად დააფიქრა „ბოლო დღეების“ ნიშანზე. ძმამ გამოიყენა JW ბიბლიოთეკის აპლიკაციაში ფაილის ბმულით გაზიარების ფუნქცია და ტექსტური შეტყობინებით სათანადო ინფორმაცია გაუგზავნა ყოფილ შემსწავლელს. «გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ „ბოლო დღეებზე“ მიმანიშნებელმა ამ მტკიცებულებამ ბევრ ადამიანში გააღვიძა სულიერი წყურვილი», — აღნიშნავს ეს ძმა.
სხვადასხვა ქვეყნის ფილიალებიდან მოსული ანგარიშები ცხადყოფს, რომ ჩვენი და-ძმებისთვის სამქადაგებლო მსახურება ძალიან ძვირფასია. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ იყენებენ ისინი „პრაქტიკულ სიბრძნეს“ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას (მიქა 6:9, სქოლიო).
პუერტო-რიკოში სარაიონო ზედამხედველი მსახურების შეხვედრას ატარებს.
გერმანიაში პიონერი დები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ერთად წერენ წერილებს.
სამხრეთ კორეაში მაუწყებელი ატარებს ბიბლიის შესწავლას.
საფრანგეთში წყვილი ტელეფონით ქადაგებს.
ჰავაიში ჩვენი და თავის ბიჭთან ერთად წერილს წერს.