2021 წლის 23 ივლისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
უკვე ოთხმოცდაათი წელია, იეჰოვას მოწმეები გვქვია
1931 წლის 26 ივლისს კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი, აშშ) გამართულ კონგრესზე კვირა დღეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა, ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა 15 000-ზე მეტ დამსწრეს მიმართა. პროგრამის ზოგიერთი ნაწილი 450-ზე მეტი რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცემოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთდროულად ამდენი რადიოსადგურით გადაიცემოდა პროგრამა. მოხსენების დროს ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა ისტორიული მნიშვნელობის რეზოლუცია წარადგინა, სათაურით „ახალი სახელი“. რეზოლუციაში ეწერა: «გვსურს, რომ გვიცნობდნენ სახელით „იეჰოვას მოწმეები“» (იხილეთ ჩარჩო „რეზოლუცია“). აღფრთოვანებულმა მსმენელმა ხმამაღლა დაიძახა: „დიახ!“ და მქუხარე ტაშის ხმა გაისმა.
ძმა ართურ უორსლი, რომლის ბიოგრაფიაც 1986 წელს გამოქვეყნდა, ამ მოვლენის შესახებ ამბობს: „არასდროს დამავიწყდება შეძახილები და მქუხარე აპლოდისმენტები, რომელიც აზანზარებდა შეხვედრის ადგილს“.
სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ზოგმა და-ძმამ ეს რეზოლუცია რადიოს მეშვეობით მოისმინა. ავსტრალიაში მცხოვრები ერთი წყვილი, გვარად ბარბერები, იხსენებენ: „როცა ამერიკაში ტაშის გრიალი გაისმა, მელბურნელი ძმები წამოხტნენ და თვითონაც დაიწყეს ტაშისკვრა“. იაპონიაშიც მოისმინა ერთმა პატარა ჯგუფმა ეს რეზოლუცია. ერთი და სახელად მაცუ იში წერს: „ჩვენც ამერიკელ და-ძმებთან ერთად ვხარობდით“.
ზოგის თქმით, ქალაქ კოლუმბუსში მეწარმეებმა ბიბლიის მკვლევრების მისასალმებლად გაკეთებული აბრები შეცვალეს და დააწერეს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, იეჰოვას მოწმეებო!“. 1931 წლის 28 ივლისს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გაზეთი „მაცნე“ გამოსცა სპეციალურად ოჰაიოში გამართული საერთაშორისო კონგრესისთვის. ამ გაზეთში პირველად დაიბეჭდა სახელი „იეჰოვას მოწმეები“.
კონგრესის შემდეგ დიდი სამქადაგებლო კამპანია ჩატარდა, რომლის დროსაც ვავრცელებდით ბუკლეტს „სამეფო — კაცობრიობის იმედი“. ბუკლეტში მოცემული იყო ჩვენს ახალ სახელთან დაკავშირებული რეზოლუცია. სულ რაღაც ორთვე-ნახევარში გავრცელდა ამ ბუკლეტის ხუთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ის ძალიან ბევრ რელიგიურ თუ პოლიტიკურ ლიდერსა და ბიზნესმენს გადაეცა.
ძმა მარტინ პოეტზინგერი ასეთ რამეს იხსენებდა: «გაკვირვებული სახეებით გვიყურებდნენ, როცა კართან მივდიოდით და ვეუბნებოდით: „დღეს თქვენთან მოვედი, როგორც იეჰოვას მოწმე“. ისინი თავს აქნევდნენ და გვეკითხებოდნენ: „მაგრამ თქვენ ხომ ისევ ბიბლიის მკვლევრები ხართ?“» (იხილეთ ჩარჩო „ღვთის სახელი სავიზიტო ბარათზე“). როგორც ძმა პოეტზინგერის სიტყვებიდან ვიგებთ, წლების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ის ასეთ რამეს წერს: «საოცარი ცვლილებაა! ხმის ამოღებას ვერ ვასწრებ, რომ ხალხი მეკითხება: „შენ იეჰოვას მოწმე ხარ, არა?!“».
ძმა ალექსანდრე მაკმილანმა, რომელიც 1931 წელს გამართულ კონგრესს დაესწრო, მოგვიანებით თავისი აზრი გამოთქვა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით: „ჩემი აზრით, ეს არაჩვეულებრივი ცვლილება იყო, რადგან ეს სახელი ეუბნებოდა ხალხს, რა საქმეს ვასრულებდით და რა მიზანი გვქონდა. მანამდე ბიბლიის მკვლევრების სახელით გვიცნობდნენ და ჩვენ მართლაც ბიბლიის მკვლევრები ვიყავით. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნიდანაც შემოგვიერთდა ხალხი, ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრების სახელით გავხდით ცნობილი. ახლა კი იეჰოვას მოწმეები ვართ. ეს სახელწოდება საზოგადოებას ზუსტ წარმოდგენას უქმნის იმაზე, თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ“.
დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეამაყება, რომ „იეჰოვას მოწმე“ ეწოდება (ესაია 43:10—12).