2019 წლის 14 ნოემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
სპეციალური კამპანია არაბულ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის ავსტრიასა და გერმანიაში
2019 წლის 31 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით 19 ქვეყნიდან ჩამოსულმა იეჰოვას მოწმეებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ კამპანიაში, რომელიც არაბულ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის გაიმართა ავსტრიასა და გერმანიაში. კამპანიის განმავლობაში 1 782-მა მაუწყებელმა ქადაგების საქმეს მთლიანობაში 40 724 საათი დაუთმო; მათ 4 483-ჯერ აჩვენეს ვიდეორგოლები და 24 769 ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაცია გაავრცელეს.
ბოლო რამდენიმე წელიწადში ავსტრიასა და გერმანიას ერთ მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რომელთა უმეტესობა არაბულენოვანი ქვეყნებიდანაა. ბევრ მათგანს არც კი სმენოდა ბიბლიიდან მანუგეშებელი ცნობის შესახებ. ავსტრიასა და გერმანიაში მცხოვრებ 1 108 მაუწყებელს, რომლებიც არაბულენოვან ტერიტორიაზე მსახურობენ, სამქადაგებლო საქმეში დაეხმარნენ კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეები. მთლიანობაში მათ 24 რეგიონში იქადაგეს, მათ შორის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ბერლინი, კელნი, დრეზდენი, ფრანკფურტი, გრაცი, ჰამბურგი და ვენა.
ერთმა ადგილობრივმა ძმამ აღნიშნა: „ვერც კი წარმოვიდგენდით, ეს კამპანია ასეთ დადებით გავლენას თუ მოახდენდა ჩვენზე. სტუმრად ჩამოსულმა ძმებმა უფრო მეტი სტიმული მოგვცეს, რის გამოც ძალიან ვემადლიერებით მათ. მთელი გულით ვაფასებთ, რომ სპეციალურ კამპანიაში მონაწილეობის პატივი გვხვდა წილად“.
იეჰოვას მოწმეების შეხვედრაზე დასწრების შემდეგ არაბულენოვანი ქვეყნიდან ჩასულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ ძმას აღტაცებით ჰკითხა: «იცი, გერმანულად რას ნიშნავს სიტყვა „mahabba“?».
ძმამ უპასუხა: „Liebe!“ (სიყვარული).
„კი, — მიუგო ახალგაზრდამ, — სწორედ ეს ვიგრძენი დღეს თქვენთან! ყველამ გულთბილად მიმიღო; მესალმებოდნენ და ხელს მართმევდნენ. შევამჩნიე, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან. ყველა თქვენსავით რომ იქცეოდეს, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა“.
კიდევ ერთმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეების შესახებ თქვა: „თქვენ შესანიშნავად იცით, როგორ მოეპყროთ ადამიანებს კეთილად; მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოება ხართ“.
ერთმა არაბულენოვანმა წყვილმა, რომელიც დაახლოებით ერთი წელია გერმანიაში ცხოვრობს, ძმები ჩაიზე შეიპატიჟა. ძმებმა მისვლის მიზეზი აუხსნეს. ცოლმა ჰკითხა: „თქვენ იეჰოვას მოწმეები ხართ?“. ძმები დაეთანხმნენ. გახარებულმა ქალბატონმა ასეთი სიტყვები თქვა: „დაუჯერებელია! უკვე თვეებია გეძებთ. მატარებლის მთავარ სადგურზეც კი წავედი თქვენ სანახავად. ახლა კი აქ ხართ. თქვენ თვითონ მოხვედით. ნამდვილად ღმერთმა გამოგგზავნათ!“.
იეჰოვამ დიდად აკურთხა იმ და-ძმების გულმოდგინება, რომლებმაც სპეციალურ კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა, რათა ბიბლიური იმედით ენუგეშებინათ „ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19).