2018 წლის 29 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ყირიმში რუსმა ჯარისკაცებმა რეიდები ჩაატარეს იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში
2018 წლის 15 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 200-მა ჯარისკაცმა ჩხრეკა ჩაატარა იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში ყირიმში.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯარისკაცების თავდასხმით გამოწვეული შიშისა და უკიდურესი სტრესის გამო ორ მოწმეს კინაღამ გულის ინფარქტი დაემართა და საჭირო გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა. ამავე მიზეზით, ერთ დას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.
რეიდის დროს ოფიცრებმა ფიზიკური ძალა იხმარეს 78 წლის ალექსანდრ ურსუზე. იგი იარაღის მუქარით კედელთან მიაყენეს, შემდეგ ძირს დააწვინეს და ხელბორკილები დაადეს. გარდა ამისა, პოლიციამ დაკითხა კიდევ რამდენიმე მოწმე.
ამ მომენტისთვის, ძმა სერგეი ფილატოვს (სურათი მარჯვნივ) სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულში ედება ბრალი. უფლებამოსილმა პირებმა მას აღნიშნული ბრალდებები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი ქვეპუნქტის საფუძველზე წაუყენეს. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი მოქმედებს ყირიმის ნახევარკუნძულზეც. 47 წლის სერგეი ფილატოვი, რომელიც ოთხი შვილის მამაა, პირველი იეჰოვას მოწმეა, რომელსაც ყირიმში მოქმედი რუსეთის ანტიექსტრემისტული კანონის საფუძველზე წაუყენეს ბრალი.
მთელ საძმოს გულთან ახლოს მიაქვს მსგავსი შემთხვევები; ჩვენ ჩვენს ღმერთს შევყურებთ და გვჯერა, რომ ის გაგვაძლიერებს და მოგვცემს გაბედულებას ამ სირთულეებით სავსე ბოლო დღეებში (ესაია 41:10).