2021 წლის 28 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
პიონერების სკოლა პირველად ჩატარდა ონლაინ რეჟიმში
პანდემიის გამო 2021 სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში პიონერების სკოლა პირველად ჩატარდა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. მიწვეულმა მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დასწრებოდნენ ამ სულიერ ღონისძიებას, რადგან კარგად ესმოდათ მისი ფასი. ქვემოთ მოცემული შემთხვევებიდან დავინახავთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა პიონერებს, დაეძლიათ სერიოზული სირთულეები და დასწრებოდნენ სკოლას.
და მიეკო იოშინარი, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, 30 წელია, რაც პიონერად მსახურობს (იხილეთ სტატიის დასაწყისში მოცემული სურათი). და მიეკომ გადაწყვიტა, დასწრებოდა ონლაინ სკოლას, მიუხედავად იმისა, რომ უჭირს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება და თან მხედველობის პრობლემა აქვს. ის ამბობს: „პირადი კვლევის შედეგად მომზადებულ კომენტარებს დიდი ასოებით ვწერდი, რომ ადვილად წამეკითხა. პიონერული სკოლის მეშვეობით იეჰოვამ ძალიან გამამხნევა და გამაძლიერა“.
და ანიტა კარიუკი, რომელიც კენიის დედაქალაქ ნაირობთან ახლოს მდებარე ქალაქ თიკაში ცხოვრობს, კოსმეტოლოგია და თავისი სალონი აქვს. სკოლას რომ დასწრებოდა, მას ერთი კვირით უნდა დაეკეტა სალონი. ამაზე ანიტა თავიდან ნერვიულობდა, მაგრამ ის ბოლომდე მიენდო იეჰოვას. ანიტა ამბობს: „ჩემი საწუხარი იეჰოვას მივანდე ლოცვაში და მსახურება განვაგრძე“. სკოლის დაწყების წინ, შაბათ-კვირას, მან იმდენი ფული გამოიმუშავა, რაც ხარჯების დიდი ნაწილის დასაფარად ეყოფოდა. მიუხედავად იმისა, რომ 30 ამერიკული დოლარი კიდევ სჭირდებოდა, ის მაინც დაესწრო სკოლას. ოთხშაბათს საღამოს ანიტას ერთმა მომხმარებელმა დაურეკა და უთხრა, რომ ვალის დაბრუნება უნდოდა. თანხა ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც ანიტას სჭირდებოდა ხარჯების სრულად დასაფარად!
ჰონდურასში, იოროს დეპარტამენტში ერთი ჩვენი დის, ლორენ მადრიგალესის, სახლი ქარიშხლების, „ეტასა“ და „იოტას“, შედეგად დაიტბორა და ერთი მეტრის სიმაღლეზე ტალახით დაფარა. ლორენმა და მისმა ოჯახმა თითქმის მთელი ქონება დაკარგეს. მათ საცხოვრებლად დროებით სხვაგან მოუწიათ გადასვლა. ზუსტად ამ დროს მიიწვიეს ლორენი პიონერების სკოლაში. ამ ამბავმა ის ძალიან გაახარა, თუმცა ნერვიულობდა, რადგან ფიქრობდა, რომ სკოლის დაწყებამდე ვერ მოასწრებდნენ სახლ-კარის ტალახისგან გაწმენდას. ის ამბობს: „ყოველ დილით, გამთენიისას ვიწყებდით გაწმენდას და გვიან ღამით ვამთავრებდით. რამდენიმე დღეში ისე დავიქანცე, არაფრის თავი აღარ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ძალა არ მეყოფოდა სკოლისთვის მასალის მოსამზადებლად. ამიტომ ძმებს ვუთხარი, რომ სკოლას ვერ დავესწრებოდი“. ამის შემდეგ ლორენმა ილოცა და უთხრა ღმერთს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მისდა გასაკვირად, სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა შესთავაზა მას, რომ სახლის გაწმენდაში დაეხმარებოდა. ამან ლორენს შესაძლებლობა მისცა, რომ სკოლას თავისი სახლიდან დასწრებოდა და პროგრამისთვისაც წინასწარ მომზადებულიყო.
ძმა სპენსერ სტაში და მისი მეუღლე ალექსანდრა პიონერებად მსახურობენ კლივლენდში, ოჰაიოს შტატში (შეერთებული შტატები). სკოლის დაწყებამდე სპენსერის მამას, რობერტს, რომელიც ქვრივი იყო, საავადმყოფოში მოუწია დაწოლა. წყვილი ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა სკოლის გავლას. თუმცა რობერტი ეუბნებოდა მათ, რომ ამაზე უარი არ ეთქვათ. სამწუხაროდ, სკოლის დაწყებამდე ორი დღით ადრე რობერტი გარდაიცვალა. მხურვალე ლოცვებით გაძლიერებულმა სპენსერმა და ალექსანდრამ შეძლეს, დასწრებოდნენ სკოლას. მათ მხოლოდ პირველი დღე გაუცდათ. სპენსერი ამბობს, რომ ახლა თავს მშვიდად გრძნობენ, რადგან ის გააკეთეს, რაც მამამისს ძალიან უნდოდა. „ველით იმ დროს, როცა ახალ ქვეყნიერებაში ვეტყვით მას, რომ სკოლას დავესწარით და იქ ნასწავლ ზოგიერთ აზრსაც გავუზიარებთ. ნუგეში, რომელიც თანაკლასელებისა და მასწავლებლებისგან მივიღეთ, ნამდვილად დროული იყო ჩვენთვის“.
