22 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
სასიხარულო ცნობა კანადისა და შეერთებული შტატების უკიდურეს ჩრდილოეთამდე აღწევს
2023 წლის 20 მაისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ძმა მარკ სანდერსონმა ახალი დარბაზის მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა ქალაქ იკალუიტში (ნუნავუტი, კანადა). შეხვედრას ადგილზე 44 ადამიანი დაესწრო, ვიდეოკონფერენციით კი — 388. ნუნავუტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული ადგილია. მისი ფართობი დაახლოებით 1 837 000 კმ2-ს შეადგენს, სადაც 40 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, დარბაზის ასაშენებლად და-ძმებს არაერთი სირთულის გადალახვა მოუწიათ. ამ მიუდგომელ ტერიტორიაზე რომ ექადაგათ, გაბედული მაუწყებლები არ შეუშინდნენ მკაცრ კლიმატს. მათი შეუპოვრობის მაგალითს ხაზი გაესვა მიძღვნის პროგრამაში.
1976 წელს და მარგარეტ გალი მონრეალიდან (კვებეკი) 2 052 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, იკალუიტში (ნუნავუტი) გადავიდა საცხოვრებლად. ის იყო პირველი იეჰოვას მოწმე, რომელმაც ამ ვრცელ და ხრიოკ ადგილზე იქადაგა. იმავე წელს იქ ერთი სარაიონო ზედამხედველი ჰანს პინტარი და მისი მეუღლე მინერვა ჩავიდნენ ერთი კვირით, რათა მარგარეტი გაემხნევებინათ და მასთან ერთად ექადაგათ.
1983 წელს იკალუიტში იეჰოვას მოწმეების პატარა ჯგუფი ჩავიდა. მათი გულმოდგინე მცდელობის შედეგად ერთი ადგილობრივი ოჯახი დაინტერესდა და იეჰოვას მიუძღვნა თავი. ისინი პირველები იყვნენ, ვინც ამ ტერიტორიაზე მოინათლნენ. მომდევნო 20 წლის განმავლობაში სამეფოს გულანთებული მაუწყებლები არაერთხელ ჩავიდნენ ამ მიუდგომელ რეგიონში ქადაგების მიზნით. იკალუიტში პირველი ჯგუფი 2008 წელს შეიქმნა, ორი წლის შემდეგ კი იქ კრება ჩამოყალიბდა. ისინი შეხვედრებს სკოლის სპორტდარბაზში ატარებდნენ. და-ძმებმა უზომოდ გაიხარეს, როცა 2022 წლის ოქტომბერში ახალ დარბაზში გადასვლის საშუალება მიეცათ.
იკალუიტის გარდა სპეციალური პიონერები სხვა მაუწყებლებთან ერთად ნუნავუტის არაერთ დაშორებულ ტერიტორიაზე ქადაგებდნენ. მათ შორის იყვნენ ძმა ჯოელ ტერიენი და მისი მეუღლე შერილი. ისინი საქადაგებლად გადავიდნენ ბეიკერ-ლეიკში, რომელიც იკალუიტიდან 1 329 კილომეტრში მდებარეობს. ძმა ჯოელი იხსენებს: „მკაცრ კლიმატურ პირობებში მივარდნილ ადგილას ცხოვრება, რაც ხარჯებთან იყო დაკავშირებული, იოლი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა არაფერს ვნანობთ. ბეიკერ-ლეიკში ბევრი გამოეხმაურა სასიხარულო ცნობას, რაც აშკარად იეჰოვას კურთხევა იყო. ძალიან გვიხაროდა, რომ შესაძლებლობა გვქონდა, იქაურებისთვის ბიბლიური ცნობა გაგვეზიარებინა“.
