არჩეულ მასალაზე გადასვლა

ციკლონ „იდაის“ გამანადგურებელი შედეგები მოზამბიკში

2019 წლის 27 მარტი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ციკლონმა „იდაიმ“ აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუარა

ციკლონმა „იდაიმ“ აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუარა

2019 წლის 14 მარტს, ხუთშაბათს, მოზამბიკს თავს დაატყდა ციკლონი „იდაი“, რომელმაც საშინელი მეწყერი გამოიწვია; ციკლონმა მალავისა და ზიმბაბვესაც გადაუარა. ციკლონი „იდაი“ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ქარიშხლად იქნა მიჩნეული დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში; დაზიანდა გზები და დაინგრა შენობა-ნაგებობები; ზიანი მიადგა 2 მილიონ 600 ათასზე მეტ ადამიანს. უკვე დადასტურებულია 200 ადამიანის სიკვდილის ფაქტი. სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის ჩვენი თანაქრისტიანებიც არიან; მოზამბიკში დაიღუპა ორი და და ორი ბავშვი, ხოლო ზიმბაბვეში — 14 წლის ძმა. ეს ძმა მაშინ დაიღუპა, როდესაც მოვარდნილმა მეწყერმა მისი სახლი წაიღო.

ციკლონმა „იდაიმ“ სერიოზულად დააზიანა ინჰამიზუას სამეფო დარბაზი მოზამბიკში

მოზამბიკის ფილიალი გვატყობინებს, რომ დაზიანდა ჩვენი თანაქრისტიანების რამდენიმე სახლი; ზიანი მიადგა ან მთლიანად დაინგრა სამეფო დარბაზებიც. ზიმბაბვეს ფილიალის ცნობით, ფილიალის ტერიტორიაზე დაზიანებულია 15 თანაქრისტიანის სახლი და 2 სამეფო დარბაზი. მალავიში, როგორც ფილიალი გვატყობინებს, 764 და-ძმის სახლი მთლიანადაა დანგრეული, 201 სახლი კი დაზიანებულია. ზიანი მიადგა აგრეთვე ორ სამეფო დარბაზს. დაზარალებულთა დახმარების გასაწევად, საერთო ჯამში, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების ექვსი კომიტეტი შეიქმნა — ორი მოზამბიკში და ოთხი მალავიში.

მალავიში ჩვენი ძმების ორ სახლს კედლების ჩამონგრევის შემდეგ ხეები შეუყუდეს ჭერის გასამაგრებლად

მთელი გულით თანავუგრძნობთ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს. ვლოცულობთ, რომ დაზარალებულმა და-ძმებმა იმედი კვლავაც იეჰოვაზე დაამყარონ და მასთან პოვონ სიმშვიდე, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ (რომაელები 15:13).