არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოდან გადაღებული სურათი 1946 წლის თეოკრატიულ კონგრესზე „ბედნიერი ხალხი“ (კლივლენდი, ოჰაიო, აშშ.)

2021 წლის 2 აგვისტო
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონგრესის 75-ე იუბილე

ისტორიული თეოკრატიული კონგრესი, სახელწოდებით „ბედნიერი ხალხი“, გახდა მომავალი ფართომასშტაბიანი შეკრებების ნიმუში.

პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონგრესის 75-ე იუბილე

2021 წლის 4 აგვისტოს იეჰოვას მოწმეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის ჩატარებიდან 75 წელი შესრულდა. ეს კონგრესი, რომლის სახელწოდებაც იყო „ბედნიერი ხალხი“, 1946 წლის 4—11 აგვისტოს ჩატარდა კლივლენდში (ოჰაიოს შტატი, აშშ.) მუნიციპალურ აუდიტორიასა და სტადიონზე.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე იეჰოვას მოწმეებმა ორგანიზება გაუწიეს კონგრესის ჩატარებას. მსოფლიოში არსებული სამხედრო დაპირისპირებების ფონზე ეს შეხვედრა ნამდვილად დროული იყო. კონგრესზე დასასწრებად ათასობით და-ძმა ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. განსხვავებული ეროვნებისა და წარმოშობის ადამიანები მშვიდობიანად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან მაშინ, როცა სეგრეგაციის საკითხი ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად იდგა შეერთებულ შტატებში.

კონგრესზე, „ბედნიერი ხალხი“, პირველად შეიკრიბა 80 000 იეჰოვას მოწმე ერთ ადგილას. და-ძმებმა დიდად გაიხარეს ერთმანეთთან ურთიერთობით, რადგან ომის გამო დიდი ხნის მანძილზე არ შეეძლოთ ერთად შეკრება. კონგრესზე 302 დელეგატი იყო ჩამოსული 32 ქვეყნიდან. ბოლო დღეს ძმა ნეითან ნორმა წარმოთქვა მოხსენება, სახელწოდებით „მშვიდობის მთავარი“.

მუნიციპალურ სტადიონზე გარედან გაკრული პლაკატი, წარწერით: „მშვიდობის მთავარი“, რაც ძმა ნეითან ნორის მიერ წარმოთქმული საჯარო მოხსენების სათაური იყო.

კონგრესი წარმატებით დასრულდა, თუმცა მას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. ხელმძღვანელი ძმები პირველივე დღეს დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ: მუნიციპალიტეტის აუდიტორიის ადგილები მალევე შეივსო, არადა ჯერ კიდევ ბევრი იყო მისასვლელი. ძმებს ახლომდებარე სტადიონიც დასჭირდებოდათ, ყველა დამსწრეს რომ ჰქონოდა ადგილი საღამოს პროგრამაზე, რომელიც 19:45-ზე იწყებოდა. მაგრამ სტადიონზე იმავე საღამოს ბეისბოლის ორი თამაში იყო დაგეგმილი და ბოლო თამაში 18:30-ზე მთავრდებოდა.

მეორე თამაში დროს ჭექა-ქუხილი დაიწყო და მაყურებლებს ნაადრევად მოუწიათ სტადიონის დატოვება. თუმცა მალევე გამოიდარა, რამაც 50 000 იეჰოვას მოწმეს საშუალება მისცა, სტადიონზე მისულიყო და პროგრამის საღამოს ნაწილს დასწრებოდა.

ძმა ნორი აცხადებს წიგნის, „დაე მართალი იყოს ღმერთი!“, გამოცემას.

კონგრესზე გამოცხადდა, რომ გამოიცა ახალი ჟურნალი, „გამოიღვიძეთ!“; აგრეთვე ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ახალი სახელმძღვანელო „დაე მართალი იყოს ღმერთი!“. ძმა ნორმა ისიც გამოაცხადა, რომ დაგეგმილი იყო ბრუკლინში (ნიუ-იორკი, აშშ.) მდებარე სტამბისა და ექვს ქვეყანაში არსებული ფილიალების გაფართოება.

