არჩეულ მასალაზე გადასვლა

უკრაინელი და-ძმები სხვადასხვა ქვეყანას აფარებენ თავს.

2022 წლის 9 ივნისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

უკრაინელი და-ძმების ახალი ცხოვრება სხვა ქვეყნებში

უკრაინელი და-ძმების ახალი ცხოვრება სხვა ქვეყნებში

ირინა მაკუხა ჩეხეთის რესპუბლიკაში

საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ერთმა დაუქორწინებელმა 46 წლის დამ, ირინა მაკუხამ, ხარკოვის რკინიგზის სადგურს მიაშურა. მან თავისივე უსაფრთხოებისთვის ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. მატარებლის სადგურზე დიდი ქაოსი იყო. ხალხი ისე ადიოდა მატარებელში, რომ არც კი იცოდა, სად მიდიოდა. იმ მატარებელს, რომლითაც ირინა მგზავრობდა, უსაფრთხოების მიზნით ფანჯრები დაბურული ჰქონდა. მხოლოდ სადგურის დატოვების შემდეგ გაიგო ირინამ, რომ მატარებელი სლოვაკეთში მიემართებოდა.

2022 წლის 3 მარტს ირინა ჩეხეთში გადავიდა და ქვეყნის დედაქალაქში, პრაღაში, ჩავიდა. მან იქ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და ორ უკრაინელ დასთან ერთად ბინაც იქირავა. ირინა ჩეხური ენის შესწავლას შეუდგა და კვლავ განაგრძო სრული დროით მსახურება, რომელსაც თავისი ცხოვრების 20 წელი მიუძღვნა.

ის ამბობს: „საკუთარი თვალით დავინახე, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე თავისივე მსახურების მეშვეობით. ამის შემხედვარეს კიდევ უფრო გამიძლიერდა რწმენა“.

თითქმის 23 000-მა და-ძმამ პირადად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვა ქვეყნებს შეაფარეს თავი, მაინც ხვდებიან გარკვეულ სირთულეებს. მათ სჭირდებათ სამსახური, სახლი და იურიდიული დოკუმენტები. გარდა ამისა, ბავშვებისთვის უნდა მოძებნონ ახალი სკოლა და ისწავლონ ახალი ენა. ამ ცვლილებებს რომ შეეგუონ, ყველაზე მეტად ჩვენს თანაქრისტიანებს კარგი სულიერი განრიგი და მოსიყვარულე საძმო ეხმარება.

ანატოლი, ოლენა და ალინა რუმინეთში

2022 წლის 6 მარტს პერსეაკების ოჯახის სამი წევრი, ანატოლი, ოლენა და 17 წლის ალინა, რუმინეთში გადავიდა, რადგან მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მიკოლაივის ოლქი დაიბომბა. ანატოლი მოლდოვის მოქალაქეა, ამიტომ უფლება მისცეს, რომ ოჯახი რუმინეთში გადაეყვანა. ოლენა ამბობს: „სხვა ქვეყანაში გადმოსვლა არც ისე მარტივია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ ხე ფესვებიანად ამოგლიჯო და სხვაგან გადარგო“.

რუმინელი ძმების დახმარებით პერსეაკების ოჯახს ახლა საკუთარი ბინა აქვს. გარდა ამისა, ანატოლიმაც და ოლენამაც იპოვა სამსახური, მათმა გოგონამ კი ონლაინ დაასრულა სასწავლო წელი უკრაინაში.

რუმინელი და-ძმები პერსეაკების ოჯახს სულიერად და ემოციურადაც უდგანან მხარში. ისინი ხშირად ატარებენ მათთან ერთად დროს, თავი მარტოდ რომ არ იგრძნონ უცხო ქვეყანაში. რაც შეეხება რუმინულის შესწავლას, ანატოლიმ იცის ეს ენა, თუმცა ოლენა და ალინა „jw ენების“ აპლიკაციით ეუფლებიან რუმინულს. ისინი ადგილობრივ და-ძმებთან ერთად სამქადაგებლო საქმეშიც აქტიურად არიან ჩართულნი.

ანატოლი აღნიშნავს: „პირველივე წუთიდან ვიგრძენით იეჰოვას მზრუნველობა. მან თავისი სიყვარული ორგანიზაციის და თანაქრისტიანების მეშვეობით გვაგრძნობინა“.

ვლადისლავ ჰავრილიუკი და დედამისი, ალინა, პოლონეთში

37 წლის ერთი ჩვენი ქვრივი და, ალინა ჰავრილიუკი, და მისი 16 წლის ვაჟი, ვლადისლავი, 27 თებერვალს ქალაქ ვინიციიდან (უკრაინა) სუვალკიში (პოლონეთი) ჩავიდნენ. ის ამბობს: „მაფიქრებდა, სად ვიცხოვრებდით მე და ჩემი შვილი და როგორ გავიტანდით თავს. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა იზრუნებდა ჩვენზე“.

ალინამ ისეთი სამსახური მოძებნა, რომელიც კრების შეხვედრებზე დასწრებაში ხელს არ შეუშლიდა. მან სკოლაში დაიწყო დამლაგებლად მუშაობა. ალინა აღნიშნავს: „ეს სამსახური შესაძლებლობას მაძლევს, რომ ოჯახიც შევინახო და მსახურებაშიც სრულად მივიღო მონაწილეობა“.

ალინა და ვლადისლავი პოლონურს სწავლობენ და პოლონურენოვან კრებაში განუსაზღვრელი დროით დამხმარე პიონერებად მსახურობენ. გარდა ამისა, ვლადისლავი სკოლაში სწავლას აგრძელებს.

ჩვენი უკრაინელი და-ძმები ენით აუწერელ სირთულეებს ხვდებიან, თუმცა იეჰოვა მათ აძლევს ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს 2 კორინთელების 4:8-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არ ვართ, განძრევა რომ არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ“.