არჩეულ მასალაზე გადასვლა

გასული ორი წლის განმავლობაში უსინათლო და მცირემხედველ მაუწყებლებსა და დაინტერესებულებს საშუალება მიეცათ, მოესმინათ რეგიონული კონგრესის პროგრამა აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერების თანხლებით.

2022 წლის 26 იანვარი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

უსინათლო და მცირემხედველ და-ძმებს აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერები კონგრესის გაგებას უადვილებს

უსინათლო და მცირემხედველ და-ძმებს აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერები კონგრესის გაგებას უადვილებს

წლევანდელ რეგიონულ კონგრესზე უკვე მესამედ გამოვიყენებთ აუდიო-აღწერილობით ჩანაწერებს. ვიდეოებს თან ახლავს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც დაწვრილებით აღწერს მიმდინარე კადრებს და სცენებს. ასეთი ჩანაწერები, ძირითადად, განკუთვნილია უსინათლოებისა და მცირემხედველთათვის. იეჰოვას მოწმეები დიდ შრომას ეწევიან საიმისოდ, რომ ბიბლიური ინფორმაცია ადვილად გასაგები გახადონ მთელ მსოფლიოში მცხოვრები დაახლოებით 43 მილიონი უსინათლოსა და 295 მილიონი მცირემხედველისთვის.

დოქტორი ჯოელ სნაიდერი, აუდიო-აღწერილობითი საზოგადოების პრეზიდენტი და ამავე სფეროში მოღვაწე ცნობილი ექსპერტი, აღნიშნავს: „აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ რამდენს ირჯებიან იეჰოვას მოწმეები უსინათლოებისა და მცირემხედველებისთვის. ზოგადად ძალიან იშვიათად ხდება, რომ ვიდეოებს და ფილმებს აუდიო-აღწერილობითი კომენტარები ჰქონდეთ დართული. იეჰოვას მოწმეები კი ამას დიდი გულმოდგინებით აკეთებენ, რისთვისაც ქებას იმსახურებენ“.

როცა ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პანდემიის გამო 2020 წლის რეგიონული კონგრესი ელექტრონული სახით მომზადებულიყო, პარალელურად გადაწყდა ისიც, რომ კონგრესის პროგრამისთვის თან დაერთოთ აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერებიც. 2020 წელს კონგრესის პროგრამის აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერები მსოფლიო მთავარი სამმართველოს მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებამ (აშშ, ნიუ-იორკი, უორიკი) მოამზადა. 2021 წელს კი ეს საქმე ტექნიკური რედაქტირების განყოფილებას დაევალა იეჰოვას მოწმეთა „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში (ნიუ-იორკი, პატერსონი). საქმეში დახელოვნების მიზნით აღნიშნულ განყოფილებაში მომსახურე და-ძმებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი ონლაინრეჟიმში.

დოქტორი სნაიდერი აღნიშნავს: „აღწერილობითი ჩანაწერები მაღალ დონეზე რომ მომზადდეს, საჭიროა ლაკონიურად გადმოიცეს სათქმელი და ცოცხალი, სწორად შერჩეული სიტყვები და ფრაზები იქნეს გამოყენებული“.

აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერის გაკეთების პროცესი: 1) ჯგუფი ისმენს ვიდეოს აუდიოვერსიას; 2) ჯგუფი ამზადებს ტექსტს; 3) კეთდება აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერები ტექსტის მიხედვით; 4) ჩანაწერები ეგზავნება ყველა ფილიალს სათარგმნად.

თავდაპირველად ტექნიკური რედაქტირების ჯგუფი ისმენს კონგრესის პროგრამის ამა თუ იმ ნაწილს ისე, რომ არ უყურებს ვიდეოს. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ თავი წარმოიდგინონ უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების ადგილზე. ჯგუფის წევრები იწერენ თავიანთ პირველ შთაბეჭდილებებს. შემდეგ ხელახლა უსმენენ ვიდეოს და ინიშნავენ ისეთ ადგილებს, სადაც სიჩუმეა და არავინ ლაპარაკობს. სწორედ ასეთ ადგილებშია საჭირო აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერების გაკეთება.

დიალოგებს შორის შესაფერისი აღწერილობითი ტექსტის ჩასმა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. „დიალოგიდან დიალოგამდე ინტერვალები საკმაოდ მოკლეა. ამიტომ გვიწევს, შევარჩიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები სიტუაციის გადმოსაცემად; აღვწეროთ დრო, ადგილი, პერსონაჟები და მოქმედება“, — აღნიშნავს მაიკლ მილენი, რომელიც აუდიო-აღწერილობას ამზადებს.

ამ თუ იმ სცენის აღწერის დროს პროექტზე მომუშავე ჯგუფმა თავი უნდა შეიკავოს პირადი ინტერპრეტაციებისგან. თავის წიგნში დოქტორი სნაიდერი ასეთ რჩევებს იძლევა: «საშუალება მიეცით მსმენელებს, საკუთარი წარმოსახვის უნარის გამოყენებით გააცოცხლონ სცენები თავიანთ გონებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ აღწერისას არ უნდა თქვათ პერსონაჟზე, რომ გაბრაზებული ან გაღიზინებულია. ამის ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ, რომ „მან მუშტი შეკრა“, „კბილი კბილს დააჭირა“, „ტირის“ და ა.შ.» (The Visual Made Verbal).

მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაამთავრებს ტექსტის შედგენას, იწყება აუდიოჩანაწერის გაკეთება. გამხმოვანებელმა ტექსტი მშვიდად და ნაკლები ემოციებით უნდა წაიკითხოს. მაიკლ მილენი დასძენს: „გამხმოვანებელი არ უნდა შეეჯიბროს ვიდეოს პერსონაჟებს. თუ ის მეტისმეტი ენთუზიაზმითა და ემოციებით ისაუბრებს, მსმენელი იფიქრებს, რომ ისიც ერთ-ერთი პერსონაჟია“.

ტექნიკური ჯგუფი საბოლოო სახეს აძლევს ჩანაწერებს. ამის შემდეგ ისინი ეგზავნება ყველა ფილიალს, რათა ადგილობრივ ენებზეც მოხდეს აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერების გაკეთება. ბოლო ორი წლის განმავლობაში აუდიო-აღწერილობითი ტექსტების მომზადებისას ჯგუფს სამი საათი სჭირდებოდა ყოველი იმ მონაკვეთის აღსაწერად, რომელსაც ვიდეოში მხოლოდ ერთი წუთი ეკავა.

დღეისათვის იეჰოვას მოწმეები თავიანთ ლიტერატურას 1000-ზე მეტ ენაზე თარგმნიან. ამ რიცხვში არ შედის აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერები. თუმცა ზოგი მას ცალკე ენად მიიჩნევს. „აუდიო-აღწერილობითი ჩანაწერები უსინათლოებისთვის გაკეთებული თარგმანია. ამ ჩანაწერების მეშვეობით ყურით ხდება იმის აღქმა, რასაც ვიდეოებში თვალი აღიქვამს“, — აღნიშნავს მაიკლი.

გვიხარია, რომ იეჰოვა არავის ტოვებს უხვი სულიერი საზრდოს გარეშე (ესაია 65:13).