2022 წლის 28 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
რუსეთსა და ყირიმში დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების რიცხვი 100-ს აჭარბებს
2022 წლის 26 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთსა და ყირიმში 106 ძმა და 4 და იმყოფება ციხეში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში თავიანთი მრწამსის გამო. 44 წლის ძმა დიმიტრი დოლჟიკოვი მე-100 იეჰოვას მოწმეა, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი. დიმიტრი 2022 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რადგან ის ესწრებოდა კრების შეხვედრებს და თავის მრწამსზე სხვებს ესაუბრებოდა. მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა, დაახლოებით 350 მოწმეს მოუწია ციხეში გარკვეული პერიოდის გატარება.
პოლიციამ ჩელიაბინსკში დიმიტრის სახლში რეიდი მოაწყო, რის შემდეგაც ის დააკავეს. 2 დღის შემდეგ კი ნოვოსიბირსკში, თავისი სახლიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრის მოშორებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დიმიტრისთან ერთად იზოლატორში 12 ადამიანი იმყოფება. დიმიტრის მეუღლეს, მარინას, ქმრის მონახულების უფლებას არ აძლევენ, ამიტომ მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია წერილების მეშვეობით აქვთ.
მარინა ამბობს: „როდესაც დიმიტრი დააკავეს, ვერ ვიძინებდი, ამიტომ კრებიდან მეგობრები თავისთან მეპატიჟებოდნენ ღამის გასათევად. ეს ჩემთვის უდიდესი დახმარება და მხარდაჭერა აღმოჩნდა. აშკარაა, იეჰოვა დიმიტრიზეც ზრუნავს, რადგან ის კვლავაც დადებით განწყობას ინარჩუნებს“.
რუსეთი ჩვენ და-ძმებს ბრალს უყენებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის საფუძველზე, რომელიც ექსტრემისტულ საქმიანობას ეხება. 57 წლის ანა საფრონოვასაც ამ მიზეზით აქვს მისჯილი 6-წლიანი პატიმრობა. ეს არის ჩვენი დებისთვის გამოტანილი ყველაზე ხანგრძლივი სასჯელი.
რუსეთის მიერ დიმიტრის დაპატიმრება კიდევ ერთი სამარცხვინო ქმედებაა, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ის 5 წელზე მეტია, მაინც აგრძელებს იეჰოვას მოწმეების შევიწროებას. როცა 2017 წელს უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალა, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აიკრძალებოდა მხოლოდ იურიდიული პირები და არა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური საქმიანობა. თუმცა ყველაფერი საწინააღმდეგოდ მოხდა. დღემდე 308 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული დაახლოებით 700 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, 1 851 სახლში მოეწყო რეიდები.
ვლოცულობთ დიმიტრისთვის და ყველა იმ და-ძმისთვის, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან. გვჯერა, იეჰოვა კვლავაც მისცემს თითოეულს მოთმინების ძალას (მათე 24:13).