2020 წლის 3 დეკემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
უფლებამოსილი პირები დადებითად ეხმაურებიან 2020 წლის კამპანიას სამეფოს ცნობის შესახებ
მიმდინარე წლის ნოემბერში მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ბიზნესის წარმომადგენლებს, ნათესავებსა და ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობდნენ 2020 წლის №2 „საგუშაგო კოშკს“. ეს კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ „საგუშაგო კოშკის“ სპეციალურ ნომერს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც უგზავნიდნენ. ფილიალებში ძმებმა უკვე არაერთი საპასუხო წერილი მიიღეს.
სიერა-ლეონეში მიწის, დასახლებისა და სოფლის განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა რექს ბონაფამ, სამადლობელი წერილი მისწერა ჩვენს ძმებს. წერილში ეწერა: „არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რაოდენ შემეცნებითი და გამამხნევებელი იყო თქვენი ჟურნალი. მისი კითხვა უკვე ჩემი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა“.
სამოაში პრემიერ მინისტრმაც მოგვწერა სამადლობელი წერილი. ის განსაკუთრებით მოხიბლა იმან, რომ წერილში ხაზგასმული იყო „უფლის ლოცვის“ („მამაო ჩვენოს“) მნიშვნელოვნება. გარდა ამისა, სამოას სახელმწიფოს მეთაურმა, ტუიმალეალიფანო ვაალეტოა სუალაუვი II-მ, პირადად გამოხატა მადლიერება ჩვენი ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართ. მან აღნიშნა, რომ ჩვენი საქმიანობა „აცნობს ხალხს ბიბლიურ სწავლებებს, რის წყალობითაც ისინი თავიანთ ცხოვრების წესს უკეთესობისკენ ცვლიან“. მან აგრეთვე შეაქო ჩვენი და-ძმები იმისთვის, რომ დროებით შეაჩერეს დარბაზებში შეკრება და კარდაკარ ქადაგება კოვიდ-19 პანდემიის გამო.
ჩილეში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა, ოსვალდო კარტაგენა გარსიამ, აღნიშნა: „იმედია, თქვენი კამპანია უბიძგებს ჩვენი ქვეყნის უფლებამოსილ პირებს, რომ მთელი მოსახლეობისთვის საკეთილდღეო საქმეებით დაკავდნენ, განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიო ასეთ პრობლემებს ებრძვის“.
გერმანიის პარლამენტის წევრმა (დოიჩერ ბუნდესტაგი) წერილი მისწერა გერმანიაში მდებარე ცენტრალური ევროპის ფილიალს, სადაც აღნიშნული იყო: „თქვენი რელიგიის შესახებ აქამდეც კარგად იყო ჩემთვის ცნობილი. ძალიან დიდ პატივს გცემთ, რადგან ყველასთან გაბედულად აცხადებთ, რომ იეჰოვას მოწმეები ხართ ... ისიც კარგად ვიცი, თუ რაოდენ სასტიკი დევნები გადაიტანეთ მესამე რაიხის (ნაცისტური რეჟიმი) დროს“.
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ერთ-ერთი სამინისტროს წევრებმაც გადაუხადეს მადლობა მოწმეებს იმისათვის, რომ ზრუნავენ ხალხის ნუგეშისცემაზე ამ პანდემიის პერიოდში. მათ აღნიშნეს: „ამგვარი სახით თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ერთიანობაში“.
კოლუმბიაში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საპასუხო წერილები მისწერეს ფილიალს. ორივე მათგანმა მადლიერება გამოხატა ჟურნალისთვის და აღნიშნა, რომ მას სხვებსაც გადაუგზავნიდნენ. გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმაც მისწერა ფილიალს შემდეგი სიტყვები: «უღრმესი მადლობა ჟურნალ „საგუშაგო კოშკისთვის“, ვინაიდან მასში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოცემული».
ფრანკ აჩერემ, განას ელჩმა იაპონიაში, აღნიშნა: „ჟურნალი ძალიან სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან მასში ნაჩვენებია, რა გამოსავალი არსებობს იმ მრავალი პრობლემიდან, რომელთა წინაშეც კაცობრიობა დგას“.
მადლიერების სიტყვები ერთ-ერთმა ელჩმაც მოგვწერა აზერბაიჯანიდან. წერილში ეწერა: «დიდი მადლობა, რომ ჩვენს საელჩოშიც გამოგზავნეთ „საგუშაგო კოშკის“ ეს სპეციალური ნომერი. ჟურნალი დიდი ინტერესით წავიკითხე».
ჩვენც ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც ძმა ამარუ ტაშარეს, რომელიც მოზამბიკის ფილიალის საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს. მან თქვა: „ამ კამპანიამ უკვე გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს. სამეფოს ცნობამ იმ ადამიანებამდეც მიაღწია, რომელთა ნახვაც, ჩვეულებრივ, დიდ სირთულეს წარმოადგენს“.
დარწმუნებულნი ვართ, რომ კიდევ მივიღებთ მადლიერების წერილებს მათგან, „ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“ და სხვებისგან, როცა სამეფოს ცნობა მათ ყურამდეც მიაღწევს (1 ტიმოთე 2:2).