არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ვიქტორ სტაშევსკი

2021 წლის 30 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ყირიმის სასამართლო ექვსწელიწადნახევრიან პატიმრობას უსჯის ძმა ვიქტორ სტაშევსკის

ყირიმის სასამართლო ექვსწელიწადნახევრიან პატიმრობას უსჯის ძმა ვიქტორ სტაშევსკის

განაჩენი

2021 წლის 29 მარტს ქალაქ სევასტოპოლში მდებარე გაგარინსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა ვიქტორ სტაშევსკი და ექვსწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მას. ვიქტორი დაუყოვნებლივ ჩასვეს სასამართლო დარბაზში მოთავსებულ საკანში, შემდეგ კი პირდაპირ გადაიყვანეს საპატიმროში. ძმა ვიქტორი გაასაჩივრებს განაჩენს.

ზოგადი ინფორმაცია

ვიქტორ სტაშევსკი

  • დაიბადა: 1966 წელს კანსკში (კრასნოიარსკის მხარე).

  • ბიოგრაფია: 1983 წელს საცხოვრებლად სევასტოპოლში (ყირიმი) გადავიდა. 1993 წლამდე, პენსიაში გასვლამდე, მუშაობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 2002 წელს დაქორწინდა ლარისაზე. ჰყავთ ორი ქალიშვილი. ყოველთვის აოცებდა სამყაროს მოწესრიგებულობა და რთული აგებულება და სურდა, შემოქმედი გაეცნო. ბიბლიის შესწავლამ მის ცხოვრებას აზრი შესძინა. 2004 წელს მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე.

სასამართლო საქმე

2019 წლის 4 ივნისს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა სევასტოპოლში, იეჰოვას მოწმეების 10 სახლში რეიდები მოაწყვეს. ზოგან ჩხრეკა ოთხ საათამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ოფიცრებმა არ მისცეს ჩვენს ძმებსა და მათი ოჯახის წევრებს წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის უფლება. ისინი ცდილობდნენ ძმების დაშინებას; მათ საკუთრების დაზიანებით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ბინაში ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და ამ ბრალდებით დააკავებდნენ.

რეიდების შედეგად დააკავეს ძმა ვიქტორ შტაშევსკი. ის მთელი ღამე სატუსაღოში ჰყავდათ. მას ბრალად ედება „ექსტრემისტული საქმიანობის ხელმძღვანელობა“. სინამდვილეში კი მას რელიგიური შეხედულებების გამო ასამართლებენ, რაც აშკარად მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა.

ვიქტორი ამბობს, რომ ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და მასზე ფიქრი ეხმარება, არ დაკარგოს მხნეობა და სიხარული. მას განსაკუთრებით აძლიერებს ფსალმუნის 62:5—8-ში ჩაწერილი მეფე დავითის სიტყვები. თავს დატეხილ განსაცდელებთან დაკავშირებით, ვიქტორი ამბობს: „ღმერთთან ჩემი ურთიერთობა უფრო განმტკიცდა, რადგან ვგრძნობ, რომ ის მუდამ ჩემ გვერდითაა. არავისთან ვგრძნობ ისეთ სიახლოვეს, როგორც მასთან. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ იეჰოვა ხედავდა ჩემს გაჭირვებას და ჩემს სურვილს, მისი ერთგული დავრჩენილიყავი. იმაშიც ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის ჩემს დასაცავად საჭირო დროს ამოქმედდებოდა თავისი სახელის განსადიდებლად“.

ვიცით, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს და კურთხევებს არ მოაკლებს ვიქტორს, მის ოჯახს და ჩვენს საყვარელ და-ძმებს, რომლებიც იტანენ დევნებს. იეჰოვა კვლავაც იქნება მათი თავშესაფარი და ციხესიმაგრე (ფსალმუნი 91:2).