არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 8 იანვარი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

სამეფოს ცნობის გავრცელების 2020 წლის კამპანია — „დაუვიწყარი მოვლენა“, რომელმაც მსოფლიო საძმო გაამხნევა“

სამეფოს ცნობის გავრცელების 2020 წლის კამპანია — „დაუვიწყარი მოვლენა“, რომელმაც მსოფლიო საძმო გაამხნევა“

2020 წლის ნოემბერი არასოდეს დაავიწყდებათ იეჰოვას მოწმეებს. მომაკვდინებელმა პანდემიამ უმეტესობა სახლებში გამოგვკეტა. სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვეული მეთოდებით დროებით შეჩერდა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას ხალხმა წარმატებით ჩაატარა სამეფოს ცნობის გავრცელების მსოფლიო კამპანია. მთელ მსოფლიოში მილიონობით და-ძმა გულმოდგინედ იყო ჩართული ამ ღონისძიებაში. ისინი 2020 წლის №2 „საგუშაგო კოშკს“ სთავაზობდნენ ბიზნესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, ნათესავებსა და სხვებს. ეს ღონისძიება გამამხნევებელი აღმოჩნდა სასიხარულო ცნობის მოსასმენად განწყობილი ადამიანებისთვის. გარდა ამისა, მან დიდი სიხარული მოჰგვარა და ძალები განუახლა კამპანიაში ჩართულ ყველა მაუწყებელს.

ქვემოთ მოცემულია კამპანიის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი რამდენიმე საინტერესო შემთხვევა და და-ძმების შთაბეჭდილებები:

ავსტრალაზია

და ლუსინა ფურკინი

თვრამეტი წლის ლუსინდა ფურკინმა, ახალმონათლულმა დამ ავსტრალიიდან, მოგვწერა: „შუა კამპანიის დროს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა, თუმცა ვგრძნობდი, როგორ მამხნევებდა იეჰოვა; თითქოს ჩემი ხელი ეჭირა და მოთმინებისთვის საჭირო ძალას მაძლევდა“.

ახალ ზელანდიაში მცხოვრებმა ერთმა ძმამ გაგვიზიარა, როგორ დაეხმარა კამპანია მის ოჯახს. ის გვიყვება: „მე და ჩემი მეუღლე ოთხ ქალიშვილს ვზრდით. ისინი 7, 9, 11 და 13 წლისანი არიან. ჩვენთვის ეს მსოფლიო კამპანია მზრუნველი მამის, იეჰოვას, მიერ უშუალოდ ჩვენი ოჯახისთვის მოცემული დავალებასავით იყო. ასეთი დამოკიდებულება დაგვეხმარა, რომ მასში მონაწილეობა ყოველდღიური რუტინის ნაწილად გვექცია“.

ბოტსვანა

კაგისო და ლიდია მარუმოსებმა, რომლებიც მიმოსვლით მსახურებას ეწევიან, ჟურნალის ელექტრონული ვერსიები გაუგზავნეს თავიანთ ნათესავებს და რამდენიმე მათგანისგან სამადლობელი საპასუხო წერილებიც მიიღეს. კაგისოს ერთ-ერთმა ნათესავმა, რომელიც ექიმია, აღნიშნა, რომ ჟურნალმა ზუსტად საჭირო დროს მიუსწრო. საქმე ის იყო, რომ მის რამდენიმე პაციენტს კითხვები გასჩენოდა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით; გარდა ამისა, მისი შვილები ბოლო დროს ოკულტიზმით დაინტერესებულან. მარუმოსები დაუკავშირდნენ ამ ნათესავს და მასთან იმავე საღამოს დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ამ ქალბატონთან ბიბლიის შესწავლა ამჟამადაც ტარდება, თანაც კვირაში ორჯერ.

ძმა კაგისო მარუმო და მისი ცოლი ლიდია

კანადა

და სოროია ტომსონი

სოროია ტომსონმა, ონტარიოში მცხოვრებმა პიონერმა დამ, მოგვწერა: „კამპანია დამეხმარა, მთავარი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადამეტანა და დამენახა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ ღონისძიებამ აგრეთვე შემახსენა, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას, და რომ მას არავის დაღუპვა არ სურს. ამ ორმა ფაქტორმა გამიძლიერა სურვილი, რომ მაქსიმალურად ჩავბმულიყავი კამპანიაში“.

ბრიტანეთის კოლუმბიაში მცხოვრებმა ერთმა დამ აღნიშნა: „გადავწყვიტე, დამხმარე პიონერად მემსახურა, რათა ამ დაძაბულ პერიოდში წარმოქმნილი უარყოფითი განცდები მომეშორებინა. ამან ნამდვილად გაამართლა და ბევრად უკეთ ვიგრძენი თავი. ჩემმა გადაწყვეტილებამ ჩემს ოჯახზეც დადებითად იმოქმედა“.

კანადის ფილიალიდან მიღებული ანგარიშიდან ჩანს, რომ კამპანიამ ბევრი ოჯახის წევრები ერთმანეთთან დააახლოვა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობით ბავშვებმაც იგრძნეს, რომ მათაც შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა სამქადაგებლო მსახურებაში; ისინი წერდნენ მარტივ წერილებს ან ოჯახის წევრებს ეხმარებოდნენ კონვერტების დაწებებაში, მარკების დაკვრასა და მისამართების მოძიებაში.

ფინეთი

ცოლ-ქმარმა ტუომისტოებმა, რომლებიც მიმოსვლითი მსახურებით არიან დაკავებულნი, მოგვწერეს: «ნოემბერი ჩვენთან, ჩრდილოეთში, ყველაზე ბნელი პერიოდია. ამიტომ და-ძმებმა, განსაკუთრებით, პიონერებმა დიდად გაიხარეს კამპანიით, რომლის დროსაც „სიბნელეს“ სინათლე მოეფინა».