ღონისძიების მთავარი მოვლენა ნათლობა იყო. მთლიანობაში 2 602 ადამიანი — 903 ძმა და 1699 და — მოინათლა ერის ტბაზე. კონგრესზე წარმოდგენილი იყო სანიმუშო ჩვენება იმისა, თუ როგორ ჩატარდებოდა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისა და „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ შეხვედრები. ამასთანავე, შესრულდა მუსიკა ორკესტრის მიერ, რომელიც 160 მუსიკოსისგან შედგებოდა.

და-ძმები ემზადებიან ნათლობისთვის.

ეს კონგრესი იქცა მომავალი კონგრესების ნიმუშად. მაგალითად, იმ დროს ჩამოყალიბდა თავმჯდომარის ბიურო, პირველადი დახმარებისა და დაკარგული ნივთების განყოფილებები. აგრეთვე, მომწესრიგებლებისა და აპარატურაზე პასუხისმგებელი ძმების ჯგუფები.

ძმა რონ ლითლი, რომელიც ახლა უხუცესად მსახურობს მაკისპორტის კრებაში (პენსილვანია, აშშ), 11 წლის იყო, როცა მამასთან და ძმასთან ერთად ამ კონგრესს დაესწრო. სამივეს მამის სატვირთო ავტომობილში ეძინა რვა დღის განმავლობაში.

ძმა ლითლს კარგად ახსოვს ის მომენტი, როცა გამოცხადდა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემა. „ყველანი სიხარულით დავრბოდით აქეთ-იქით და ხელში „გამოიღვიძეთ!“-ები გვეჭირა. თუ ჟურნალი ვინმეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა, ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მალე მიეცა მისთვის ახალი პუბლიკაცია“, — იხსენებს ის.

ძმა ლითლი ახლა 86 წლისაა, მაგრამ კარგად ახსოვს, როგორი მოწიწება დაეუფლა, როცა ამდენი მოწმე ერთად ნახა შეკრებილი. „მახსოვს, როგორ ვნატრობდი, რომ ეს დღეები არასდროს დამთავრებულიყო, იმდენად კარგი იყო ყველაფერი“, — ამბობს ძმა ლითლი.

მთელი გულით ვემადლიერებით იეჰოვას, რომ გვაკურთხა „წმინდა შეკრებებით“ (ლევიანები 23:2).

 

იეჰოვას მოწმეთა თეოკრატიული კონგრესის პროგრამა, რომელიც კლივლენდში, 1946 წლის 4—11 აგვისტოს, გაიმართა.

ორი ავტომობილი, რომელთა სახურავებზე დამონტაჟებული იყო ხმის გამაძლიერებლები და რომელზეც გაკრული იყო პლაკატი წარწერით: «წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკი“ და „ნუგეში“». ავტომობილის კარზე გაკრული პლაკატი ხალხს იწვევს მოხსენების მოსასმენად, რომლის სათაურია „მშვიდობის მთავარი“.

ორი გოგონა დედასთან ერთად მანქანის წინ დგას. გოგონებს ხელში უჭირავთ „გამოიღვიძეთ!“-ის პირველი ნომერი, რომელიც გამოიცა 1946 წლის კონგრესზე, სახელწოდებით „ბედნიერი ხალხი“. დედას კი უჭირავს გაზეთ „მაცნის“ ნომერი, რომელსაც გამოსცემდა ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“.

ერთი ძმა სურათს იღებს თავის ორ შვილთან ერთად. მათ ავტომობილზე გაკრულია პლაკატი საჯარო მოხსენების სათაურით, „მშვიდობის მთავარი“.

1946 წლის თეოკრატიული კონგრესი, სახელწოდებით „ბედნიერი ხალხი“. დელეგატები დგანან სამქადაგებლო მსახურების დახლთან.

ძმები დელეგატებს საკვებს უმზადებენ.

დელეგატები სადილობენ კაფეტერიაში.

კონგრესზე დამსწრეთა დიდ ჯგუფს ხელში უჭირავს ახლად გამოცემული წიგნის, სახელწოდებით „დაე მართალი იყოს ღმერთი!“, ეგზემპლარები.

საკონგრესო ტერიტორიის გარეთ დგანან და-ძმები, რომელთაგან მრავალი წარსულში რწმენის გამო იყო დაპატიმრებული. მათ შორისაა ძმა დანიელ სიდლიკი (წინა რიგი, მარჯვნივ ბოლოს), რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მსახურობდა.

ნათლობის მსურველები სხედან წინა რიგებში.

ზემოდან გადაღებული ნათლობის კადრი ერის ტბასთან.