ძმა ჩუნგ და-სიკი, რომელიც სამხრეთ კორეიდან არის, ბოლო ათი წელია, სანატორიუმში ცხოვრობს. ინსულტის გამო ის ნაწილობრივ პარალიზებულია, რის გამოც ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება. ის ცდილობდა, დასწრებოდა წინა პიონერულ სკოლებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ერთ დღეზე მეტს ვერ ესწრებოდა. ამჯერად, როცა უთხრეს, რომ პიონერების სკოლას ონლაინ რეჟიმში გაივლიდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. „იმდენად მადლიერი ვიყავი, რომ სიხარულისგან ავტირდი. სხვანაირად, ვერ შევძლებდი პიონერების სკოლის გავლას. განხილვებში მონაწილეობამ დიდი სიხარული მომანიჭა“,— აღნიშნა მან.
ძმა ედი ელ ბაიე და მისი მეუღლე ჩერისი ახალი სამხრეთ უელსის შტატში ცხოვრობენ (ავსტრალია). „ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჩემი მსახურება ერთ წერტილზე გაიყინა. მსახურების განრიგს კი მივყვებოდი, მაგრამ ენთუზიაზმი არ მქონდა“,— ამბობს ჩერისი. ამ მხრივ მისთვის ძალიან დამხმარე აღმოჩნდა პიონერული სკოლა. „დავინახე, რომ მსახურების გაფართოების უამრავი საშუალება არსებობდა, შეზღუდულ პირობებშიც კი“.
ედი გვიხსნის, როგორ გაამხნევა სკოლამ: «სკოლის მეშვეობით ვიგრძენი, როგორ ჩამიხუტა თავად უზენაესმა; თითქოს ნაზად დამარტყა ხელი მხრებზე და მითხრა: „ასე განაგრძე, მე შენთან ვარ! მიყვარხარ და ვიზრუნებ შენზე!“».
დაგეგმილია, რომ წელს, მოგვიანებით კიდევ ჩატარდეს სკოლები ონლაინ რეჟიმში. რა სასიხარულოა, რომ რთული სიტუაციების მიუხედავად, იეჰოვას ხალხი აგრძელებს განათლების მიღებას! ეს შეგვახსენებს იობის სიტყვებს: „ღმერთი თავისი ძლევამოსილებითაა განდიდებული; ვინ არის მისნაირი მოძღვარი?!“ (იობი 36:22).
ქვემოთ მოცემულ სურათზე ნაჩვენებია სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებმაც აგრეთვე ონლაინ რეჟიმში გაიარეს პიონერული სკოლები სხვადასხვა ქვეყანაში
არგენტინა: მოსწავლეები ვირტუალურ ფონს იყენებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არაფორმალურად ქადაგების სცენა შექმნან.
კამერუნი: პიონერული სკოლის მასწავლებელი ძმა გი ლეიტონი, რომელიც 12 წელია, რაც მისიონერად მსახურობს კამერუნში, კლასს უჩვენებს მკვდარი ზღვის ხელნაწერების ზუსტ ასლს ბიბლიის თარგმანების განხილვის დროს.
საბერძნეთი: პიონერების სკოლას ატარებს ძმა ტაკის პანტოულასი, სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ცენტრალური საბერძნეთის კრებებს ინახულებს.
იტალია: იტალიაში ინგლისურ ენაზე ჩატარებული ხუთი პიონერული სკოლიდან ერთ-ერთი
მექსიკა: ზოგი, ვინც პიონერულ სკოლას ესწრებოდა, იყენებდა ცოცილი ენის ახალ სახელმძღვანელოს, რომელზეც ძირითადად ჩიაპასის შტატში საუბრობენ. ეს პირველი სკოლა იყო, რომელიც მთლიანად ცოცილი ენაზე ჩატარდა.
შრი-ლანკა: ძმა ნიშანტა გუნავანდარა და მისი მეუღლე შირომალა, რომლებიც სპეციალური პიონერები არიან, პიონერულ სკოლას გადიან.
ტარზანია: ძმა უილიამ ბუნდალა, რომელიც ქალაქ ზანზიბარში უხუცესად მსახურობს, თავისი სახლის ეზოში ზის, სადაც Wi-Fi-ის უფრო კარგი მიღება აქვს.