ბეიკერ-ლეიკში მცხოვრები ჯოზეფ უთათნაქი სასიხარულო ცნობით დაინტერესდა. მან ძმა ჯოელთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და 2021 წელს მოინათლა. ამჟამად ჯოზეფი ბეიკერ-ლეიკში მცხოვრები ერთადერთი იეჰოვას მოწმეა. როცა გაიგო, რომ 2023 წლის მაისში იკალუიტში დარბაზის მიძღვნის პროგრამა უნდა ჩატარებულიყო, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ შეხვედრას დასწრებოდა. ნათლობის შემდეგ ჯოზეფი პირველად შეხვდა დარბაზში შეკრებილ და-ძმებს. ის აღნიშნავს: „ჩემზე ძალიან იმოქმედა ახლად აშენებული დარბაზის დანახვამ. მის მშენებლობაში ბევრმა ჩამოსულმა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც არ იყვნენ შეჩვეული აქაურ კლიმატს და პირობებს. აშკარა იყო, რომ ისინი ამისკენ იეჰოვას და მოყვასის სიყვარულმა აღძრა“.
ამჟამად კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში 4 კრებაა, სადაც 178 მაუწყებელი მსახურობს. ერთი კრება ნუნავუტში ტარდება, ორი — ჩრდილო-დასავლეთ მხარეში და ერთიც — იუკონში. ეს ტერიტორიები ქვეყნის 40 პროცენტს შეადგენს. მართალია, სუსხიანი ამინდები და გაუვალი გზები ართულებს ქადაგებას, თუმცა და-ძმები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ასეთ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხსაც მიაწვდინონ სასიხარულო ცნობა, რაც ნამდვილად დასაფასებელია (საქმეები 1:8).
ᲐᲚᲐᲡᲙᲘᲡ ᲛᲘᲣᲕᲐᲚᲘ ᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘ
ალასკა შეერთებული შტატების ყველაზე დიდი და უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე შტატია, რომელიც დაახლოებით 1 723 000 კმ2-ზეა გადაჭიმული. ალასკის ფართობი ორჯერ აღემატება ტეხასის შტატის ფართობს. ალასკაში დაახლოებით 730 000 ადამიანი ცხოვრობს. სასიხარულო ცნობა იქ პირველად 1897 წელს იქადაგეს. ამჟამად ალასკის შტატში 2 400-მდე მაუწყებელი მსახურობს 30 კრებასა და 8 ჯგუფში. ალასკის ყველაზე დიდ ქალაქში, ანკორიჯში, ათი კრება და ხუთი ჯგუფი ტარდება სხვადასხვა ენაზე, მათ შორისაა ჰმონგური (თეთრი), კორეული, რუსული, სამოური და ცენტრალურ-ალასკური იუპიკური, რომელიც ადგილობრივი ენაა. სხვა ქალაქებში, კერძოდ, ფერბენკსში, ჯუნოსა და ვასილაშიც ტარდება კრების შეხვედრები რამდენიმე ენაზე. გარდა ამისა, და-ძმები სასიხარულო ცნობას ქადაგებენ ისეთ პატარა ქალაქებშიც, როგორებიცაა ბეთელი, რანგელი და ჰაინესი.
2014 წლის აგვისტოში ორი სპეციალური პიონერი, ძმები სებაბი ლებალო და დასტინ უოტსონი გაგზავნეს ჰაინესში, რომელიც მდებარეობს ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ანკორიჯიდან 825 კილომეტრში. ერთი წლის განმავლობაში მათ 40 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს ადგილობრივებთან. ზოგიერთი მათგანი მოინათლა კიდეც. 2018 წლისთვის ჰაინესში პატარა კრება ჩამოყალიბდა. შეხვედრები ერთ-ერთ ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ტარდებოდა, 2021 წელს კი შეიძინეს შენობა, რომელიც დარბაზად გადააკეთეს. 2022 წლის სექტემბერში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა, წარმოთქვა მიძღვნის მოხსენება, რომელსაც ადგილზე 48 ადამიანი ესწრებოდა, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით კი — 86. ამ კრების 21 მაუწყებელი სასიხარულო ცნობას ჰაინესსა და სხვა დაშორებულ ადგილებში ქადაგებს.
2022 წელს ჰაინესში გამართული მიძღვნის პროგრამის შემდეგ ძმა სებაბიმ აღნიშნა: „რვა წლის წინ, როცა აქ ჩამოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე მოკლე პერიოდში აქ კრებაც იქნებოდა და დარბაზიც. სასიხარულოა იმის დანახვა, რომ იეჰოვა ასეთ შორეულ ტერიტორიებზეც კი ხდის შესაძლებელს, ყველანაირმა ადამიანმა გაიგოს მის შესახებ“ (1 ტიმოთე 2:4).