ძმა ტიმო ტუომისტო და მისი მეუღლე ევა

ერთმა წყვილმა ჟურნალი გაუგზავნა ნაცნობს. მალევე მათ საპასუხოდ მადლიერების წერილი მიიღეს, რომელშიც ეწერა: «დღეს ბიბლიის წიგნ „იაკობს“ ვკითხულობდი, სადაც აღნიშნული იყო, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. იეჰოვას მოწმეები ყოველთვის მიდიოდნენ ხალხთან და პირისპირ ესაუბრებოდნენ ბიბლიური საკითხების შესახებ. მათი საქმეებიდან აშკარად ჩანს, რომ მათ ცოცხალი რწმენა აქვთ».

საბერძნეთი

საბერძნეთის ფილიალის ანგარიშში ნათქვამი იყო: «ბევრი და-ძმისთვის პანდემია, შეზღუდვები და თვითიზოლაცია ძალიან დამქანცველია. ძალების განსაახლებლად მათ სწორედ რომ ასეთი კამპანია სჭირდებოდათ. მრავალმა მათგანმა ამ კამპანიას „სულიერი ოაზისი“ უწოდა».

და სუზი კონტარგირი

და სუზი კონტარგირიმ, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, დამხმარე პიონერად მსახურება გადაწყვიტა. სიზიმ აღნიშნა: «კამპანიაში მონაწილეობის წყალობით უარყოფითი ფიქრები სადღაც გაქრა. დილით კარგ ხასიათზე ვიღვიძებდი, სახლს ვალაგებდი, სადილს ვამზადებდი, მეუღლეს ყურადღებას ვაქცევდი და ამის მერე ვიწყებდი მსახურებას. ჩემი ქმარი, რომელიც არაა იეჰოვას მოწმე, ხშირად მეკითხებოდა: „დღეს არ მსახურობ?“. ის მიეჩვია იმის დანახვას, თუ როგორ ვმსახურობდი დებთან ერთად და რამხელა სიხარულს მანიჭებდა ეს».

იაპონია

და თამაკი ჰიროტამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მისწერა წერილები. ის აღნიშნავს: „წერილებით დამოწმებას იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი. მან 66 წერილი მისწერა კაცობრიობას, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. ადამიანები კითხულობენ ამ წერილებს და ამის წყალობით უახლოვდებიან ღმერთს. იეჰოვამ იცის, რამდენად კარგი შედეგები მოაქვს ამ სახის მსახურებას. ნოემბრის კამპანია ნამდვილად დაუვიწყარი მოვლენა იყო“.

და თამაკი ჰიროტა

შრი-ლანკა

დებმა მეჰარაჯა ვიჯიაიამ და იმაიანათან ამუთამ შეცდომით ერთსა და იმავე მისამართზე გაგზავნეს წერილები. ადრესატმა პირველი წერილი გაუხსნელად გადააგდო. შემდეგ მან მეორე წერილიც დაინახა და იფიქრა, რომ მასში უთუოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო, რადგან ორჯერ გაუგზავნეს. მან წაიკითხა ჟურნალი, დაურეკა ჩვენს დას და ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

მარცხნიდან მარჯვნივ: დები ეჰარაჯა ვიჯაია და იმაიანათან ამუთა

ადგილობრივი ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალის მიღების შემდეგ შრი-ლანკის ფილიალში დარეკა. მან აღნიშნა, რომ არასოდეს შეხვედროდა იეჰოვას მოწმეებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქრისტიანი იყო. ის მოხიბლული იყო ჟურნალის შინაარსით და ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული მასალით. ბოლოს ამ ქალბატონმა იკითხა: „როგორ უნდა გავხდე იეჰოვას მოწმე?“. მას მაშინვე შეუთანხმდნენ განმეორებით საუბარზე.

ამერიკის შეერთებული შტატები

ერთმა 13 წლის მაუწყებელმა, რომლის სკოლაში ხშირადაა პოლიტიკა განხილვის საგანი, მოგვწერა: „კამპანიის დახმარებით თავდაჯერებულობა მომემატა, რომ მასწავლებლების წინაშე ჩემი ნეიტრალური პოზიცია დამეცვა. ამან რწმენა ძალიან გამიძლიერა“.

და მარგიტ ჰარინგი

და მარგიტ ჰარინგსაც მსგავსი განცდები ჰქონდა. მან მოგვწერა: „აშკარად მომემატა გაბედულება და ენთუზიაზმი. თავიდან იმაზე ფიქრიც კი მაშინებდა, რომ ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან უნდა გვექადაგა. ვისწავლე, როგორ დამეცვა საკუთარი მრწამსი მშვიდად და აუღელვებლად. ეს მომავალშიც გამომადგება“.

ერთი უხუცესი ამბობს: „განსაკუთრებით მათმა მაგალითებმა გამამხნევა, რომლებიც, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, დამხმარე პიონერებად მსახურობდნენ. მათ ჰქონდათ მიზეზი, ასე არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ გამოიყენეს შესაძლებლობა და სრულად მიიღეს მონაწილეობა კამპანიაში. ისინი დიდ სიხარულს გრძნობდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ იეჰოვასა და თანაქრისტიანების მიმართ. ამის დანახვაზე ბევრი ცრემლებს ვერ იკავებდა“.

მსოფლიო მასშტაბით უამრავი მსგავსი შემთხვევა მოხდა და ბევრმა და-ძმამ გაგვიზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები, თუმცა შეუძლებელია, ყველას აქ გადმოცემა. ნამდვილად ძალიან სასიხარულოა, რომ სამეფოს შესახებ ცნობამ მილიონობით ადამიანამდე მიაღწია (იოანე 15:11).