2018 წლის 24 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ტაიფუნ „მანგჰუტის“ შედეგები
რამდენიმე დღის განმავლობაში ტაიფუნი „მანგჰუტი“ მძვინვარებდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია იმ ფილიალებმა მოგვაწოდეს, რომლებიც სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებზე ზრუნავენ.
მიკრონეზია: 2018 წლის 10 სექტემბერს ტაიფუნი „მანგჰუტი“ თავს დაატყდა კუნძულ როტას, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებიდან ერთ-ერთს. ასეთი ძლიერი ქარიშხალი კუნძულ როტას 2002 წლის შემდეგ არ უნახავს. საბედნიეროდ, არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაზარალებულა. კუნძულზე მდებარე ერთადერთი სამეფო დარბაზიც უვნებლად გადარჩა. მხოლოდ ერთ ძმას მოუწია დროებით სხვაგან გადასვლა, სანამ მის სახლს სარემონტო სამუშაოებს ჩაუტარებენ. კუნძულს ახლახან სარაიონო ზედამხედველი ეწვია და და-ძმები გაამხნევა.
ფილიპინები: 2018 წლის 15 სექტემბერს ტაიფუნმა „მანგჰუტმა“ (ადგილობრივად ცნობილია „ომპონგის“ სახელით) მეწყერი გამოიწვია კაგაიანის პროვინციაში. წელს „მანგჰუტი“ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყო ფილიპინებზე. დაღუპულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია.
სამწუხაროდ, ქარიშხლის შედეგად ბენგეტში ერთი ჩვენი და დაიღუპა და ოთხი ძმა დაზარალდა. თავდაპირველი მონაცემებით, დაზიანებულია ჩვენი და-ძმების 938 სახლი, 15 კი მთლიანად დანგრეულია. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 28 სამეფო დარბაზი, აქედან ერთი, მეწყერმა მთლიანად მიწასთან გაასწორა. და-ძმების ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ საჭიროებებზე ზრუნავს ბაგიოში, კაუაიანში, ლაოაგში და ტუგეგარაოში არსებული სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ოთხი კომიტეტი. გამხნევების მიზნით უახლოეს დღეებში ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი მოინახულებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და-ძმებს.
ჰონგ-კონგი: 2018 წლის 16 სექტემბერს ქარიშხალ „მანგჰუტის“ შედეგად ქალაქ ჰონგ-კონგში მეწყერი ჩამოწვა, რამაც ფილიალის ადმინისტრაციული შენობისა და საცხოვრებელი კომპლექსის მცირედი დაზიანებები გამოიწვია. მნიშვნელოვნად დაზიანდა მოწმეების ორი სახლი; ერთს ხე დაეცა, მეორეს კი ქარიშხალმა სახურავი ახადა. რამდენიმე სახლი წყალმა დააზიანა. სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს, რომ ჰონგ-კონგში მცხოვრებ და-ძმებს პირველადი დახმარება გაეწიოთ.
გულწრფელად გვაღელვებს ტაიფუნ „მანგჰუტის“ შედეგად დაზარალებული და-ძმების მდგომარეობა და ვლოცულობთ მათთვის. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ჩვენი თანაქრისტიანები მთელი მონდომებით ეხმარებიან გასაჭირში მყოფ და-ძმებს. ჩვენი გაერთიანებული სულიერი ოჯახი ნამდვილი კურთხევაა იეჰოვასგან (იგავები 17:17).