2021 წლის 30 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
შეჯამება | საბჭოთა მმართველობის დროს იეჰოვას მოწმეთა ციმბირში გადასახლებიდან 70-ე წლისთავზე კონფერენციები ჩატარდა მოლდოვაში, რუსეთსა და უკრაინაში
„ოპერაცია ჩრდილოეთის“ განხორციელებიდან 70-ე წლისთავზე აკადემიური ღონისძიებები გაიმართა ონლაინ რეჟიმში მოლდოვაში, რუსეთსა და უკრაინაში. 70 წლის წინ, 1951 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ 9 793 იეჰოვას მოწმე მატარებლით ციმბირში გადაასახლა.
ღონისძიების მსვლელობისას დამსწრეებს აცნობეს, რომ მათ შეეძლოთ შესულიყვნენ იეჰოვას მოწმეების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, 1951deport.org, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. მასზე განთავსებულია უხვი დოკუმენტური მასალა მოწმეთა ციმბირში გადასახლებასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმდროინდელი მოვლენების ანალიზი.
1-ლი აპრილი | მოლდოვის აკადემიური კონფერენცია
ბალტის ალეკუ რუსოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორმა, ლიდია პადურეაკმა, აღნიშნა: „საბჭოთა კავშირის მხრიდან 1951 წლის გადასახლება წარმოადგენდა ხალხის სადამსჯელო აქტს, რომელიც იმისკენ იყო მიმართული, რომ კომუნიზმის გარდა სხვა იდეოლოგიას აღარ ეარსება“.
აღნიშნულის მიუხედავად, როგორც ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარმა, დოქტორმა ნიკოლი ფუსტამ განაცხადა, «„ოპერაცია ჩრდილოეთმა“ თავის მიზანს ვერ მიაღწია. ... იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია არ დაშლილა, პირიქით, მათ ამის შემდეგ უფრო მეტი შემართებით განაგრძეს თავიანთი რწმენის შესახებ სხვებთან საუბარი».
დოქტორმა ვირგილუ ბირლედიანუმ, ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარმა და კონფერენციის თავმჯდომარემ, კომენტარი გააკეთა გადასახლებულ იეჰოვას მოწმეთა განწყობასთან დაკავშირებით, რომლებთანაც თავად აიღო ინტერვიუ თავისი კვლევის დროს. მან აღნიშნა: „აღფრთოვანებული ვიყავი იმ ოპტიმიზმით, რომელიც მათ თვალებში იკითხებოდა. მათ არანაირი გულისწყრომა არ ჰქონდათ იმის გამო, რისი გადატანაც საბჭოთა მმართველობის დროს მოუწიათ“.
ძმა ვიქტორ დორნიჩენკომ, რომელიც მოლდოვის ფილიალში მსახურობს, ისაუბრა, თუ როგორ მეორდება საბჭოთა რეპრესიების ისტორია დღევანდელ რუსეთში. მან აღნიშნა: „სამწუხაროდ, მათ წარსულიდან ვერაფერი ისწავლეს. 2017 წლის ზაფხულში, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რუსეთში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის, კერძოდ, 175 000 ადამიანის საქმიანობა, აიკრძალა. წინასწარშექმნილი აზრისა და იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენით, დაირღვა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება“.
1-ლი აპრილი | მოსკოვის პრესკონფერენცია
როგორც ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში გაცნობეთ, ხუთმა მკვლევარმა, ადამიანის უფლებათა ექსპერტმა, აგრეთვე ძმა იაროსლავ სივულსკიმ, იეჰოვას მოწმეთა ევროპული ასოციაციის წარმომადგენელმა, მედიასთან ისაუბრეს „ოპერაცია ჩრდილოეთთან“ და რუსეთში მიმდინარე დევნებთან დაკავშირებით. მთლიანი კონფერენცია პირდაპირი ტრანსლაციით გადიოდა ონლაინ რეჟიმში ინგლისურ და რუსულ ენებზე.
6 აპრილი | „აკადემიურ მრგვალ მაგიდას“ საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალმა“ უმასპინძლა
როგორც გაცნობეთ, ეს ღონისძიება ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მხოლოდ რუსულ ენაზე.
8 აპრილი | კიევის აკადემიური კონფერენცია
თოთხმეტი მკვლევარი ექვსი ქვეყნიდან და ძმა ივან რიგერი უკრაინის ფილიალიდან მოკლე მოხსენებებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე. კვლევის განმავლობაში რამდენიმე მათგანმა დაწვრილებითი ინტერვიუები აიღო ციმბირში გადასახლებული იმ და-ძმებისგან, რომლებიც დღეს ცოცხლები შემორჩნენ. აუდიტორიას უჩვენეს ნაწყვეტები ამ ინტერვიუებიდან.
სილესიას უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორმა, ტომაშ ბუგაიმ, აღნიშნა: „ურთულესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ბოლომდე თავიანთი ზნეობრივი და ეთიკური ფასეულობების, აგრეთვე თავიანთი მრწამსის ერთგულნი დარჩნენ. მათ გულშიც კი არ გაუვლიათ, რომ დათმობაზე წასულიყვნენ პირობების გაუმჯობესების ან საკვების მიღების გამო“. დოქტორმა ბუგაიმ იეჰოვას მოწმეებს უწოდა საკუთარი რელიგიის შენარჩუნებისთვის მებრძოლთა ფენომენი კომუნისტური რეჟიმის დროს.
პროფესორმა ლუდმილა ფილიპოვიჩმა, უკრაინის რელიგიათმცოდნეობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ ამჟამად იეჰოვას მოწმეები თავიანთ პუბლიკაციებს 36 ენაზე ავრცელებენ უკრაინაში. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მათ მსახურებას სხვებისთვისაც მოაქვს სიკეთე. „მოწმეები უკრაინაში არსებულ ბევრ სოციალურ პრობლემას აგვარებენ“, — აღნიშნა პროფესორმა. მაგალითად მან მოიყვანა ის ფაქტი, რომ მოწმეებს სმენადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებიც არ რჩებათ მხედველობიდან; მათაც ასწავლიან ბიბლიას, რომ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
ღონისძიება ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.
9 აპრილი | კიევის პრესკონფერენცია
პროფესორმა ფილიპოვიჩმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეებმა აჩვენეს, რამდენად ადვილად ერგებიან სხვადასხვა მდგომარეობას. უფრო მეტიც, მათ ეს არასახარბიელო გარემოება აქციეს თავიანთი საქმიანობის მხარდაჭერის და კიდევ უფრო გავრცელების საშუალებად. ... საბჭოთა ეპოქაში მოწმეებმა შეძლეს გარშემო მყოფთა პატივისცემის მოპოვება ბიბლიური პრინციპებისადმი ერთგულების გამოვლენით“.
პროფესორმა იგორ კოზლოვსკიმ, უკრაინის რელიგიური მეცნიერების კვლევისა და საერთაშორისო თეოლოგიური ურთიერთობების ცენტრის პრეზიდენტმა, აღნიშნა: „იმის გასაცნობიერებლად, თუ ვინ ვართ, საჭიროა, გავიხსენოთ წარსული. ... იეჰოვას მოწმეთა გადასახლება მხოლოდ გაკვრით გასახსენებელი მოვლენა არაა. ის უნდა გახდეს უკრაინის ისტორიის კუთვნილება“. შემდეგ მან დასძინა: „რელიგიის ექსპერტებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ შეწყდეს სიძულვილის ენის გამოყენება და უარყოფითი მითების გავრცელება მოწმეთა შესახებ“.
ღონისძიება ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ინგლისურ და უკრაინულ ენებზე.